"ჩინეთის პოზიცია კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების მეორე ეტაპის ჩატარებასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო და სახიფათოა" - კვირის პალიტრა

"ჩინეთის პოზიცია კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების მეორე ეტაპის ჩატარებასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო და სახიფათოა"

თეთრმა სახლმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიების მეორე ეტაპის ჩატარებაზე ჩინეთის უარი "უპასუხისმგებლო" და "სახიფათო" ქმედებად შეაფასა.

"ღრმად იმედგაცრუებული ვართ. მათი პოზიცია უპასუხისმგებლო და გულწრფელად სახიფათოა. კვლავ მოვუწოდებთ ჩინეთს, უზრუნველყოს მონაცემებსა და ნიმუშებზე საჭირო წვდომა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავერკვეთ, თავიდან ავიცილოთ მომავალი პანდემია. ეს ეხება მომავალში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და უარის თქმის დრო არ არის ", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

ჩინეთი წინააღმდეგია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმის, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიების მეორე ფაზის ჩატარებას ითვალისწინებს. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შეშფოთდა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმა პირველად წაიკითხა, რადგან ის შეიცავს ჰიპოთეზას, რომ ჩინეთის მიერ ლაბორატორიული პროტოკოლების დარღვევამ კვლევის დროს ვირუსის გაჟონვა გამოიწვია. მისი თქმით, ჩინეთი კვლევის პოლიტიზირების წინააღმდეგია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპის დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციის გეგმის თანახმად, ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიებისა და ბაზრების აუდიტი უნდა ჩატარდეს.