"ალექსი წერეთელი - ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი დავიწყებული გმირი" - რას წერს ბულგარეთის გამოცემა ქართველ თავადზე - კვირის პალიტრა

"ალექსი წერეთელი - ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი დავიწყებული გმირი" - რას წერს ბულგარეთის გამოცემა ქართველ თავადზე

ბულგარულ გაზეთ "ტრუდში" (Труд) გამოქვეყნებული პუბლიკაცია სათაურით - "ალექსი წერეთელი - ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი დავიწყებული გმირი" (ავტორი - ემილ სპახისკი) ისტორიულ თემას - 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომს ეხება და მასში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებული სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი ქართველი თავადის ცხოვრებაა გადმოცემული, რომელმაც თავისი სიცოცხლე ბულგარეთს შესწირა.

"რუსეთ-თურქეთის ომში, კერძოდ, შიპკის ბრძოლაში ბევრი ადამიანი იბრძოდა, რომლებმაც ბულგარეთს თავისუფლება მოუტანეს, მაგრამ ჩვენ მათ კარგად არ ვიცნობთ. იმ ჯარისკაცებს და ოფიცრებს რუსეთის ქვეშევრდომებად ვთვლით, რადგან ისინი რუსეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვინ არიან ისინი ეროვნებით? როგორია მათი ეთნიკური წარმომავლობა? იმ პერიოდში - 1877 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უამრავი ხალხი და ერი ცხოვრობდა. ჩვენ მეტ-ნაკლებად ვიცნობთ თვითონ რუსებს, ფინელებს, მათ პატივს ვცემთ, მაგრამ განა სხვები არ ღვრიდნენ სისხლს ჩვენი თავისუფლებისათვის? რაც დრო გადის, მათი სახელები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება...", - ნათქვამია სტატიაში.

"ათასობით ქართველი განისვენებს ჩვენს მიწაზე და მათ "რუს ჯარისკაცებად" ვთვლით. მათ შორის, ბევრი თავადაზნაური იყო. ისინი იბრძოდნენ, რადგან მათი სამშობლოს ბედი ჩვენი ქვეყნის ბედს ჰგავს. ისინი იბრძოდნენ იმიტომაც, რომ ჩვენ მონათესავე სული გვაქვს, ჩვენ შავი ზღვის ტყუპი ვართ.

ჩვენს გამათავისუფლებლებს შორის არიან მეომარი ქართველები და არიან ისინიც, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით ბულგარეთის ბედში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, არამხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. ასეთია ერთ-ერთი დავიწყებული გმირი - თავადი ალექსი წერეთელი (წერეთელევი).

ახლახან, ივლისის დასაწყისში, თითქმის 150 წლის შემდეგ, ჩვენს მიწაზე ალექსი წერეთლის საქმიანობის მადლიერმა ბულგარელებმა ქართველ თავადს ბარელიეფი დაუდგეს, რომლის გახსნაში მონაწილეობა საქართველოს ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში - თამარ ლილუაშვილმაც მიიღო. დღეს, ვინც კი ქალაქ სვეტივლასში არსებულ "ხალხთა ხეივანში" დასეირნობს, შეუძლია დაინტერესდეს და "გუგლით" გაიგოს, თუ ვინ იყო ალექსი წერეთელი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ბულგარეთის ისტორიაში", - წერს სტატიის ავტორი და გაზეთის მკითხველებს ქართველი თავადის ბიოგრაფიას აცნობს.

"ალექსი წერეთელი, ქართველი პოეტის - აკაკი წერეთელის ბიძაშვილი - რუსი სახელმწიფო მოღვაწისა და დიპლომატის ოჯახში 1848 წელს დაიბადა, პენზის გუბერნიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის დროს დაინტერესებული იყო იმ ხალხების პრობლემების შესწავლით, რომლებიც ჯერ კიდევ თურქეთის ოკუპაციის ქვეშ იყვნენ. მოგვიანებით მან სწავლა გააგრძელა ლოზანაში (შვეიცარიაში). რუსეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ დეპარტამენტში და განაგებდა სამხრეთ სლავთა საქმეებს. მალე იგი ბელგრადში გადაიყვანეს რუსეთის გენერალური საკონსულოს მდივნად, ხოლო 1873 წლის დამდეგს კონსტანტინოპოლში დაინიშნა რუსეთის საელჩოს მეორე მდივნად.

თავადი წერეთელი ბულგარეთს ჯერ კიდევ 1876 წლიდან იცავდა: თურქების მიერ აპრილის აჯანყების ჩახშობის შემდეგ იგი იმ დიპლომატიური მისიის წევრი გახდა, რომელსაც ოსმალების მიერ ჩადენილი მხეცობის გამოძიება დაევალა. ერთ-ერთ თავის მოხსენებაში ალექსი წერეთელი გრაფ ნიკოლაი იგნატიევს - რუსეთის იმპერიის წარმომადგენელს ოსმალეთთან დიპლომატიურ მოლაპარაკებაში - ატყობინებდა, თუ როგორ საშინლად იყო ბულგარელთა სოფლები აოხრებულ-გაძარცვული თურქების მიერ, რამდენი ბულგარელი გაჟლიტეს...

ხოლო როცა ომი უშუალოდ დაიწყო, ქართველი თავადი მოხალისედ ჩაეწერა რუმინეთში დისლოცირებულ, გენერალ მიხეილ სკობელევის არმიაში, მონაწილეობა მიიღო ჯერ დუნაის ფორსირებაში, შემდეგ კი - ველიკო-ტირნოვოსთან გამართულ ბრძოლაში, შიპკის აღებაში გენერალ იოსებ გურკოს ორდინარეცის სახით. ალექსი წერეთელმა კარგად იცოდა ტოპოგრაფიაც და ამიტომ დიდი დახმარება გაუწია გენერალს შეტევის ორგანიზებაში.

ქართული ფესვების მქონე თავადმა წერეთელმა მონაწილეობა მიიღო სან-სტეფანოს ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში, რითაც დიდი როლი შეასრულა ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცებული ქართული მიწების ისტორიული სამშობლოსათვის დაბრუნებაში (საქართველო იმ დროს რუსეთის შემადგენლობაში იყო). იგი, ასევე, ნაყოფიერად მუშაობდა ბულგარეთის ავტონომიის სტატუსის შემუშავებაშიც, ამერიკელ დიპლომატ იუჯინ სკაილერთან ერთად.

თურქეთთან დაზავების შემდეგ ალექსი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. 1878 წლის 24 აგვისტოს იგი პლოვდივში რუსეთის იმპერიის გენერალურ კონსულად დაინიშნა, სადაც 1882 წლამდე მუშაობდა.

ალექსი წერეთელი მძიმედ დაავადდა, ამიტომ მან გენკონსულის პოსტი დატოვა და რუსეთში დაბრუნდა. იგი ერთობ ახალგაზრდა ასაკში - 35 წლისა გარდაიცვალა, 1883 წლის 16 მაისს ტამბოვის ოლქის სოფელ ლიპიაგში. "გარდაიცვალა ჩვენი დროის ერთ-ერთი ბრწყინვალე მოღვაწე... მისი ნაადრევი სიკვდილი ბულგარელი ხალხისთვის დიდი დარტყმაა", - წერდა იმდროინდელი ბულგარული პრესა.

ბულგარელმა ხალხმა ქართველი თავადის დამსახურების პატივსაცემად პლოვდივის ოლქის ერთ-ერთ სოფელს "წერეთელევო" უწოდა", - ნათქვამია გაზეთ "ტრუდის" სტატიაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ