"ესეც პუ­ტი­ნი­ვით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გვე­ყო­ლე­ბა წყევ­ლა­სა­ვით?"- ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი ქმედება კრიტიკას ვერ უძლებს - კვირის პალიტრა

"ესეც პუ­ტი­ნი­ვით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გვე­ყო­ლე­ბა წყევ­ლა­სა­ვით?"- ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი ქმედება კრიტიკას ვერ უძლებს

"ამ პანდემიისა და მუდმივი სანქციების დროს, როდესაც იხტიბარს არ ვიტეხთ, მაგრამ პრობლემები სულ უფრო მწვავდება, "მეფე პუტინის" თანაშემწე "პატარა მეფე" კადიროვი თავს უფლებას აძლევს, ვიღაც ბლოგერს ბიუჯეტიდან ძვირიანი საჩუქარი გაუკეთოს... ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს, მიზეზთა გამო შეიძლება არაფერი გვეთქვა, მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერი ბიუჯეტს ისე ექცევა, როგორც საკუთარ ქისას. ჩვენ კი ვდუმვართ, რადგან თურმე ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურობას გვინარჩუნებს" - ასე ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელში კადიროვის მორიგ ქმედებას.

რამდენიმე დღის წინ, მან ინტერნეტსივრცეში პოპულარულ ბლოგერს, დაღესტნელ ხასბიკს, ძვირადღირებული ავტომანქანა აჩუქა.

"კადიროვი ასეთი შეხვედრების ორგანიზებას მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აკეთებს" - წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელიც კადიროვის მიმართ მწვავე ოპოზიციური დამოკიდებულებითაა ცნობილი და თავის მხრივ, ჩეჩნეთის ლიდერს მასზე ღია ნადირობა აქვს გამოცხადებული.

უფრო ადრე, კადიროვმა ძვირადღირებული ავტომანქანები აჩუქა სპორტსმენ მაგომედ რასულ ხასბულაევს, მაგომედ ბიბულატოვსა და არტურს ბეტერბიევს. ყველა მათგანი მილიონ რუბლზე მეტი ღირდა.

"ვიდეოში, სადაც რამზან კადიროვი დაღესტნელ ბლოგერს, ხასბულა მაგომედოვს, იგიცე ხასბიკს ხვდება, ჩეჩნეთის ლიდერი მას ეკითხება - როგორ მოეწონა რესპუბლიკის დედაქალაქი, რაზეც ის პასუხობს - "გროზნო ბომბაა". ისინი სპორტულ დარბაზში არიან და კადიროვი ძალიან ბედნიერია" - წერს გამოცემა kavkaz-uzel.eu.

lenta.ru-ს მკითხველები კადიროვის გულუხვობის გამომხატველი ნიუსის ქვეშ კომენტარებში ჩეჩნეთის ლიდერს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

"იცოდე, რუსო, ის ძვირადღირებული "მერსედესი" დაღესტნელ ბლოგერს, საკუთარი ჯიბიდან აჩუქე" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი იგორ ნიგარბი.

"რატომ და როდემდე უნდა ანიავებდეს ჩვენს ბიუჯეტს კადიროვი, ესეც პუტინივით მთელი ცხოვრება გვეყოლება წყევლასავით? ძალიან მარტივად აქვს ყველაფერი მოგვარებული, ვინც მოსწონს, რამეს ჩუქნის, მაგალითად, ხანჯალს, ნაბადს, იარაღს; ვინც ძალიან მოსწონს - რამდენიმე მილიონიან მანქანას, ხოლო ვინც არ მოსწონს, მარტივია - კლავს! თუ გაუმართლათ, ბოდიშებს იხდიან საქვეყნოდ. მოგვწონდეს პუტინის კადიროვი, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს!" - წერენ სხვები. იხილეთ სრულად