სანდუ თავისივე ინაუგურაციაზე ფეხით მივიდა - ვინ არის ვეტერინართა ოჯახში დაბადებული მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

სანდუ თავისივე ინაუგურაციაზე ფეხით მივიდა - ვინ არის ვეტერინართა ოჯახში დაბადებული მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი?

დღეს მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელსაც ქალი პრეზიდენტი მართავს, მათ შორის კი ერთ-ერთი მოლდოვაა. მოლდოვის ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდა. მაია სანდუმ, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა, ამომრჩეველთა ხმების 57,75%-ი მოიპოვა. იგი ინაუგურაციაზე ფეხით მივიდა და ინაუგურაციის შემდეგაც ტერიტორია დაცვისა და კორტეჟის გარეშე დატოვა. ის ქვეყანას სათავეში 2020 წლის 24 დეკემბრიდან ჩაუდგა.

მომავალი პრეზიდენტი მოლდოვის ერთ-ერთ სოფელში - რისიპენში, 1972 წლის 24 მაისს, ვეტერინართა ოჯახში დაიბადა. როგორც ცნობილია, სანდუსთვის მამა მისაბაძი ადამიანი იყო. ის ხშირად აღნიშნავს, რომ მამისგან ისწავლა სამართლიანობა. მამა ვეტერინარი გახლდათ და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა.

"ის ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი იყო. სახლიდან მაშინ გადიოდა, როცა გაღვიძებულიც კი არ ვიყავი და სამსახურიდან ხშირად მაშინ ბრუნდებოდა, როცა მეძინა. მას შეეძლო ყველა პრობლემა გარეთ დაეტოვებინა, რათა შინ ყოველთვის სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყოფილიყო".

მომავალმა პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების მართვის აკადემია, ასევე, ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტიც დაასრულა. ყველასთვის ცნობილია მისი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ, თუმცა არავინ საუბრობს პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე. ცნობილია, რომ იგი ჯერ არ დაოჯახებულა.

როცა საქმე ოჯახს ეხება, მაია ხაზს უსვამს, რომ იგი არ არის მარტო, რადგან მას ძალიან დიდი ოჯახი ჰყავს - ბიძები, ბიძაშვილები და სხვა ნათესავები. იგი ამბობს:

"ძალიან დიდი ოჯახი მყავს. მამაჩემი დაიბადა ისეთ ოჯახში, სადაც 7 ბავშვი იზრდებოდა, დედის ოჯახში კი - 6 ბავშვი იყო. ჩემს დეიდებსა და ბიძებს ორი-ორი ან სამ-სამი შვილი ჰყავთ, ძალიან ბევრი ბიძაშვილ-დეიდაშვილი მყავს და ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს"... ცნობილია, რომ სანდუს 45-მდე ბიძაშვილი და დეიდაშვილი ჰყავს.

ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, აშშ-ში ყოფნისას, სადაც კარგი კარიერა ჰქონდა, გაუჭირდა ოჯახისგან მოშორებით ცხოვრება, სწორედ ამიტომ იგი სამშობლოში დაბრუნდა.

პრეზიდენტის დიდი ოჯახი რისიპენში, რუმინეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობს. ქვეყნის პრეზიდენტს ყოფილი მეზობლებიც კარგად ახასიათებენ, მათი თქმით, ბავშვობაში სანდუ ძალიან მშვიდი და კეთილი ბავშვი იყო, რომელიც მინდორში ბატებს მიდენიდა ხოლმე, უყვარდა კითხვა და საერთოდ არ ცელქობდა. მაიას დედა ადგილობრივ სკოლაში მასწავლებელი იყო, გოგონა კარგად სწავლობდა, დედის იმედები რომ არ გაეცრუებინა.

როგორც თავად მაიამ განაცხადა, მომავალი პროფესიაც მშობლებმა შეურჩიეს, მათ გადაწყვიტეს, რომ გოგონა ეკონომისტი იქნებოდა. მან კიშინიოვის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, სწავლა წარმატებით დაასრულა და კარგი სტუდენტი, სამუშაოდ ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნეს. როგორც ცნობილია, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ იგი ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა და ამ თანამდებობაზე ორ წელიწადს იმუშავა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2012 წელს ის განათლების მინისტრად დაინიშნა და სწორედ ასე დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერაც.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ის საკმაოდ ძლიერი განათლების მინისტრი იყო. სწორედ მის დროს გატარდა რეფორმები და ქვეყნის სასწავლებლებში რუსული ენა აღარ იყო სავალდებულო ენა. შეიცვალა გამოცდების სისტემაც და აუდიტორიებში ვიდეოკამერებიც დააყენეს.

რაც შეეხება მის საპრეზიდენტო საქმიანობას, სანდუ ერთმნიშვნელოვნად ითვლება პროდასავლელ პოლიტიკოსად. მისი წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლა, რომელიც, დაახლოებით, 20-წუთიანი იყო, საერთოდ განსხვავდებოდა სხვა პრეზიდენტების სიტყვისგან. მიმართვისას მან, საერთო ჯამში, მიმოიხილა და ისაუბრა ყველა პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და არაფერი თქვა დაპირებებზე, ამის გამო იგი გააკრიტიკეს კიდეც.

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ სანდუმ საკმაოდ მკაცრი და პრინციპული ხასიათი გამოავლინა და "რკინის ლედიც" შეარქვეს. ხშირად ამსგავსებდნენ უკრაინელ პოლიტიკოსს იულია ტიმოშენკოსაც. თუმცა, როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ტიმოშენკოზე მეტად ის უფრო სხვა ევროპელ ქალ პოლიტიკოსებს ჰგავს, რადგან ძალიან ცოტა დროს უთმობს გარეგნობაზე ფიქრს და ბოლომდე საქმეშია ჩართული. როგორც ამბობენ, მისი სტილი კარედ შეჭრილი თმა, მსუბუქი მაკიაჟი, პიჯაკები, ქვედაბოლო და შარვალია. სადღესასწაულო კაბების ნაცვლად იგი ფერად პიჯაკს ანიჭებს უპირატესობას, ხშირად იყენებს ყელსახვევსაც. სილამაზის ცენტრებში სიარულზე კი ერთხელ განაცხადა:

"არ მესმის, რომელი სახსრებით უნდა იაროს ქალმა სილამაზის სალონში ყოველ კვირას?"

როგორც ამბობენ, პრეზიდენტი კონსერვატორულ, უბრალო ჩაცმულობას ირჩევს, თუმცა საზღვარგარეთ ვიზიტისას მას ძვირად ღირებულ სასტუმროებში და მაღალი კლასის რესტორნებში იხილავთ.

მაშინ, როცა ჯერ კიდევ განათლების მინისტრი იყო, ამბობდა, რომ სამთავრობო ინსტიტუტების სასადილოებში არ სადილობს, რადგან ის კერძები არ შეეფერება. ამბობდა, რომ საკვები მისთვის სოფლიდან დეიდას ჩააქვს.

ერთხელ პრეზიდენტმა თავისი ოცნება მოლდოველ ბლოგერს გაუმხილა. როგორც მაიამ განაცხადა, მისი ოცნებაა ბავშვი იშვილოს, როგორც მან განაცხადა, ეს უკვე სცადა, თუმცა პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

"მაგალითად მომყავს სხვა სახელმწიფო ლიდერები, რომელთაც არ ჰყავთ შვილები. ანგელა მერკელსაც არ ჰყავს შვილი, თუმცა მრავალი წლის მანძილზე დაამტკიცა, რომ მისი ოჯახი - მთელი გერმანიაა", - განაცხადა ერთხელ პრეზიდენტმა.

იხილეთ ფოტოგალერეა