"მათ უნდათ, რომ ჩვენ გავუჩინარდეთ, გავქრეთ" - კვირის პალიტრა

"მათ უნდათ, რომ ჩვენ გავუჩინარდეთ, გავქრეთ"

თუ რომელიმე ქვეყანა მოიპოვებს ოლიმპიური თამაშების გამართვის უფლებას, ქვეყნის ხელისუფლება მაშინვე იწყებს ფიქრს, როგორ მოაწყონ ქალაქი ისე, რომ კარგად უმასპინძლონ ტურისტებს, უცხოელ სპორტსმენებსა თუ ჟურნალისტებს.

იაპონიამ ოლიმპიური თამაშების ქვეყანაში გამართვის უფლება 2013 წელს მოიპოვა და, როგორც BBC წერს, ქვეყანაში მაშინვე შეიცვალა დამოკიდებულება უსახლკარო მოქალაქეების მიმართ.

ასობით მოქალაქე, რომელიც უსახსრობის გამო სახლის გარეშე, ქუჩაში ცხოვრობდა, გააძევეს იმ ადგილებიდან, რომელიც ახლოს მდებარეობს ოლიმპიურ სტადიონთან.

მოსახლეობა იაპონიის მთავრობას ადანაშაულებს, რომ ისინი ხელოვნურად მალავენ ქვეყანაში არსებულ გაჭირვებასა და სიღარიბეს. მათ უსახლკაროები იძულებულნი გახადეს, სხვა რაიონში ან თავშესაფარში წასულიყვნენ საცხოვრებლად. როგორც ცნობილია, ქალაქში სკვერებს ღამით კეტავენ, რათა თავიდან აიცილონ იქ უსახლკაროთა შეჭრა. სადაც ოლიმპიური ობიექტები განთავსდა, აიღეს ყველა კარავიც.

62 წლის იამადა ერთ-ერთია, ვინც იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. იმ ადგილის უკან, სადაც აქამდე ღამეს ათევდა, ახლა ოლიმპიური სტადიონია აშენებული. ერთხელაც მან ნივთებზე ცნობა აღმოაჩინა, რომელიც ატყობინებდა, რომ ტერიტორია უნდა დაეტოვებია. უსახლკარობის გამო, იამადა ამ ადგილას წლების განმავლობაში ცხოვრობდა. მის დახმარებას სამოქალაქო აქტივისტებიც ცდილობდნენ, თუმცა კომიტეტის წევრთა თქმით, ამ ადგილას რკინის ღობე უნდა აეშენებინათ, რათა ოლიმპიური თამაშების დროს ხალხი სტადიონზე არ შეიპაროს.

"მათ უნდათ, რომ ჩვენ გავუჩინარდეთ, გავქრეთ. ვისურვებდი, რომ ოლიმპიური თამაშები სულაც არ ჩატარებულიყო," - ამბობს უსახლკარო.

"ეს უსამართლობა და არაადამიანობაა. ვიცნობ ხალხს, რომლებსაც აიძულებდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია. თუ უსახლკარო ხარ, ამ დროს კარავი შენთვის ყველაფერია და მისი დაკარგვა, სახლის დაკარგვას უდრის".

სოციოლოგი მასატო კიმურა BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას:

"ხელისუფლება ცდილობს, ღარიბი ხალხი ქუჩებს მოაშოროს, რადგან მათ უცხოელებისთვის სუფთა და ლამაზი ქალაქის ჩვენება სურთ. სინამდვილეში, ზოგიერთი ოფიციალური პირი, რომელიც მათ გაძევებას ცდილობს, პირდაპირ ამბობს: "გთხოვთ, დაიმალეთ ცოტა ხნით, სანამ ოლიმპიადა მიმდინარეობს".

როგორც ცნობილია, ამ ფაქტს უარყოფენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი ამბობენ, რომ უსახლკაროთა თავშესაფრებში შესახლება სურთ. ამ თავშესაფრებში კი, პატარა ოთახებში, სამ ან ოთხსართულიანი ლოგინებია. იაპონიაში უსახლკაროთა უმეტესი ნაწილი 60 წლის ან უფრო დიდი ასაკისაა. მათ არც ვაქცინაცია ჩატარებიათ.

"ყველას სჭირდება საცხოვრებელი ადგილი, ადგილი, სადაც ღამეს გაათევს და დაიძინებს. თუ ამ ხალხს პარკში ან სხვა ადგილზე გაჩერების უფლებას წაართმევ, ისინი ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რეალური ცხოვრების დამალვა ოლიმპიური თამაშების გამო, უსამართლობაა", - ამბობს სოციოლოგი BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში. (წყარო)