"თანახმა ვარ, სიკვდილით დასჯა ისევ შემოვიღოთ" - ვინ არის პერუს ახალი "ღარიბი პრეზიდენტი"? - კვირის პალიტრა

"თანახმა ვარ, სიკვდილით დასჯა ისევ შემოვიღოთ" - ვინ არის პერუს ახალი "ღარიბი პრეზიდენტი"?

მსოფლიო მასმედია ფართოდ აშუქებს პერუში გამართული არჩევნების საბოლოო შედეგებს, რომლის დროსაც გამარჯვებული ლიდერის გამოვლენა საკმაოდ გაჭიანურდა.

სოფლელი პედაგოგი პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ

20 ივლისს, საღამოს, როგორც იქნა, დიდი ხნის დავის შემდეგ პერუს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაცხადა, რომ 16 ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ღარიბი გლეხის შვილი, სკოლის ყოფილი მასწავლებელი პედრო კასტილიო. მან ხმების 50,12% მიიღო, ანუ 44 ათასით მეტი, ვიდრე მისმა კონკურენტმა ქალმა, რომელიც საკმაოდ გამოცდილ პოლიტიკოსს წარმოადგენს - კეიკო ფუჰიმორი პერუს ყოფილი სკანდალური პრეზიდენტის - ალბერტო ფუჰიმორის შვილია, რომელიც ქვეყანას 1990-2000 წლებში მართავდა.

რა ელოდება წინ პერუელებს?

გუშინ, პერუს ცესკოს შენობის წინ გამართული შეხვედრის დროს პედრო კასტილიომ განაცხადა, რომ ქვეყნის წინსვლის მთავარი ფაქტორი ხალხის ერთიანობაა. "მდიდარ ქვეყანაში ღარიბები არ უნდა იყონ", - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ მეტ ყურადღებას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას დაუთმობს. მან გამოაცხადა, რომ გააფართოებს ჯანდაცვისა და განათლების დარგების დაფინანსებას, ყველა იქნება ინტერნეტით უზრუნველყოფილი, დააწესებს გადასახადს ზემოგებაზე. გარდა ამისა, გაითვალისწინა რა მოსახლეობის განწყობები, მან აღნიშნა: "ჩვენს ქვეყანაში დამნაშავეობის დონე უჩვეულოდ მატულობს. თანახმა ვარ, სიკვდილით დასჯა ისევ შემოვიღოთ". მისი აზრით, აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება და ზოგიერთი ზედმეტად კრიტიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეზღუდვაც.

ყოფილი უსწავლელი გლეხის ბიჭის პირადი ცხოვრება

პედრო კასტილიო 1969 წელს დაიბადა პერუს კახამარკას რეგიონში, უსწავლელი გლეხის ოჯახში, იგი მესამეა 9 და-ძმიდან. უმაღლესი განათლება რეგიონის პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიღო, მოგვიანებით კი, ქალაქ ტრუხილიოს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ფსიქოლოგი-პედაგოგის წოდებაც მიენიჭა. აქტიურად მონაწილეობდა მასწავლებელთა პროფკავშირულ მოძრაობაში. პედრო კასტილიო ღრმად მორწმუნე კათოლიკეა, ეწინააღმდეგება ერთსქესიან ქორწინებებს, აბორტებს და ევთანაზიას. მისი მეუღლე ლილია პერედესიც მასწავლებელია, ჰყავთ ორი შვილი. ოჯახი პერუს ჩუგურის პროვინციაში ცხოვრობს, კახამარკას რეგიონში. ჰყავთ ძროხა, ღორი, თესავენ სიმინდს და ტკბილ კარტოფილს.

აღსანიშნავია, რომ პედრო კასტილიო ხშირად ატარებს ფართოფარფლიან ჭილის ქუდს, პონჩოს (ტრადიციულ ლათინურამერიკულ წამოსასხამს) და ძველი საბურავებისაგან შეკერილ სანდლებს (ფეხსაცმელს).

მილოცვები პრობლემების ფონზე

აშშ-მა და ვენესუელამ პედრო კასტილიოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი აშშ-სთან კავშირებს უფრო განამტკიცებს", - ნათქვამია ლიმაში არსებული აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ თავის კოლეგას და მეზობელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, "ბრძნული პოლიტიკის გატარება" უსურვა და განუცხადა, - თუ რამე გაგიჭირდება, მზად ვარ, დახმარების ხელი გამოგიწოდოო.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პერუს ახალ პრეზიდენტს ულტრამემარცხენეობის გადახრები აქვს. მისი პოლიტიკური გამოუცდელობა იმ უამრავი სერიოზული პრობლემის ფონზე, რაც პერუს წინაშე დგას, მათ შორის -  პოლიტიკური პოლარიზაციის გამწვავება, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც სულ უფრო ღრმავდება კორონავირუსის პანდემიით, კორუფციის არნახული დონით და, საერთოდ, ქვეყნის პრეზიდენტების ხშირი ცვლით, პედრო კასტილიოს სამომავლო საქმიანობისათვის ბევრ ბარიერს უქმნის.

პრეზიდენტების ართურმა: სამი პრეზიდენტი ერთ თვეში!

პერუს დიდი ხანია, უწყვეტი კორუფციული სკანდალები არყევს.

პედრო კასტილიო ბოლო სამი წლის განმავლობაში პერუს მეხუთე პრეზიდენტია. პოლიტიკურ ანეკდოტს შეიძლება მივაკუთვნოთ ის ფაქტი, რომ გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტის სავარძელში ჯდომა სამმა ადამიანმა მოასწრო. ეს მოხდა პრეზიდენტ მარტინა ვისკარის იმპიჩმენტის შემდეგ, რომელიც კორუფციაში იქნა დადანაშაულებული. იმ დღესვე იგი პარლამენტის სპიკერმა მანუელ მერინომ შეცვალა, რომელიც მეორე დღეს გადადგა დემონსტრანტების დაღუპვის გამო. შემდეგ დროებითი პრეზიდენტი პარლამენტის ახალი სპიკერი - ფრანცისკო საგასტი გახდა...

აღსანიშნავია, რომ პერუს ბოლო ათი პრეზიდენტიდან შვიდი პატიმრობაში იმყოფება ან მათ მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. კიდევ ერთმა, ალან გარსიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როცა მის დასაპატიმრებლად პოლიცია მივიდა.

პერუ მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა სპილენძის მოპოვება-გამოდნობის სფეროში. ლათინური ამერიკის ამ ქვეყანაში მოიპოვებენ, აგრეთვე, ოქროს, ვერცხლს, კალას, თუთიას და ნავთობს.

მე-16 საუკუნის შუახანებში ესპანელმა კონკისტადორებმა პერუში იმდროინდელ მსოფლიოში უდიდესი ვერცხლის საბადო აღმოაჩინეს და მას პოტოსი უწოდეს, რაც ულევი სიმდიდრის სიმბოლო გახდა. ის საბადო უკვე საკმაო ხანია, გამოიფიტა, მაგრამ პერუში დღემდე შემორჩა გამოთქმა - "პოტოსივით მდიდარია", რაც დიდი ფულის მქონე პიროვნებას ნიშნავს. თუმცა 32-მილიონიანი პერუს მოსახლების მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაღალია უმუშევრობის დონე.

და ბოლოს, ძველ პრობლემებს ახალიც ემატება: პერუში მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კორონავირუსისაგან. პანდემიის დაწყებიდან, იქ 200 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ