"ცეცხლთან თამაშში" ერდოღანმა შეიძლება ორ მიზანს მაინც მიაღწიოს" - რას წერს გერმანული გამოცემა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"ცეცხლთან თამაშში" ერდოღანმა შეიძლება ორ მიზანს მაინც მიაღწიოს" - რას წერს გერმანული გამოცემა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაზე

უცხოურ მასმედიაში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია თურქეთის პრეზიდენტის - რეჯეფ ერდოღანის ამასწინანდელმა განცხადებამ, რომლის თანახმად, იგი მხარს უჭერს ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, ქალაქ ფამაგუსტას ზღვისპირა კვარტლის - ვაროშას აღორძინებისა და ტურისტულ ცენტრად მისი გადაქცევის შესახებ. საქმე ისაა, რომ ეს ქალაქი, რომელიც 1974 წლამდე - თურქეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაციამდე - კუნძულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს წარმოადგენდა, ოკუპაციის შემდეგ დაცარიელდა: ბერძნული მოსახლეობა კუნძულის სამხრეთ ნაწილში ემიგრირდა, ფამაგუსტა კი, განსაკუთრებით მისი ტურისტული კვარტალი ვაროშა - "ქალაქ-მოჩვენებად" გადაიქცა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით გერმანული რადიოსადგური "დოიჩე ველე" აქვეყნებს გაზეთ "ფრანკფურტერ ალჰემეინე ცაიტუნგის" (Frankfurter Allgemeine Zeitung) პოლიტიკის განყოფილების რედაქტორის - რაინერ ჰერმანის კომენტარს სათაურით - "რეჯეფ ერდოღანი კვიპროსზე ყოფნით გაეროსა და ევროკავშირს კონფრონტაციაში იწვევს", რომელშიც ნათქვამია:

"რეჯეფ ერდოღანმა, განაცხადა რა "ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის" ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი მხარდაჭერა - ნაწილობრივ გახსნას ტურისტებისთვის ფამაგუსტის ერთ-ერთი კვარტალი - ვაროშა, რომელიც 45 წლის განმავლობაში, კუნძულის ორად გაყოფის შემდეგ, გაძარცული და დახურული იყო, იმას ნიშნავს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ცდილობს, პრობლემა გაამწვავოს და სიტუაცია თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს. შესაძლოა მან გარკვეულ წარმატებასაც კი მიაღწიოს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი წარმატება იქნება და ამისთვის რეჯეფ ერდოღანს სამომავლოდ დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

ის, თუ როგორ პატივს სცემს თურქეთის პრეზიდენტი საერთაშორისო სამართალს, მან ეს ყველაზე კარგად კვიპროსზე ყოფნის დროს გამოავლინა. კუნძულზე თურქეთის ჯარების შეჭრისა და ოკუპაციის (ოპერაცია კოდური სახელწოდებით "ატილა" დაიწყო 1974 წლის 20 ივლისს და დასრულდა 17 აგვისტოს, რის შედეგადაც კუნძული ორად გაიყო) მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ თურქეთი დაეხმარება ჩრდილოეთ კვიპროსის "დამოუკიდებელ" თურქულ რესპუბლიკას - ვაროშას აღორძინებაში, რომელშიც 1974 წლამდე ძირითადად მხოლოდ კვიპროსელი ბერძნები ცხოვრობდნენ.

რეჯეფ ერდოღანის ნაბიჯი წმინდა წყლის პროვოკაციას წარმოადგენს: თურქეთის პრეზიდენტმა დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და ამით ყველა ის ქვეყანა შეურაცხჰყო, რომლებთანაც თურქეთი ბოლო წლებში დაბეჯითებით ცდილობდა ურთიერთობის აწყობას.

რეჯეფ ერდოღანი ასეთ რისკზე იმიტომ მიდის, რომ მას თურქეთის შიგნით უჭირს, მისი ავტორიტეტი ეცემა. რადგანაც კვიპროსის საკითხზე თურქეთის პოლიტიკურ წრეებში მრავალპარტიული კონსენსუსი ("ერთსულოვანი მიდგომა") არსებობს, მას სურს, რომ თავისი რეპუტაციის ასამაღლებლად არსებული მდგომარეობა დაარღვიოს და საკუთარი თავი სხვებზე უფრო პატრიოტად წარმოაჩინოს, მეტი პოლიტიკური ქულები შეიძინოს. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანს ასეთი ნაბიჯი თურქეთის რეგიონული უპირატესობის წარმოსაჩენადაც სჭირდება ხმელთაშუა ზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში.

მაგრამ საეჭვოა, რომ თურქეთის პრეზიდენტის გეგმები განხორციელდეს.

ჯერ ერთი, რომ მისი გადაწყვეტილება საბერძნეთისა და ისრაელის გამოწვევას ნიშნავს (რეჯეფ ერდოღანი ვერ იტანს იმას, რომ ეს ორი სახელმწიფო კვიპროსის რესპუბლიკის მხარდამჭერია ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი გაზის საბადოს კუთვნილების საკითხში). ბუნებრივია, ათენი და იერუსალიმიც შეეცდებიან საპასუხო ანტითურქული ნაბიჯების გადადგმას.

მეორე - თურქი ლიდერი რისკზე მიდის ევროკავშირთან ახალი კონფლიქტის დასაწყებად: ამჟამად მიმდინარეობს თურქეთ-ევროკავშირის მოლაპარაკება საბაჟო კავშირის მოდერნიზების თაობაზე, რომელიც შეიძლება ჩაიშალოს.

თუმცა "ცეცხლთან თამაშში" რეჯეფ ერდოღანმა შეიძლება ორ მიზანს მაინც მიაღწიოს: გაურკვეველი დროით გადაიწევს კუნძულის (ანუ კვიპროსის რესპუბლიკის) გაერთიანება, რის შედეგადაც ანკარა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თავის სამხედრო ბაზას შეინარჩუნებს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ