"მოქმედებს თუ არა ლუკაშენკო "გიჟის თეორიის" მიხედვით? "ბატკა" ახალი სანქციებით უნდა შეიბოჭოს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"მოქმედებს თუ არა ლუკაშენკო "გიჟის თეორიის" მიხედვით? "ბატკა" ახალი სანქციებით უნდა შეიბოჭოს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია ბელარუსის შესახებ სათაურით - "მოქმედებს თუ არა ბელარუსის პრეზიდენტი "გიჟის თეორიის" მიხედვით?", რომლის ავტორია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი ენდრიუ უილსონი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთ-ერთი ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, სავარაუდოდ, თავის მოქმედებას ისეთ პოლიტიკური სტრატეგიის მიხედვით წარმართავს, რომელიც ე.წ. გიჟური მოქმედების თეორიის სახელით არის ცნობილი. ყველაზე მეტად ასეთი მოქმედების ტაქტიკას აშშ-ის პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის მმართველობას უკავშირებენ - ამერიკის 37-ე ლიდერს 1960-იან წლებში, ჩრდილოეთ ვიეტნამთან და საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების დროს, სურდა, რომ იგი ისეთ ადამიანად ჩაეთვალათ, რომელიც მზადაა, ყველაზე ირაციონალური და სახიფათო ნაბიჯი გადადგას, ბირთვული იარაღის გამოყენების ჩათვლითაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეები შეშინდებოდნენ და დათმობაზე წავიდოდნენ, - წერს ენდრიუ უილსონი.

სტატიაში ავტორი თვლის იმ სკანდალებს, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მის ჩინოვნიკებთან არის დაკავშირებული: მხოლოდ ბოლო კვირაში ტოკიოს ოლიმპიადიდან იძულებული გახდა, პოლონეთში ემიგრირებულიყო ბელარუსი მძლეოსანი ქალი ქრისტინა ტიმანოვსკაია, ხოლო კიევში საეჭვო ვითარებაში იქნა მოკლული ბელარუსიდან ემიგრირებული ოპოზიციონერი აქტივისტი ვიტალი შიშოვი. გარდა ამისა, ოფიციალური მინსკი ევროკავშირსაც აშანტაჟებს - ბელარუსის მთავრობა ხელს აღარ უშლის, აღარ აკავებს არალეგალურ მიგრანტებს და მათ დაუბრკოლებლად გზავნის მეზობელი ლიეტუვას (ჩათვალეთ - ევროკავშირის) საზღვრისკენ. მანამდე კი ბელარუსის ხელისუფლებამ თავის საჰაერო სივრცეში მყოფი ირლანდიის ავიაკომპანიის - Ryanair-ის ათენი-ვილნიუსის მარშრუტის მქონე თვითმფრინავი იძულებული გახადა, მინსკში დაშვებულიყო, რადგან მგზავრებს შორის ოპოზიციური აქტივისტი იმყოფებოდა. გარდა ამისა, ბელარუსმა დახურა თავისი საზღვარი უკრაინასთან და სასტიკად დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს ქვეყნის შიგნით.

"შესაძლოა, ალექსანდრე ლუკაშენკოს არ აქვს წაკითხული რიჩარდ ნიქსონის შესახებ დაწერილი მრავალრიცხოვანი ბიოგრაფიები, მაგრამ იგი, როგორც ჩანს, ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტისეულ "გიჟის თეორიის" პრაქტიკულ გამოცდას ახორციელებს, რომლის მიხედვით, თავისი არაპროგნოზირებადი მოქმედება და უგუნური ქცევა მას ერთგვარ უპირატესობას აძლევს, ხოლო ოპონენტები და - მოკავშირეც კი (რუსეთი) ჩიხში შეჰყავს", - წერს ენდრიუ უილსონი, - "ამ შემთხვევაში ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ შედარებით უფრო რბილად არიან განწყობილნი, უკვე ეჭვის თვალით უყურებენ მას და ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის "გიჟური ქცევის" მიზეზი მხოლოდ სანქციები არ არის".

ავტორი დარწმუნებულია, რომ ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთმა უკან არ უნდა დაიხიოს და "ბატკა" ახალი სანქციებით უნდა შებოჭოს, მასთან ერთად კი ის რუსი და ბელარუსი ოლიგარქებიც, რომლებიც "მხარს უჭერენ ლუკაშენკოს რეჟიმს". ენდრიუ უილსონი, ასევე, თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უფრო აქტიურად უნდა გაუწიონ დახმარება უკრაინას, ხოლო ლიეტუვას - ხელი შეუწყონ ევროკავშირის საზღვრის დაცვაში, ბელარუსთან მიმართებით.

"არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რატომ იქცევა ასე გიჟურად და უგუნურად ბელარუსის ლიდერი - პოლიტიკური გათვლა აქვს მას თუ სხვა მიზეზით, მთავარი ისაა, რომ დიქტატორს დაუსჯელად მოქმედების უფლება მეტად აღარ უნდა ჰქონდეს: უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მოქმედებით არა მარტო სხვა სახელმწიფოები ზარალდებიან, არამედ - თვითონ ბელარუსი ხალხიც, რომელიც უნდა დავიცვათ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ