"ბავშვობაში "ბუბლიკებს" ყიდდა, დღეს კი 1000-ოთახიან სასახლეში ცხოვრობს" - რას წერს რუსული გამოცემა ერდოღანის წარმომავლობასა და ოჯახზე? - კვირის პალიტრა

"ბავშვობაში "ბუბლიკებს" ყიდდა, დღეს კი 1000-ოთახიან სასახლეში ცხოვრობს" - რას წერს რუსული გამოცემა ერდოღანის წარმომავლობასა და ოჯახზე?

რუსული გაზეთის - "კომსომოლსკაია პრავდას" (Комсомолская правда) 30 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით - "თურქეთის პრეზიდენტი ბავშვობაში ბლითებს ("ბუბლიკებს") ყიდდა, დღეს კი 1000-ოთახიან სასახლეში ცხოვრობს", რომელშიც თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცხოვრება და მოღვაწეობაა გადმოცემული: ვინ არის იგი, როგორ მოხვდა პოლიტიკურ ოლიმპზე და როგორ გახდა პრეზიდენტი, როგორია მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა... პუბლიკაციაში ნაჩვენებია შტრიხები მეზობელი ქვეყნის მეთაურის პოლიტიკური პორტრეტისათვის, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია როგორც საქართველოსთვის, ასევე - რუსეთისათვის. გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

"რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში მან ევროკავშირთან ურთიერთობა ჯერ ააწყო, შემდეგ დაანგრია, რამდენჯერმე ააწყო და, ასევე, იმდენჯერვე გააფუჭა რუსეთთან დამოკიდებულება, დაეხმარა აზერბაიჯანს ომის მოგებაში მთიან ყარაბაღის გამო, გადაიტანა სამხედრო გადატრიალების მცდელობაც... გარდა ამისა, თურქეთის ლიდერის ბიოგრაფია, სანამ იგი სახელმწიფოს ნომერ პირველ პოსტს დაიკავებდა, სავსეა საინტერესო ისტორიებით...

ქართველი, თურქი თუ ბერძენი?

რეჯეფ ერდოღანის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, იგი თურქეთის გულში - სტამბოლში დაიბადა, ყასიმფაშას რაიონში, რომელიც კრიმინალით იყო ცნობილი, თუმცა პრეზიდენტის ჭეშმარიტი ეროვნული წარმომავლობის შესახებ დღემდე ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს.

სხვათა შორის, ჭორებს სათავე თვითონ რეჯეფმა დაუდო. მისთვის ხომ არავის უთხოვია ის ეთქვა, რაც მან საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა - "მე ქართველიც ვარ, ჩვენი ოჯახი ქართული წარმომავლობისაა, რომელიც ბათუმიდან რიზეში გადასახლდაო". თურქეთის ლიდერის ნათქვამზე ექსპერტები გამოცოცხლდნენ - ზოგმა გენეალოგიის ძიება აჭარის სოფლებში დაიწყო, ზოგიერთები კი კვლევებში უფრო შორს წავიდნენ და თქვეს, რომ რეჯეფ ერდოღანის წინაპრები სომხები იყვნენო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო ურთიერთობა სუფევს, რეჯეფის სომხად მონათვლა მისთვის დიდი დარტყმა იყო. უფრო სიმართლედ მოჩანს თურქეთის პრეზიდენტის ბერძნული წარმოშობა. მისი მშობლები სტამბოლში ჩავიდნენ რიზეს პროვინციიდან, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს, იქ კი მე-16 საუკუნიდან მართლმადიდებელი ბერძნები კომპაქტურად ცხოვრობდნენ. ყურადღება მივაქციოთ: ოსმალეთის იმპერიის ძირითადი მოსახლეობა - ოსმალოები (ოსმანები) ისლამმიღებულ ბერძნებს "ბაკატს" უწოდებდნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რეჯების პაპის პაპას - მსხვილ მიწათმფლობელს - სახელად მემის ბაკატოღლუ ერქვა, რაც "ბაკატის შვილს" ნიშნავს.

თვითონ თურქი ლიდერი უარყოფს მსგავს ვერსიებს და მათ ინსინუაციებისა და კონსპიროლოგიის ნაყოფს უწოდებს: "რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი წინაპრები ვინ იყვნენ? მე თვითონ ჭეშმარიტი მუსლიმანი და თურქი ვარ!" - არაერთხელ განაცხადა რეჯეფ ერდოღანმა.

რთული და მძიმე ბავშვობა

რაც კარგად არის ცნობილი, ისაა, რომ რეჯეფ ერდოღანმა მწვერვალისაკენ გრძელი გზა გაიარა. მან ხომ ყველაფერი დაბალი დონიდან დაიწყო: მამამისი [ახმატი] სტამბოლში, რიზედან ჩასვლის შემდეგ, თურქეთის სანაპირო დაცვაში მუშაობდა, დედამისი [ტანზილე] კი დიასახლისობდა და ბავშვებს ზრდიდა (რეჯეფს რამდენიმე და-ძმა ჰყავდა). რთული არაა იმის მიხვედრა, რომ ოჯახს ფული ძალიან სჭირდებოდა და "კაპიკებს ითვლიდნენ". მოგვიანებით, როცა გაიზარდა, რეჯეფს თვითონ გაუჩნდა შემოსავლები: მან ყასიმფაშას კვარტლის ქუჩებში "სიმიტების" - თურქული ქუნჯუთმოყრილი ბლითების ("ბუბლიკების") გაყიდვა დაიწყო. ცხადია, ბლითების გაყიდვით ფულის მიღება იოლი და უსაფრთხო არ იყო, ირგვლივ ბევრი კრიმინალი და გაიძვერა დადიოდა... არდადეგების დროს რეჯეფი რიზეში მიჰყავდათ ხოლმე ჩაისა და თხილის საკრეფად. სხვათა შორის, თურქეთის პრეზიდენტს დღემდე უყვარს ბლითებითა და ჩაით წასაუზმება.

იმამი თუ ფეხბურთელი?

რეჯეფ ერდოღანს რამდენიმე გზა ჰქონდა, რომლითაც ცხოვრების მოწყობა შეეძლო. დავიწყოთ იმით, რომ იგი რელიგიურ სკოლაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ იმამი გახდებოდა. ცხადია, რელიგიური სკოლა კლასიკური მედრესე არ იყო, იქ რეჯეფს, რელიგიურთან ერთად, სამოქალაქო საგნებსაც ასწავლიდნენ. თუმცა მომავალი პრეზიდენტი ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ წიგნებს არ ჩაჰკირკიტებდა, იგი ფეხბურთითაც იყო გატაცებული და მალე თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და მდიდარი საფეხბურთო კლუბის - "ფენერბახჩეს" ხელმძღვანელობის თვალსაწიერში მოხვდა...

მაგრამ თურქმა ამომრჩეველმა მადლობა უნდა უთხრას ახმატს, რეჯეფის მამას: იგი შვილში მომავალ იმამს ხედავდა და როცა ვაჟმა "ფენერბახჩესთან" დადებული კონტრაქტი აჩვენა, მას ცივად უთხრა - მოეშვი ფეხბურთს, შენი საქმე ეგ არ არისო. რეჯეფს სხვა გზა არ დარჩენოდა, მამის სურვილს დამორჩილდა. თუმცა ეს ლამაზი ისტორია, როგორც ჩანს, თვითონ ერდორანის მოგონილია: როცა მან თავისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოაყენა (2003 წელს) და ამ ისტორიის მოყოლა დაიწყო, მის ამხანაგებს გაუკვირდათ - რას ამბობს ეს კაციო? და ჟურნალისტებს უთხრეს, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, რა "ფენერბახჩე", რის კონტრაქტი, რეჯეფი ჩვეულებრივი მოხალისე ფეხბურთელი იყოო. ერთადერთი, რაც მას მოსწონდა, ყურანის კითხვა იყო და მეგობრებსაც ასწავლიდა, რისთვისაც მას თანატოლები "ხოჯას", ანუ მასწავლებელს ეძახდნენ. ასე იყო თუ ისე, 2003 წელს რეჯეფ ერდოღანმა არჩევნები მოიგო.

ულვაშების როლი პოლიტიკაში

პრემიერ-მინისტრობამდე კი ახალგაზრდა რეჯეფ ერდოღანი პოლიტიკამ სწრაფად გაიტაცა - იგი გახდა "ეროვნული თანხმობის პარტიის" ახალგაზრდული უჯრედის თავმჯდომარე სტამბოლის ბაიოღლუს რაიონში, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას სტამბოლის მასშტაბით. პარალელურად, თურქეთის მომავალი ლიდერის სტამბოლის სატრანსპორტო ორგანიზაციებში მუშაობდა... მაგრამ 1980 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალებამ "იგრიალა", ხელისუფლებაში გენერლები მოვიდნენ, რომლებმაც ქვეყნის სამხედრო ყაზარმად გადაქცევა მოისურვეს.

რეჯეფ ერდოღანი იმ დროისთვის თავს უკვე თავისი ცნობილი ულვაშებით იწონებდა. ის მკაცრი სამხედრო პირი, რომელიც "ზემოდან" რეჯეფის კომპანიის გასაკონტროლებლად გამოგზავნეს, ვერ იტანდა მსგავს ქცევას და ამიტომ მან რეჯეფის ულვაში რელიგიურ გადმონაშთად მონათლა (ალბათ, მომავალი პრეზიდენტი წვერ-ულვაშით მართლაც იმამს ჰგავდა) და დაუყონებლივ გაპარსვა მოსთხოვა. რეჯეფმა საპარსის ნაცვლად ხელში კალამი აიღო და, სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, განცხადება დაწერა.

როგორც თვითონ ამბობს, სწორედ მაშინ გადაწყვიტა რეჯეფმა საკუთარი ცხოვრების პოლიტიკასთან დაკავშირება, რათა თურქი ხალხისთვის მსგავსი შევიწროება თავიდან აეცილებინა. თუმცა იყო მომენტები, როცა იგი კიდევ ერთხელ გახდა "ზეწოლის" მსხვერპლი: 1994 წელს რეჯეფ ერდოღანი, ისლამური კეთილდღეობის პარტიის ლიდერი, სტამბოლის მერად აირჩიეს, მაგრამ მისი პარტია, კვლავ სამხედროების ჩარევით, აიკრძალა, მერი კი ციხეში აღმოჩნდა. ამბობენ, ბოროტმა ენებმა შეატყობინეს "სადაც ჯერ არს", რომ სტამბოლის მერი სამხედროებს აქილიკებსო და შედეგმაც არ დააყოვნა - იგი ათი თვით საკანში ჩაამწყვდიეს, თუმცა ადვოკატის მცდელობით, მან ციხეში მხოლოდ 120 დღე გაატარა.

ცოლი-ვეზირი და ოჯახური სასახლე

თურქეთში ხმები დადის, რომ რეჯეფ ერდოღანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყოველთვის თავის ცოლს - ემინე გიულბარანს ეთათბირებაო (ისინი 1978 წელს შეუღლდნენ). ემინე ძლიერი ქალია, მორწმუნე მუსლიმანი. იგი ისლამური თავსაბურავით მაშინაც კი დადიოდა, როცა მსგავს ქალებს თურქეთში ეჭვით უყურებდნენ. ემინე დღეს რიგ სოციალურ და საქველმოქმედო ფონდებს ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, მიუხედავად მკაცრი რელიგიურობისა, პრეზიდენტის ცოლი პატრონაჟს უწევდა პროგრამას "გოგონებო, იარეთ სკოლაში", რომლის წყალობით ორთოდოქსული ოჯახებიდან 300 ათასმა გოგონამ განათლება მიიღო.

რეჯეფ ერდოღანის ოჯახი უზარმაზარ სასახლეში ცხოვრობს, რომელსაც ანკარაში არსებული ათა-თურქის ტყე-პარკის 20 ჰექტარი აქვს დაკავებული. ჟურნალისტების თქმით, 2014 წელს აგებული მონუმენტური შენობის კარი გარეშე პირებისათვის იშვიათად იღება. მასში 1000-მდე ოთახია განთავსებული. თურქეთის პრეზიდენტის სასახლის ფართობი უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტის "თეთრი სახლის" (მას 50-ჯერ აღემატება), ბრიტანეთის დედოფლის ბუკინგემის სასახლის, რუსეთის პრეზიდენტის კრემლის ფართობი. მას მხოლოდ ნიკოლაი ჩაუშესკუს სასახლეს თუ შევადარებთ. მართალია, ფორმალურად პრეზიდენტის რეზიდენცია პირადად რეჯეფ ერდოღანს არ ეკუთვნის, ის სახელმწიფოსია და, შესაბამისად, თურქეთის მომდევნო პრეზიდენტსაც შეუძლია სასახლის მდიდრული ინტერიერით დატკბობა. (წყარო)

იხილეთ ასევე: "მამა სუმეიეს "ჩემ ქურციკს" ეძახის" - ვინ არიან და რას საქმიანობენ ერდოღანის ქალიშვილები

მოამზადა სიმონ კილაძემ