ჯო ბაიდენი:"ვიმედოვნებთ, საქართველოს მხარდაჭერით სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება რეგიონული თანამშრომლობისთვის" - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენი:"ვიმედოვნებთ, საქართველოს მხარდაჭერით სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება რეგიონული თანამშრომლობისთვის"

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მხარდაჭერით აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების და სამშობლოში დაბრუნების მიმართულებით წინსვლა მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისთვის.

სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ჯო ბაიდენის მისალოც წერილში, რომელიც მან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასა და ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გაუგზავნა.

"შეერთებული შტატები მოხარულია სომეხის სამხედრო პატიმრების აზერბაიჯანიდან გათავისუფლების ძალისხმევას დაეხმაროს და ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა სამხედრო ტყვის უსაფრთხო დაბრუნებისკენ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მხარდაჭერით ამ მიმართულებით ჩვენი პროგრესი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისთვის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ დისკუსიებთან ერთად“, - აღნიშნულია ბაიდენის წერილში.

აქვე საუბარია, რომ ის აცნობიერებს უსაფრთხოების იმ რთულ გამოწვევებს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად წარმოიქმნა.

"შეერთებული შტატები მზად არის მხარეებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი გზით პრობლემის გადაწყვეტისთვის მოლაპარაკებებში დაეხმაროს. ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც შეიძლება მალე ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში“, - აღნიშნულია ბაიდენის მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"