"პუტინს შეუძლია გაზსადენის სადღეგრძელო დალიოს" - რას წერს დანიური გამოცემა?
"პუტინს შეუძლია გაზსადენის სადღეგრძელო დალიოს" - რას წერს დანიური გამოცემა?
დანიურ გაზეთ "კრისტელიგ დაგბლადტში" (Kristeligt Dagblad) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ვლადიმერ პუტინს შეუძლია გაზსადენის სადღეგრძელო დალიოს" (ავტორი - იენს ვორნინგი), რომელშიც განხილულია გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებული მოვლენები: აშშ-გერმანიის შეთანხმების მნიშვნელობა, დანიისა და სხვა ქვეყნების მდგომარეობა და უკრაინის პერსპექტივა.
"ჯერ კიდევ დაუმთავრებელი მილსადენი, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი გაზი გერმანიას რუსეთიდან უნდა მიეწოდოს, შეიძლება ითქვას, აშშ-სა და გერმანიას შორის 21-ე საუკუნის უდიდესი ეკონომიკური კონფლიქტის მიზეზი გახდა, მაგრამ ამჟამად, როგორც ჩანს, დავა მოგვარებულია:
ძვირადღირებული გაზის პროექტის - მისი ღირებულება, დანიური კრონებით თუ ვიანგარიშებთ, 75 მილიარდ კრონამდე აღწევს - მშენებლობა უმტკივნეულოდ დასრულდება, გერმანიას რუსული იაფი გაზის მიწოდება გაუორმაგდება.

მოსკოვში მილსადენის სადღეგრძელო შესვეს. "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ხომ ვლადიმერ პუტინის პრესტიჟის პროექტს წარმოადგენდა, რომლის რეალიზებასაც რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა. განსაკუთრებით
რთული იყო დონალდ ტრამპის მმართველობის დროს, რომელმაც რამდენიმე სანქცია შემოიღო მშენებარე მილსადენის წინააღმდეგ. ზოგიერთი კომპანია იძულებული გახდა, პროექტიდან გასულიყო", - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს: "ევროპაში და, საერთოდ, დასავლეთში რატომღაც ჰგონიათ, რომ რუსეთი, გაზის სახით, ძლიერ იარაღს ფლობს - მოსკოვს შეუძლია, ბუნებრივი ენერგონედლეულის მეშვეობით, პოსტსაბჭოთა ქვეყნები და ევროპა მორჩილებაში იყოლიოსო. ეს მითები დაიბადა 2009 წელს, როცა რუსეთმა, უკრაინის გავლით (ტრანზიტით), ევროპისათვის გაზის მიწოდება შეწყვიტა: მოსკოვმა კიევი გაზის მოპარვაში დაადანაშაულა, შედეგად კი ზამთარში ათასობით ადამიანი გათბობის გარეშე დარჩა. გაზის მიწოდება პოლიტიკურ საკითხსაც უკავშირდებოდა: უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო უკრაინის ნატოში და ევროკავშირში წევრობაზე ოცნებობდა. უფრო ადრე იგივე სწრაფვა გამოავლინა საქართველომაც, სადაც რუსეთმა თავისი ჯარები შეიყვანა. თბილისთან მიმართებით მოსკოვმა ჩვეულებრივი იარაღიც გამოიყენა და გაზისაც, რათა ქვეყნის პროდასავლური გადახრები შეეჩერებინა და წარმატებასაც მიაღწია".

იმ პერიოდში რუსეთი ევროპის თითოეულ ქვეყანასთან გაზის მიწოდების კონტრაქტს ცალ-ცალკე აფორმებდა და ამიტომ პირობები განსხვავდებოდა. ეს შესაძლებლობას აძლევდა მოსკოვს, ძლიერი პოზიციები ჰქონოდა, როგორც ეკონომიკური, ასევე - პოლიტიკური თვალსაზრისით. ფასები ძალიან მაღალი იყო, რადგან კრემლი გაზისა და ნავთობის ფასებს ერთმანეთს უკავშირებდა.

მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ევროკავშირმა მოახერხა და გაზის ბაზრის ლიბერალიზება განახორციელა. დღეისათვის ევროპაში ბუნებრივი გაზი კრემლის ფასებით კი არ იყიდება, არამედ - მსოფლიო ფასებით. ანუ რუსეთს უკვე აღარ შეუძლია ორმხრივი კონტრაქტების დადება ევროკავშირის ცალკე აღებულ ქვეყანასთან, საკუთარი პირობებით. გაზის უდიდესი რაოდენობის გაყიდვა დღეს ე.წ. ჰაბების (გაზგამანაწილებლების) მეშვეობით ხდება, რომელთაგან უდიდესი გერმანიაში მდებარეობს. რუსეთმა დაკარგა ყოფილი უპირატესობა და ახლა მოსკოვი იძულებულია, იმ ფასებს დათანხმდეს, რასაც ბაზარი სთავაზობს. რაც შეეხება უკრაინას, ევროკავშირმა მის ტერიტორიაზე არსებული მილსადენები რევერსული სახით გამოიყენა ანუ, თუ ადრე გაზი უკრაინის გავლით, მილსადენის მეშვეობით, ევროპას მიეწოდებოდა, ახლა იმავე მილებით ევროპა უკრაინას გაზს "უკუსვლით" აწვდის. ამით რუსეთის ზეწოლა უკრაინაზე გარკვეულწილად განეიტრალდა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის "გაზის იარაღი" უვნებელი გახდა, მაგრამ მასთან დაკავშირებული ძველი მითები ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამქრალა და ის პოლიტიკურ პრობლემებს ქმნის. ჯო ბაიდენსა და ანგელა მერკელს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში აღშფოთება გამოიწვია, თვით ჯო ბაიდენი კი გააკრიტიკეს - ამიერიდან იგი ვლადიმერ პუტინს ჯიბეში უზისო. გერმანია, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ბერლინმა გაიმარჯვა: ვაშინგტონმა ვერ შეძლო თავისი დიდი ხნის ოცნების განხორციელება და თავისი ძვირი გაზის ევროპისთვის მიწოდება ვერ მოახერხა, რუსული იაფი საწვავის სანაცვლოდ", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

პუბლიკაციის დასასრულს ავტორის მიერ საინტერესო კითხვაა დასმული: "ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი ხაზს უსვამენ, რომ ისინი უკრაინის სასარგებლოდ მოქმედებენ - თითქოსდა, ისინი რუსეთს აიძულებენ, თავისი გაზი უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტით გაატარონ და ამით უკრაინის ბიუჯეტში მილიარდობით დოლარის შემოსავლები უზრუნველყონ - ტრანზიტისთვის ხომ ფულის გადახდაა აუცილებელი. ანუ გამოდის, რომ ბერლინმა და ვაშინგტონმა კიევი ისევ რუსულ გაზზე დამოკიდებული დატოვეს. განა ეს კარგია უკრაინისთვის? რატომ ცდილობს დასავლეთი იმას, რომ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტზე იყოს დამოკიდებული? ვერცერთი დასავლელი ლიდერი ამ კითხვის დასმას და მასზე პასუხის გაცემას ვერ ბედავს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

კოკია
26 ივლისი 2021 23:01
ანუ ამ ოხერმა პუტინმა კვლავ გაიმარჯვა? ეს ვინ ყოფილა კაცო
კიოსერა
26 ივლისი 2021 21:37
მიდიით პუტინის ყურმოჭრილო ევროპელო ყმებო, მოწმინდეთ სისხლი იმპერიული დინგიდან რუსეთს. ჩვენც რა იდიოტები გამოვდექით ამ ევროპის და ამერიკის კეთილშობილების იდიოტებივით რომ გვჯერა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები