"უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ჩვენ ვერ მოვესწრებით" - კვირის პალიტრა

"უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ჩვენ ვერ მოვესწრებით"

რუსულ გაზეთ "იზვესტიაში" (Известия) დაბეჭდილია ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის - ვლადიმერ ჩიჟოვის ინტერვიუ სათაურით - "უკრაინის, [მოლდოვასა და საქართველოს] ევროკავშირში გაწევრებას ჩვენ ვერ მოვესწრებით", რომელშიც იგი, ჟურნალისტ ელნარ ბაინაზაროვთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, "ასოცირებული ტრიოს" - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზეც ლაპარაკობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- "ასოცირებული ტრიოს" წევრებმა - მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ ამას წინათ განაცხადეს, რომ მთელი შესაძლებლობებით ისწრაფვიან, ევროკავშირის წევრები გახდნენ. როგორ უყურებს რუსეთი თავისი მეზობლების ინიციატივას?

- "ასოცირებული ტრიო" ევროკავშირის პროექტის - "აღმოსავლური პარტნიორობის" ჩაფუშვის თუ არა, მისი ღრმა კრიზისის ფონზე შეიქმნა. როგორც ცნობილია, "აღმოსავლური პარტნიორობა" დაიწყო საკმაოდ დიდი ხნის წინათ, 2009 წელს, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ავტორობით. იმ დროს "პარტნიორობაში" განისაზღვრა ექვსი ე.წ. ფოკუსნიკი ქვეყანა, რომლებთაც იმ მომენტისათვის ევროკავშირის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდათ (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი). ზოგიერთებს ამ იდეის მიმართ მხოლოდ პრაგმატული ინტერესი ჰქონდათ - "აბა, რამდენ ფულს მივიღებთ?". ზოგი კი მზად იყო საკუთარი ამბიციების რეალიზებისათვის.

გავიდა წლები, ჩატარდა "პარტნიორობის" რამდენიმე სამიტი, ხელი მოეწერა ევროკავშირთან თანამშრომლობის ("ასოცირების") ხელშეკრულებებს. ზოგიერთი მომენტი საკმაოდ დრამატული იყო - მაგალითდ, უკრაინასთან მიმართებით, რომლის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ბოლო მომენტში უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ამ ხნის განმავლობაში "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებს შორის სამმა (საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ) უკვე "ასოცირების შეთანხმება" გააფორმა, დანარჩენი სამიდან, ეს იდეა აზერბაიჯანს საერთოდ არ აინტერესებდა, სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა, ბელარუსს კი არავინ არაფერს სთავაზობდა.

დღეისათვის "პარტნიორობის" ექვსეულიდან სომხეთი და აზერბაიჯანი თავიანთი პრობლემებით არიან დაკავებულნი; ბელარუსმა, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თავისი მონაწილეობა ოფიციალურად შეაჩერა. ესე იგი, დარჩა მხოლოდ სამი. სწორედ ისინი გამოვიდნენ "ასოცირებული ტრიოს" წევრების სახით. (...)

რაც შეეხება რუსეთის დამოკიდებულებას: როცა "აღმოსავლეთის პარტნიორობა" ჩამოყალიბდა, ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა, რომელზეც ევროკავშირი გვპასუხობდა: "რა თქმა უნდა, ეს რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს ქვეყნები ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ჩვენ მათი მიღება არ შეგვიძლია, თქვენივე ინტერესებს ვითვალისწინებთ. შეგიძლიათ ზოგიერთ პროექტში მონაწილეობა თქვენც მიიღოთ". ჩვენ ვთქვით: "კარგი, გვითხარით, რა პროექტებია. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ, რამდენად შეესაბამება ჩვენს ინტერესებს". მაგრამ ვერანაირი კონკრეტული პროექტი ვერ ვნახეთ, რომლებშიც რუსეთის ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული.

- ეს სამი ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ისწრაფვის. ვთქვათ და, მათ სურვილი შეისრულეს. როგორი რეაქცია ექნება რუსეთს?

- ეს ძალიან ჰიპოთეტური კითხვაა. ვშიშობ, რომ იმ მომენტს, როცა ევროკავშირში მათი მიღება აქტუალური გახდება, ჩვენ ვერ მოვესწრებით. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ