"ექსპრეზიდენტის პოლიტიკური კაპიტალი, ძირითადად, საქართველოშია და თუ იქ არ ჩავა, სააკაშვილი პოლიტიკურ ბანკროტად იქცევა" - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ექსპრეზიდენტის პოლიტიკური კაპიტალი, ძირითადად, საქართველოშია და თუ იქ არ ჩავა, სააკაშვილი პოლიტიკურ ბანკროტად იქცევა" - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსული პრესა, ტრადიციულად, ყურადღებას უთმობს საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებებს, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება. გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" (Московский комсомолец) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "უძღები ექსპრეზიდენტის დაბრუნება? მიხეილ სააკაშვილი ქართველებს სიღარიბის დაძლევას დაჰპირდა". გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

"როგორც ცნობილია, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამშობლოში 2021 წლის შემოდგომაზე დაბრუნდება იმ მიზნით, რომ მშობლიურ ხალხს სიღარიბიდან თავის დაღწევაში დაეხმაროს. იგი დარწმუნებულია, რომ დაბრუნებას ხელს ვერაფერი შეუშლის. სხვათა შორის, ნიშანდობლივია ის, რომ მიმდინარე წლის შემოდგომით საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები უნდა გაიმართოს, რომლის შედეგად, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის, კერძოდ, თავისი პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებას ელოდება.

რამდენად სერიოზულია ექსპრეზიდენტის გეგმები?

ვადიმ მუხანოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტის კავკასიის სექტორის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი:

"საქართველოს ექსპრეზიდენტს ესმის, რომ მისი პერსონის მიმართ ინტერესი მცირდება და ამიტომ ცდილობს, კვლავ დაიბრუნოს [ქართველი] საზოგადოების ყურადღება. უფრო ადრე მიხეილ სააკაშვილმა თავის ქვეყანას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სოციალურ-პოლიტიკური კატაკლიზმი უწინასწარმეტყველა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, კატაკლიზმი არ მომხდარა. უფრო მეტიც - კრიზისმა თვითონ ექსპრეზიდენტის პარტია იმსხვერპლა, რომელიც თავის დროზე ცალკეულ ორგანიზაციებად გაიყო. ამჟამად ისინი თავიანთი პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობენ. მიხეილ სააკაშვილის გავლენა საქართველოში თანდათან კლებულობს.

მისი განცხადება სამშობლოში დაბრუნების თაობაზე უფრო განზრახვის დეკლარირებას ჰგავს. გავიხსენოთ, რომ მას მსგავსი რამ არაერთხელ უთქვამს, მაგრამ დაპირება არ შეუსრულებია. ამ დროს კაცს ერთი ქართული იგავი გაახსენდება - მწყემსი ბიჭისა და მგლების შესახებ, რომელმაც ბევრჯერ იცრუა, მგელი მოდისო და ბოლოს, როცა სიმართლე თქვა და მგლები მართლაც ცხვრის ფარას დაერივნენ, არავინ ყურადღება აღარ მიაქცია. სწორედ ასეა სააკაშვილის შემთხვევაშიც - მის განცხადებებს ეჩვევიან...

სხვათა შორის, ექსპრეზიდენტის პოლიტიკური კაპიტალი, ძირითადად, საქართველოშია და თუ იგი იქ არ ჩავა, საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ბანკროტად იქცევა. მაგრამ რას იზამს, როცა მისი დაბრუნება პრობლემატურია? იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავა სამშობლოში, თუ იქ მმართველი ელიტა შეიცვლება. ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა კარგად იცის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მას გარანტირებულად საპყრობილეში ჩასვამს".

ვლადიმერ ნოვიკოვი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი:

"მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს ცეცხლზე ნავთი დაასხას. მას იმედი აქვს, რომ განცხადება სამშობლოში დაბრუნების თაობაზე ის დამატებითი ფაქტორი გახდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დესტაბილიზებას. კაცმა რომ თქვას, დღეს სიტუაცია საქართველოში არცთუ მთლად მშვიდია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

პირველი - შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები უნდა ჩატარდეს. რამდენიმე თვის წინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ევროკავშირის ჩარევით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თუ მმართველი პარტია მასში ხმების 43%-ს ვერ მოაგროვებს, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება (მთარგმნ. შენიშვნა: მმართველმა პარტიამ ორი დღის წინ შეთანხმების შესრულებაზე უარი განაცხადა), თანაც ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე უკვე გამოჩნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ შექმნილი ახალი პარტია, რომელიც "ქართული ოცნების" მდგომარეობას ართულებს.

მეორე მომენტი - საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა შექმნილი, რაც ხელისუფლებას, ფაქტობრივად, მოქმედების ორ ვარიანტს უტოვებს: ან ლოქდაუნი გამოაცხადოს, ან მოითმინოს. რა თქმა უნდა, ვერცერთ ვარიანტს კარგს ვერ უწოდებ.

ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი საეჭვოა, რომ საქართველოში დაბრუნდეს. ვფიქრობ, ეს ისევე ნათელია, როგორც ორჯერ ორი - ოთხი". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ