"კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად კვლევები ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად კვლევები ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუს ქუვეითში შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯანმო-ს ლიდერს ორგანიზაციის რეფორმირებისა და გაძლიერებისკენ მოუწოდა და ამის განსახორციელებლად თანამშრომლობა შესთავაზა.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს.

"სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ჯანმო-ს გეგმებთან დაკავშირებით, ჩაატაროს დამატებითი კვლევები კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მან აღნიშნა, რომ კვლევების მომდევნო ეტაპი უნდა იყოს დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, ჩატარდეს ექსპერტების ხელმძღვანელობით და ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

23 ივლისს ჩინეთის ჯანდაცვის კომისიამ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური პეკინი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად კვლევების განმეორებით ჩატარების წინააღმდეგია.