"კოკაინის გაყიდვით შემოსულ თანხებს ისინი ლეგალური ბიზნესის წარმოებისთვის იყენებენ" - ვინ არის ესპანეთში დაკავებული იტალიელი "ბოსების ბოსი" - კვირის პალიტრა

"კოკაინის გაყიდვით შემოსულ თანხებს ისინი ლეგალური ბიზნესის წარმოებისთვის იყენებენ" - ვინ არის ესპანეთში დაკავებული იტალიელი "ბოსების ბოსი"

ესპანეთში იტალიური მაფიოზური კლანის "ნდრანგეტას" ხელმძღვანელი დომენიკო პავილიატინი დააკავეს, რომელსაც დაუსწრებლად ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, თუმცა მიმალვაში იმყოფებოდა.

იტალიური კლანი "ნდრანგეტა" ევროპაში კოკაინის მთავარ შემომტან კლანად მიიჩნევა. როგორც ესპანელი და იტალიელი სამართალდამცავები ამბობენ, დომენიკო მადრიდის ერთ-ერთ ქუჩაზე დააკავეს.

პავილიატინის დაკავება ესპანელმა და იტალიელმა სამართალდამცავებმა ერთობლივი მუშაობით მოახერხეს. ჩხრეკისას მას 6 ათას ევრომდე, 6 ტელეფონი და პორტუგალიის ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს. მას 1980-90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულის გამო ეძებდნენ. პირველად ის ესპანელმა სამართალდამცავებმა 1996 წელს დააკავეს. სამი წლის შემდეგ დომენიკო ექსტრადაციით იტალიაში გადაიყვანეს, სადაც უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა 2019 წელს მისმა ადვოკატებმა საქმეში მოსამართლის შეცდომა აღმოაჩინეს, "ბოსების ბოსის" საქმე თავიდან განიხილეს და გაათავისუფლეს კიდეც. პავილიატინი ისევ ესპანეთში გაიქცა.

მიუხედავად ამისა, ამ წლის იანვარში პავილიატინის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რაც მკვლელობასა და ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას გულისხმობდა, მას დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ დომენიკო ხელმძღვანელობს კლანს, რომელსაც სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები შემოაქვს. 60 წლის დომენიკოს "ბოსების ბოსად" მიიჩნევენ. ის კლანის იერარქიაში ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას.

2021 წლის იანვარში თავიდან დაწყებული გამოძიების შედეგად, იტალიის ქალაქ ლამეცია-ტერმეში გრანდიოზული სასამართლო პროცესი დაიწყეს, რადგან "ნდრანგეტას" სინდიკატის "ბოსის" - დომენიკო პავილიატინის საქმის განხილვასთან ერთად, სასამართლოს წინაშე 355 ადამიანი წარდგა, მათ შორის იყვნენ კორუმპირებული ჩინოვნიკები, მოსყიდული იურისტები, ბიზნესმენები და სხვები.

ამ ადამიანებს ფულის გათეთრებას, დაშინებას, შანტაჟს, მკვლელობას, ქრთამის აღებასა და კიდევ უამრავ დანაშაულს ედავებოდნენ. საბოლოოდ, დომენიკოს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს, თუმცა ის ამ დრომდე იმალებოდა.

რას წარმოადგენს "ნდრანგეტა"?

იტალიური კლანი "ნდრანგეტა" სათავეს კალაბრიის რეგიონიდან იღებს. როგორც ამბობენ, ის "კოზა ნოსტრაზე" პატარა დაჯგუფებაა, თუმცა ექსპერტების მტკიცებით, ეს დაჯგუფება თუ უფრო დიდი არა, "კოზა ნოსტრას" არაფრით ჩამორჩება. ისინი კალაბრიის რეგიონში ყველა სფეროს აკონტროლებენ, მათ შორის -  ჯანდაცვის სისტემასა და დამკრძალავი ბიუროების ბიზნესსაც კი.

კოკაინის გაყიდვით შემოსულ თანხებს ისინი ლეგალური ბიზნესის წარმოებისთვის იყენებენ.

"ნდრანგეტას" კლანმა, რომელიც იტალიის უკიდურეს სამხრეთში წარმოიშვა, უკვე დიდი ხანია, მოიცვა მთელი ევროპა, კოკაინის გაყიდვით კლანის ყოველდღიური შემოსავალი 50 მილიარდ ევროს აღწევს. (წყარო)