კოვიდ-ექსპერიმენტი: როგორ გადაურჩა შვედეთი პანდემიას მკაცრი კარანტინის გარეშე? - კვირის პალიტრა

კოვიდ-ექსპერიმენტი: როგორ გადაურჩა შვედეთი პანდემიას მკაცრი კარანტინის გარეშე?

გასული წლის მარტში, როცა პანდემიასთან ბრძოლისა და პირველი ტალღის გადალახვისთვის მთელმა მსოფლიომ გადაწყვიტა, მკაცრი რეგულაციები გაეტარებია, საზოგადოება კი თვითიზოლაციაში გადასულიყო, შვედეთში ვირუსთან ბრძოლის სრულიად განსხვავებულ ხერხს მიმართეს.

იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად არ გაუარესებულიყო, გადაწყვიტეს, საზოგადოებაში კოლექტიური იმუნიტეტი გამოემუშავებინათ. მათ საზოგადოებას რეკომენდაციის სახით მიაწოდეს ყველა ინფორმაცია, როგორ შეიძლებოდა ვირუსისგან თავი დაეცვათ.

მაგალითად, გაზაფხულზე, როცა ევროპის ქვეყნებში საზოგადოების თავშეყრა აკრძალული იყო, შვედეთში მოქალაქეებს შეეძლოთ შეკრებილიყვნენ და მათ რაოდენობა 50-მდე უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ზამთრისკენ შეცვალეს რეგულაცია და შეკრება 8 ადამიანამდე შეამცირეს, თუმცა ესეც - მხოლოდ ცოტა ხნით.

ადგილობრივი პრესის ცნობით, მხოლოდ 2021 წლის იანვარში გაიცა პირბადის ტარების რეკომენდაცია, აქამდე, თუ ვინმე ქუჩაში პირბადით გამოჩნდებოდა, საზოგადოების გაოცებას იწვევდა. თუ ევროპის ქვეყნებში სკოლები დახურეს და სასწავლო პროცესი შეაჩერეს, შვედეთში სწავლა არ შეჩერებულა და ჩვეული რეჟიმით მიმდინარეობდა. რაც შეეხება ვაქცინაციას, აქ ყველას აქვს უფლება თავად აირჩიოს, გაიკეთებს თუ არა ვაქცინას, მათ შორის - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, შესაბამისად, კანონებიცა და რეგულაციებიც ყველა ადამიანისთვის ერთნაირია.

ანალიტიკოსები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღნიშნავდნენ, რომ შვედეთში შექმნილი ვითარება უნიკალურია. როგორც პრესაში ვკითხულობთ, ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ენდობა ხელისუფლებას, აქ საზოგადოება დისციპლინირებულია და უმნიშვნელო რეკომენდაციებსაც კი დიდი ყურადღებით იცავს. გარდა ამისა, პანდემიასთან ბრძოლის დასასწყისში, არავინ ყოფილა წინააღმდეგი, ასე გამკლავებოდნენ ვირუსს. ადგილობრივ პრესაში საუბრობდნენ იმაზეც, რომ საზოგადოების მცირე ნაწილი მაინც არ უშვებდა ბავშვებს სკოლაში, იყვნენ ისეთი დამქირავებლებიც, რომლებიც ითხოვდნენ ვაქცინაციას და სხვა.

როგორ იმუშავა განსხვავებულმა სტრატეგიამ?

როგორც შვედეთში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ქვეყანაში ეკონომიკა დიდ დარტყმას გადაურჩა, თუმცა ანალიტიკოსებისა და ექიმების გარკვეული ნაწილის აზრით, ასეთი სტრატეგია ცუდი გადაწყვეტილება იყო.

როგორც BBC წერს, იტალიელმა მეცნიერებმა, რომელთაც მსოფლიოს 67 ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული სტატისტიკა შეისწავლეს, დაადგინეს, რომ შვედეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სხვა ჩრდილოევროპულ ქვეყნებში. თუმცა ანალისტიკოსები გვირჩევენ, რომ დასკვნები ნაადრევად არ გავაკეთოთ, რადგან, მაგალითად, პოლონეთსა და ლიეტუვაში მოქალაქეთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შვედეთთან შედარებით ორჯერ მეტია, ხოლო რუსეთში - სამჯერ მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში პანდემიასთან ბრძოლის მკაცრი რეგულაციები დააწესეს.

ექსპერტთა აზრით, მოსახლეობის სიკვდილიანობა ბევრმა მიზეზმა გამოიწვია. ვირუსთან ერთად აქ საყურადღებო იყო, თუ როგორი სამედიცინო მომსახურეობა არსებობს ქვეყანაში, კლიმატი, მოსახლეობის რაოდენობა ქალაქებში და მათ შორის, კულტურული წეს-ჩვეულებებიც.

ჟურნალ Economist-ის ანალიზი კი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ჟურნალი თავად, დამოუკიდებლად აწარმოებდა კვლევას, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში და რამ გამოიწვია სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი. მათი დასკვნით, ქვეყანაში რაც უფრო დიდია სოციალურ ფენათა სხვაობა და ქვეყანაში არსებობს მდიდრებისა და ღარიბების ფენა, მით უფრო მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

როგორც BBC წერს, მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, დღეს შვედეთში ეკომონიკამ ყველაზე ნაკლები დარტყმა მიიღო, ვიდრე სხვა ქვეყნებმა, თუმცა შვედეთის ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა ევროპული ქვეყნების, ასევე - ამერიკისა და ჩინეთის ეკონომიკასთან და, სანამ მსოფლიოში მკაცრი რეგულაციებია, შვედეთი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად პროდუქციის ექსპორტზე გატანას და ვერც ახალი პროდუქციის დამოუკიდებლად წარმოებას. (წყარო)