"შესაძლოა, უთვალთვალებდნენ კიდეც" - რა შეემთხვა უკრაინაში მცხოვრებ ბელარუსელ ახალგაზრდას, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, უთვალთვალებდნენ კიდეც" - რა შეემთხვა უკრაინაში მცხოვრებ ბელარუსელ ახალგაზრდას, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი, რომელიც უკრაინაში 2 აგვისტოს გაუჩინარდა, სამართალდამცავთა მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სკვერში გარდაცვლილი იპოვეს.

ვიტალი შიშოვი ორგანიზაციის - "ბელარუსული სახლი უკრაინაში" ხელმძღვანელი იყო. მისი ორგანიზაცია ბელარუსიდან უკრაინაში გაქცეულ მოქალაქეებს ეხმარებოდა.

შიშოვის ახლობლები ფიქრობენ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოკლეს. მათი თქმით, ვიტალი დილით, შესაძლოა, სავარჯიშოდ წასულიყო, თუმცა ამის შემდეგ გაუჩინარდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, მაგრამ სამართალდამცავ უწყებაში ამბობენ, რომ განიხილება სხვადასხვა ვერსია. მათ შორის ის, რომ, შესაძლოა, თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს და სინამდვილეში შიშოვი მოკლეს.

როგორც შიშოვის მეგობრები ამბობენ, გარდაცვლილის ტელეფონში უცნობი ნომრიდან დარეკილიც აღმოაჩინეს და იმ ნომერზე დარეკვისას ყურმილს უთიშავდნენ.

"შიშოვი ყოველ დილით დარბოდა, როგორც ჩანს, ის სავარჯიშოდ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ტერიტორია დავათვალიერეთ, სადაც ვიტალი ყოველ დილით დარბოდა, თუმცა მისი კვალი ვერსად ვიპოვეთ, შესაძლოა, მას უთვალთვალებდნენ კიდეც", - ამბობენ გარდაცვლილის მეგობრები.

"როცა შიშოვს ვერავინ დაუკავშირდა, მისმა შეყვარებულმა 102-ზე დარეკა", - განაცხადეს პოლიციაში.

"ბელარუსული სახლი უკრაინაში" - არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყნიდან წამოსულ ბელარუსებს, მათ შორის - პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეებს სახლისა და სამსახურის პოვნაში, ასევე, ადვოკატის აყვანაში ეხმარება. ასეთი "სახლები" სხვადასხვა ქვეყანაში გასული წლიდან შეიქმნა, მაშინ, როცა ბელარუსში პოლიტიკური მდგომარეობა დაიძაბა და მოქალაქეები იძულებული გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ (წყარო)