ჯო ბაიდენი ფედერალური თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს განიხილავს
28-07-2021
ჯო ბაიდენი ფედერალური თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია განიხილავს, მოსთხოვონ თუ არა ვაქცინაცია ფედერალური მთავრობის თანამშრომლებს.

"ამჟამად ეს საკითხი განხილვის ქვეშაა", - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ვაქცინაცია და პირბადის გამოყენება "ლოქდაუნების" თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

"მეტი ვაქცინაცია და პირბადის ტარება იმ ადგილებში, სადაც "დელტა" ვარიანტი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ისეთი სახის "ლოქდაუნი", დახურვა, სკოლის დაკეტვა და შეფერხებები, რაც 2020 წელს გვქონდა. 2020 წლისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს როგორც სამეცნიერო
ცოდნა, ასევე ინსტრუმენტები ამ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად,"- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Reuters-ი წერს, რომ ფედერალური მთავრობა აშშ-ის უდიდესი დამსაქმებელია.

სრულად ვაქცინირებულმა ამერიკელებმა იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელება ხდება, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეები უნდა გამოიყენონ, - ღეუტერს-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის
ცენტრის ახალ მითითებაშია აღნიშნული.

ცენტრის მონაცემებით, აშშ-ოს ოლქების 63.4% -ში ვირუსის გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია და პირბადეების ტარების პოლიტიკა დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ.

ორი თვის წინ, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებულებს პირბადეების ტარების გარეშე სიარული შეეძლოთ, კოვიდ -19-ის შემთხვევები შემცირებული იყო.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის როშელ უოლენსკის თქმით, ახალი კვლევების თანახმად, სრულად ვაქცინირებული ადამიანები, რომლებიც ინფიცირდებიან, ვირუსის ისეთივე მატარებლები არიან, როგორიც არავაქცინირებული ადამიანები, რაც მიანიშნებს, რომ მათგან ვირუსი შესაძლოა სხვა ადამიანებსაც გადაედოთ.

"მნიშვნელოვანია ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ მათ დაავადების სხვაზე გადაცემა შეუძლიათ", - აღნიშნა უოლენსკიმ.

"დელტა" ვარიანტის გამო აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება და ამჟამად ქვეყანაში ახალი შემთხვებების 80% –ზე მეტი ამ ვარიანტზე მოდის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს "ლოქდაუნებისა" და სკოლების დახურვის თავიდან აცილებაში ვაქცინაციის გაზრდილი ტემპი და პირბადის ტარება დაეხმარება.

გამოცემა Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისათვის აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 49%.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები