"ჩინეთი ბაშარ ასადს ახლო აღმოსავლეთში "ანტიდასავლური ღერძის" ნაწილად განიხილავს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
20-07-2021
"ჩინეთი ბაშარ ასადს ახლო აღმოსავლეთში "ანტიდასავლური ღერძის" ნაწილად განიხილავს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
რა ხდება სირიაში? ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ სირიის საკითხი საერთაშორისო მასმედიის ყურადღების ცენტრში იდგა, ახლა კი ამ ახლოაღმოსავლურ პრობლემაზე ლაპარაკი ერთგვარად მიყუჩდა. არადა, ღირს მასზე საუბარი, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ჩინეთი სირიის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ ჩართვას აპირებს.
ბრიტანული გაზეთი "თაიმსი" (The Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ჩინეთი ბაშარ ასადს ახლო აღმოსავლეთში "ანტიდასავლური ღერძის" ნაწილად განიხილავს" (ავტორი - რიჩარდ სპენსერი), რომელშიც დამასკოსთან პეკინის თანამშრომლობის საკითხებია განხილული.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხარს
უჭერს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს: ქვეყნის დანგრეული ეკონომიკის აღსადგენი პროექტის მიხედვით, სირია ერთგვარი ანტიდასავლური ღერძის ნაწილად არის წარმოდგენილი, რომელიც დამასკოდან და თეირანიდან პეკინამდე გრძელდება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი პირველი უცხოელი მაღალჩინოსანი სტუმარი გახდა, რომელიც 55 წლის ბაშარ ასადს სტუმრად ეწვია, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი
გამარჯვების შემდეგ, რომელიც 27 მაისს ჩატარდა და რომელშიც ბაშარ ასადმა, მისივე განცხადების თანახმად, ხმების 95% მიიღო. ჩინელმა სტუმარმა 17 ივლისს მონაწილეობა მიიღო ბაშარ ასადის ინაუგურაციაში, რომელსაც 600 ადამიანი ესწრებოდა - სახალხო საბჭოს (პარლამენტის) წევრები, სამხედრო ელიტის წარმომადგენლები, რელიგიური კონფესიების ლიდერები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.

"ვანმა მასპინძლებს შესთავაზა, რომ სირია ჩინურ ინიციატივაში - "ერთი გზა - ერთ სარტყელში" ჩაერთოს, რაც აზიაში და ახლო აღმოსავლეთში მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ჩადებას ითვალისწინებს. ჩინეთი, თავისი პოლიტიკურ-დიპლომატიური კაპიტალის გამოყენებით, იმედოვნებს, რომ ადგილობრივ ბაზრებში დომინირებულ როლს შეასრულებს. ჩინელი მინისტრის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დაუყოვნებლივ დაეთანხმა", - წერს ავტორი.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ბაშარ ასადმა დახმარების მიღების მიზნით თავის მოკავშირეებს - რუსეთს და ირანს მიმართა, მათ კი კრედიტის გაცემისათვის საჭირო თანხა არ აღმოაჩნდათ, ალბათ, დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების გამო, ჩინეთმა კი მზადყოფნა გამოხატა", - აღნიშნულია მასალაში.

ჩინეთის ყოფილმა ელჩმა ირანში ჰუა ლიმინმა კომენტარი გაუკეთა პეკინის ნაბიჯს და აღნიშნა, რომ ჩინეთი თავისი პოლიტიკის შედეგს იმკის - თავის დროზე პეკინმა უარი განაცხადა სირიის ომში აქტიურ ჩარევაზე (აშშ-ის საპირწონედ) და სიტუაციის განვითარებას დაელოდა. "ახლა, როცა ამერიკელი ჯარისკაცები სირიიდან გადიან და ბაშარ ასადის პრეზიდენტობის მეოთხე ვადა დაიწყო, ჩინეთი თავისი საგარეო პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც დასავლეთისაგან დამოუკიდებელია", - ამბობს ჩინელი დიპლომატი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

აკაი
24 ივლისი 2021 13:18
თავისი მოლოდინის და დროზე გათვლილი პოლიტიკის წყალობით ჩინეთი ბევრ მსოფლიო მოთამაშეებს უჯოკრავს. ნახეთ უკვე მცირე აზიაშიც იკიდებს ფეხს ბუჩქებში გარინდული ლომი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები