"ზოგიერთი მამაკაცი შეშინებულ გოგონებს დასცინოდა, "ახლა წადი და ჩადრი ჩაიცვი", ვიღაცამ მეორე მხრიდან დაიძახა, "ერთ დღესაც თქვენ ოთხზე ვიქორწინებ" - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი მამაკაცი შეშინებულ გოგონებს დასცინოდა, "ახლა წადი და ჩადრი ჩაიცვი", ვიღაცამ მეორე მხრიდან დაიძახა, "ერთ დღესაც თქვენ ოთხზე ვიქორწინებ"

"უამრავი შეზღუდვა დაგვიწესეს. ქუჩაში გასვლა ჩემი თანმხლები მამაკაცის - მეუღლის გარეშე აღარ შემიძლია და, ამავე დროს, ბურკაც უნდა მეცვას. ალაჰს ვევედრებით, რომ ისინი მალე მოგვაშოროს"

15 აგვისტოს შემდეგ, რაც ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანის" წევრებმა ეტაპობრივად დაიკავეს ქალაქი ქაბული, ქვეყანაში ვითარება მკვეთრად დაიძაბა. ქვეყნებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სპეციალური ვერტმფრენებით გამოიყვანეს. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ქვეყნის დატოვებას ამ დრომდე ცდილობს. ისინი ქაბულის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართებიან. ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმაც. 60-ზე მეტმა ქვეყანამ "თალიბანის" წარმომადგენლებს მოუწოდა, ხელი არ შეუშალონ ხალხს ქაბულის დატოვებაში.

"ეს შენი ქუჩაში ყოფნის ბოლო დღეა"

The guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც სტუდენტები ჟურნალისტს უყვებიან, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც ქაბულში ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლები შეიჭრნენ:

"კვირას, დილაადრიან, უნივერსიტეტისკენ მივდიოდი, როცა ქალთა საერთო საცხოვრებლიდან რამდენიმე გოგონა მორბოდა. მათ ვკითხე, საით გარბოდნენ, ერთ-ერთმა მითხრა, რომ პოლიციამ ევაკუაცია დაიწყო, რადგან "თალიბანი" ქაბულში შემოიჭრა, ისინი ფიზიკურად გაუსწორდებიან ყველა ქალს, ვისაც არ ექნება ბურკა.

ყველას სახლში წასვლა გვინდოდა, მაგრამ არ შეგვეძლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება. მძღოლები უარს ამბობდნენ სტუდენტი გოგონების მანქანით გადაყვანაზე, რადგან ვერ იღებდნენ პასუხისმგებლობას. ყველა, ვინც არ ცხოვრობდა ქაბულში, შეშინდა, არ იცოდა, სად წასულიყო. ზოგიერთი მამაკაცი ქუჩაში იდგა და შეშინებულ გოგონებს დასცინოდა. იძახდნენ: "ახლა წადი და შენი ჩადრი ჩაიცვი", "ეს შენი ქუჩაში ყოფნის ბოლო დღეა", ვიღაცამ მეორე მხრიდან დაიძახა, "ერთ დღესაც თქვენ ოთხზე ვიქორწინებ"...

ნოემბერში ავღანეთში ამერიკის უნივერსიტეტს და ქაბულის უნივერსიტეტს დავასრულებდი, თუმცა ამ დღემ ყველაფერი შეცვალა. ძალიან ბევრი ვიშრომე და ვისწავლე იმისთვის, რომ ის პიროვნება გავმხდარიყავი, რაც დღეს ვარ, თუმცა დილით, სახლში მისვლისას, მე და ჩემმა დამ სასწრაფოდ ჩვენი პირადობის მოწმობები, დიპლომები და სერთიფიკატები გადავმალეთ. ეს გამანადგურებელი შეგრძნება იყო. რატომ უნდა დავმალოთ ის ნივთები, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ?

ამ პოლიტიკური ომის გამო, რომელიც კაცებმა წამოიწყეს, როგორც ქალი, თავს მსხვერპლად ვგრძნობ. ვიგრძენი, რომ ვეღარ შევძლებ ხმამაღლა გაცინებას, ვეღარ შევძლებ ჩემი საყვარელი მუსიკის მოსმენას, ვეღარ შევხვდები მეგობრებს ჩვენს საყვარელ კაფეში, ვეღარ ჩავიცმევ ჩემს საყვარელ ყვითელ კაბას და ვერ წავისმევ ჩემს ვარდისფერ ტუჩსაცხს...

სილამაზის სალონშიც ხშირად დავდიოდი, ჩემი საყვარელი სალონის წინ მაღაზია დიდი სარეკლამო ბილბორდებით იყო გალამაზებული, გუშინ, ღამით, გოგონების სარეკლამო ფოტოები თეთრი საღებავით გადაუღებავთ...

ჩემ ირგვლივ მხოლოდ შეშინებული ქალებისა და უშნო კაცების სახეს ვხედავ, რომელთაც ქალების ზიზღი სახეზე აწერიათ", - ამბობს სტუდენტი გამოცემასთან საუბრისას. (წყარო)

"ალაჰს ვევედრებით, რომ ისინი მალე მოგვაშოროს"

როგორც ცნობილია, აქამდე ქაბულში უამრავი ქალი ამბობდა უარს ჩადრისა თუ ბურკის ტარებაზე.

"ჩემთვის ბურკა ყოველთვის იყო ტყვეობის აღმნიშვნელი. თითქოს პატარა ჩიტი ხარ, რომელიც გალიაში გამოამწყვდიეს. არასდროს წარმომედგინა, რომ მისი ტარება მომიწევდა. დღეს, თუ მინდა, რომ ცოცხალი გადავრჩე, იძულებული ვიქნები, ბურკა ვატარო", - ამბობს the Guardian-თან ნეგინი.

ქაბულში შესვლამდე ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ავღანეთის სხვა რეგიონები დაიკავეს, იქ მცხოვრებნი კი უცხოურ მედიასთან გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ:

"უეცრად თითქმის ყოველგვარი თავისუფლება წაგვართვეს, ეს ძალიან რთულია. ისინი ძალიან სასტიკები არიან, ამიტომ იძულებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რასაც გვიბრძანებენ", - ამბობს ნურია აია BBC-სთან.

"მამაკაცებს აუკრძალეს წვერის გაპარსვა, ხოლო სტილისტებს აეკრძალათ თმის მოკლედ შეჭრა, ეს "უცხოურად" მიიჩნევა. უამრავი შეზღუდვა დაგვიწესეს. ქუჩაში გასვლა ჩემი თანმხლები მამაკაცის - მეუღლის გარეშე აღარ შემიძლია და, ამავე დროს, ბურკაც უნდა მეცვას. ისინი მათი მიზნების მისაღწევად ისლამს იყენებენ, ჩვენც მუსლიმები ვართ, მაგრამ ჩვენი ისლამი განსხვავდება. ალაჰს ვევედრებით, რომ ისინი მალე მოგვაშოროს", - ამბობს ნურია.

როგორც ცნობილია, "თალიბანში" კიდევ ერთი ორგანიზაცია - Amri bil Marof-ია გაერთიანებული, სწორედ ამ ორგანიზაციის წევრები ადგენენ კანონებსა და სოციალურ ნორმებს.

როგორც ფარჰათის რაიონში მცხოვრები ასიფ აჰადი ამბობს, "თალიბების" შემოსვლის შემდეგ ყველა კანონი შეიცვალა:

"ადრე, ყოველ პარასკევს საღამოებს ვაწყობდით, ვცეკვავდით, ვერთობოდით, ახლა ეს აკრძალულია. რაც შეეხება დანაშაულის აღკვეთას, ისინი ამ ყველაფერს რამდენიმე დღეში აგვარებენ, არ არის არავითარი ბიუროკრატია და ფორმალობა, სასჯელის გასაჩივრებაც არ შეგიძლია".

მოსახლეობის თქმით, თალიბები მათგან ზაქათის - სავალდებულო მოწყალების შეკრებას ითხოვენ. ყურანის მიხედვით, ზაქათს მდიდარი მუსლიმიდან იღებენ, რათა ღარიბებს დაეხმარონ, როგორც მოსახლეობა ამბობს, მოსაკრებელი არა ხალხს, არამედ - თავად დაჯგუფების წევრებს ხმარდება.

"ხალხი ძალიან გაღარიბდა, ქვეყანაში არ არის სამუშაო ადგილები და ინვესტიცია".

დაიხურა სკოლებიც, "თალიბების" განცხადებით, უნდა გადაიხედოს სასწავლო პროგრამა და ის შარიათის კანონების მიხედვით უნდა მიმდინარეობდეს.

"რომ ვიცოცხლოთ, ამისთვის მათ თავი უნდა დავუხაროთ, ვერავინ ბედავს წინააღმდეგობის გაწევას და საპასუხო სიტყვის თქმას", - ამბობს ჯან აღა. (წყარო)

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტში მოსახლეობას ამერიკელი და თურქი სამხედროები იცავენ და ცდილობენ, მოსახლეობის ევაკუაცია გაგრძელდეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი თვითმფრინავის ფრთიდან გადმოვარდა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. რამდენიმე ადამიანი სამხედროებმა მოკლეს.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 14 და 15 აგვისტოს უზბეკეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა 22-მა ავღანურმა თვითმფრინავმა და 24-მა ვერტმფრენმა. ბორტზე 585 ავღანელი სამხედრო იმყოფებოდა. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი კი უკანონოდ 158-მა ავღანელმა სამხედრომ და მშვიდობიანმა მოქალაქეებმა გადაკვეთეს.