"გრძელი რიგები ქვეყნის საზღვართან, შეშინებული ხალხის კიდევ უფრო დიდი რიგები ბანკებთან - ისინი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ" - რა ვითარებაა ქაბულში? - კვირის პალიტრა

"გრძელი რიგები ქვეყნის საზღვართან, შეშინებული ხალხის კიდევ უფრო დიდი რიგები ბანკებთან - ისინი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ" - რა ვითარებაა ქაბულში?

გრძელი რიგები ქვეყნის საზღვართან, შეშინებული ხალხის კიდევ უფრო დიდი რიგები ბანკებთან, რომლებიც ანგარიშიდან თანხის მოხსნას და ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ - ასეთია ამ დროისთვის მდგომარეობა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სადაც ტერიტრისტულმა დაჯგუფებამ - "თალიბანმა" ქალაქის აღება დაიწყო.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე ტეორისტული დაჯგუფების წევრებმა ქვეყნის სხვა რაიონები დაიკავეს, დღეს კი მათ ქაბულში შეჭრა დაიწყეს.

15 აგვისტოს, დილით, თალიბები ქალაქს მიადგნენ, მათ საზოგადოებას პირობა მისცეს, რომ ძალადობას არ დაუშვებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობა მიმდინარე პროცესებით შეშინებულია და ამ დრომდე ცდილობენ ქვეყნიდან გაქცევას.

როგორც საინფორმაციო საშუალებები აცხადებდნენ, "თალიბების" წარმომადგენლები ადგილობრივი მთავრობის წევრებთან მივიდნენ და მათ მმართველობის გადაბარება მოსთხოვეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთისკენ გაფრინდა.

თალიბების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მებრძოლებს არ მისცემენ საშუალებას ქალაქის აღების აღსანიშნავად ჰაერში გახსნან ცეცხლი. ავღანელ ჯარისკაცებს სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემენ. აეროპორტი და საავადმყოფოები არ შეწყვეტენ მუშაობას. უცხოელებს ექნებათ საშუალება დატოვონ ქვეყანა ან გაწევრიანდნენ "თალიბანში“.

ამ დროისთვის აშშ-ს წარმომადგენლებმა დააჩქარეს დიპლომატიური კორპუსის წევრების გამოყვანის საქმე.

ავღანელები მასობრივად ტოვებენ ქაბულს

ქაბულის გასასვლელში მანქანების გრძელი რიგი დგას. ამ დროისთვის ხალხი ქალაქის დატოვებას ცდილობს. დილიდან ბანკებთანაც დიდი რიგია, მოსახლეობა საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოხსნას ცდილობს.

"სახლში ვარ და ვუყურებ როგორ ცდილობს მოსახლეობა ქვეყნიდან გაქცევას. არ ვიცი, საით მიდიან, ეს ყველაფერი საშინელი სანახავია", - განაცხადა BBC-სთან ავღანელმა დეპუტატმა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ პაკისტანის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკეტა, რადგან ეს ადგილი "თალიბებმა" დაიპყრეს, ახლა ქვეყნის დატოვების ერთადერთ გზას აეროპორტი წარმოადგენს.

"ზოგიერთმა ადამიანმა ავტომობილიც მიატოვა და ფეხით წავიდა აეროპორტისკენ".

საინფორმაციო პორტალის Tolo News-მა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ქაბულის ქუჩებში მამაკაცები ქალის გამოსახულების სარეკლამო ბანერებს ფარავენ. რა ელის ქალთა და არა მარტო ქალთა უფლებებს, მას შემდეგ რაც ქვეყანას მთლიანად "თალიბანი" დაიმორჩილებს, ეს ყველაზე გაურკვეველი საკითხია.

ამ დროისთვის გერმანიამ ქაბულში საელჩო დახურა. როგორც ცნობილია, საელჩოს წარმომადგენლები ქაბულის აეროპორტის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს. ამერიკელი დიპლომატებიც საერთაშორისო აეროპორტში ვერტმფრენით გადააფრინეს.

1996 წლიდან 2001 წლამდე, როცა ავღანეთის უდიდეს ნაწილს თალიბები აკონტროლებდნენ, ქვეყანაში უმკაცრესი კანონები მოქმედებდა: ქურდობისთვის ხალხს ხელის ან ფეხის მოკვეთით სჯიდნენ. გოგონებს სკოლაში სწავლა ეკრძალებოდა. ჯინსებით და სხვა არატრადიციული სამოსით ქუჩაში სიარული აკრძალული იყო. ახლა კი როცა ქვეყანა მალე ისევ ტერორისტული ორგანიზაციის ხელში გადავა, არავინ იცის, ქვეყანაში რა წესები ამოქმედდება. (წყარო)