"შიშით ღამითაც აღარ გვძინავს. ეს სატყუარაა, რომლითაც უნდათ ქუჩაში გაგვიყვანონ და შემდეგ მოგვკლან" - კვირის პალიტრა

"შიშით ღამითაც აღარ გვძინავს. ეს სატყუარაა, რომლითაც უნდათ ქუჩაში გაგვიყვანონ და შემდეგ მოგვკლან"

ექსტრემისტული ორგანიზაცია "თალიბანის" ქაბულში შესვლის შემდეგ, ავღანეთში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მოსახლეობა ამ დრომდე ცდილობს ქვეყნის დატოვებას. მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ მმართველობა გადაიბარა, შეიცვალა კანონებიც. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე კი ქალები აღმოჩნდნენ, მათ ქუჩაში გასვლა თანმხლები მამაკაცის გარეშე აღარ შეუძლიათ. როგორც ცნობილია, "თალიბებმა" განაცხადეს, რომ არავის დასჯიდნენ და მთავრობაში ქალებიც მიიწვიეს:

"ისლამში ქალებს აქვთ უფლება. ჩვენი დები, ჩვენი მეუღლეები უსაფრთხოდ არიან. ჩვენი ღმერთის სიტყვისა და ყურანის მიხედვით, ქალები - საზოგადოების უმთავრესი ნაწილია. მათ შეუძლიათ იმუშაონ, მიიღონ განათლება" - განაცხადა ზაბიჰულა მოჯაჰინმა, "თალიბების" წარმომადგენელმა.

მიუხედავად ამ განცხადებისა, თალიბების მმართველობაში მოსვლის შემდეგ, ქალები უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. სავალდებულო გახდა ბურქის ტარებაც.

"მთელს მსოფლიოს ვთხოვ დახმარებას"

18 აგვისტოს სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი შაბმან დავრონი სამსახურიდან გაათავისუფლეს...

"მე შაბმან დავრონი მქვია, უკვე 6 წელია ჟურნალისტი ვარ, აქამდე სახელმწიფო ტელევიზიაში ვმუშაობდი. როცა გავიგე, რომ ახალი სისტემის მოსვლასთან ერთად შეიცვალა კანონებიც, ძალა მოვიკრიბე და სამსახურში მაინც წავედი, თუმცა ახლანდელი რეჟიმის მებრძლებმა ჩემს სამსახურში არ შემიშვეს. მითხრეს, მთავრობა შეიცვალა, სამსახურში შენი შესვლა აკრძალულია და სახლში წადიო. მთელს მსოფლიოს ვთხოვ დახმარებას, რადგან ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია".

"თალიბებმა უნდა განაცხადონ, რომ ყველა გოგო შეძლებს განათლების მიღებას საჯარო სკოლაში და არცერთ შეიარაღებულ პირს არ ექნება მათი ქუჩაში გაჩერების უფლება, მიხედონ თავიანთ თანამდებობებს" - ამბობს აქტივისტი ქალი პაშტანა დურანი.

ნაჯიბა კასრაი, ქაბულის მაცხოვრებელია, ის წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ ადრე, როცა ქვეყანას "თალიბები" მართავდნენ ქალებს ყველა უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ:

"მაშინ ქალებს სახლის დატოვება მამკაცის გარეშე არ შეეძლოთ. გოგონების სკოლაში სწავლება შეაჩერეს, ამიტომ ხალხმა რამდენიმე "იატაკქვეშა"სკოლაც გახსნა. მე როგორც BBC-ს ჟურნალისტი 1996 წელს პაკისტანში წავედი. ვგეგმავდით პირველი ინტერვიუს ჩაწერას "თალიბებთან" და მათ ლიდერებთან, მაგრამ როცა იქ ჩავედით დავინახე, რომ ხალხი გაოცებული გვიყურებდა. ზოგიერთ ახალგაზრდა მებრძოლს უკვირდა, როგორ შეძლო და გაბედა ავღანელმა ქალმა მათ მეთაურთან საუბარი. ინტერვიუს ჩაწერისას "თალიბების" მეთაურს ვკითხე: "თუ შენი ცოლი ცუდად გახდება, გინდა რომ ექიმ კაცთან წავიდეს? თუ გსურს რომ ის ქალმა გასინჯოს? მან მიპასუხა, რა თქმა უნდა, მინდა რომ ეს ქალი იყოს, მე კი ვუთხარი: "საიდან იქნებიან ექიმი ქალები, თუ თქვენ მათ სწავლის საშუალებას არ მისცემთ?

მათ ვკითხე, თუ მისცემდნენ ქალებს სწავლისა და მუშაობის უფლებას, თალიბების მეთაურმა მითხრა, რომ "ახლა ისინი ქალებს არ მისცემენ ამის საშალებას, რადგან რთული სიტუაციაა, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება".

როგორც ცნობილია, ქაბულში "თალიბების" შეჭრის შემდეგ, ქალთა სასწავლებელში სწავლა ისევ აღადგინეს, თუმცა არავინ იცის ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.

"ისინი სოციალურ ქსელში ძალიან გონივრულ კამპანიას აწარმოებენ, მათ სურთ მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მათ დაპირებები მართლაც შეასრულონ", - ამბობს BBC-ს ავღანელი ჟურნალისტი.

BBC-ს ცნობით, ქაბულში დარჩნენ ოჯახები, რომლებიც "თალიბებს" ჯერ კიდევ ემალებიან...

"მეშინოდა, რომ "თალიბები" ქუჩაში მომკლავდნენ"

"ეს დღე არასდოს დამავიწყდება, ქაბულის ქუჩებში ოფისიდან სახლისკენ გავრბოდი და მეშინოდა, რომ "თალიბები" ქუჩაში მომკლავდნენ, რადგან პიჯაკი მეცვა. ახლა სახლში ვარ და არ მეშინია, "თალიბები" სახლში რომ მოვიდნენ, არავინ ეტყვის მთავროვრობაში რომ ვმუშაობდი, თუმცა აცხადებენ, რომ სახლებში არ შეიჭრებიან", - ამბობს BBC-სთან ავღანელი გოგონა, რომელიც სახელმწიფო უწყებაში 2 წელი მუშაობდა.

"ჩვენ უკვე გამოვცადეთ მათი სისასტიკე და როგორ შეიძლება ვენდო? შიშით ღამითაც აღარ გვძინავს. ვიზას ველოდები ქვეყანა რომ დავტოვო, მაგრამ როდის მივიღებ არ ვიცი. აქ რომ დავრჩე, შევძლებ მუშაობას? ვფიქრობ, ჩვენთვის ყველაფერი დასრულდა, მომავლის იმედი დავკარგე", - ამბობს ავღანელი გოგონა.

საინფორმაციო სააგენტოებთან საუბრისას, ზოგიერთი ქალი აღნიშნავს, რომ "თალიბების" განცხადება მათთვის სატყუარაა:

"არ მჯერა მათი განცხადებების, ეს სატყუარაა, რომლითაც უნდათ ქუჩაში გაგვიყვანონ და შემდეგ მოგვკლან. უარს ვამბობ მათი კანონების მიხედვით სწავლასა და მუშაობაზე", - ამბობს ქაბულში მცხოვრები გოგონა.

შეგახსენებთ, როცა ავღანეთს "თალიბები" 1996-2001 წლებში მართავდნენ, მაშინ ქვეყანაში შარიათის უმკაცრესი კანონები მოქმედებდა. ქალები ჩადრს ატარებდნენ, მათი სახე და მთელი სხეული დაფარული უნდა ყოფილიყო.

ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა რამდენიმე დღის წინ ავღანელი ქალები გააფრთხილა, რომ დარჩნენ სახლში იქამდე, სანამ არ შეიქმნება შესაბამისი სისტემები მათი დაცვის უზრუნველსაყოფად.

"ჩვენი ძალები, რომლებიც ახალბედები არიან და ჯერ კარგად გაწვრთნილები არ არიან, შეიძლება ქალებს ცუდად მოექცნენ", - აღნიშნა მუჯაჰიდმა.

ი.