"მუქარა მოსკოვიდან: კრემლი ჩვენც იმას გაგვიკეთებს, რაც საქართველოს გაუკეთა?" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"მუქარა მოსკოვიდან: კრემლი ჩვენც იმას გაგვიკეთებს, რაც საქართველოს გაუკეთა?" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა?

"მოსკოვიდან სულ უფრო ხშირად ისმის მუქარა აზერბაიჯანის მიმართ, რომ განმეორდება 2008 წლის აგვისტოს სიტუაცია - რუსეთი აზერბაიჯანსაც ისეთ დღეში ჩააგდებს, როგორშიც საქართველო აღმოჩნდა ანუ არაა გამორიცხული, რომ რუსეთის არმიამ ბაქოზე შეტევა განახორციელოს. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერმა, კრემლის რუპორმა პეტრე ტოლსტოიმ, იგივე თქვა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ და არაერთხელ აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა ვლადიმერ ევსეევმაც", - წერს ბაქოს გაზეთი "ზერკალო" ("Зеркало") სტატიაში სათაურით - "მუქარა მოსკოვიდან: "ყარაბაღში დიდი ხნით მოვედით და თუ ბევრს ილაპარაკებთ, ბაქომდე მოვალთ და ვერანაირი ერდოღანი ვერ გიშველით" (ავტორი - მირა ჰასანოვა).

რუსები აზერბაიჯანის განცხადებამ გააღიზიანა, რომლის თანახმად, "კრემლი თავის დაპირებებს ვერ ასრულებს და რუსი მშვიდობისმყოფლები ყარაბაღში სიტუაციას ვერ აკონტროლებენ ისე, როგორც საჭიროა".

"მე აზერბაიჯანის განცხადებაში იმას ვხედავ, რომ ბაქო ცდილობს, მოსკოვზე და რუს მშვიდობისმყოფლებზე ერთგვარი ზეწოლა განახორციელოს. ეს მოსკოვისათვის სიგნალს წარმოადგენს... მაგრამ ბაქოს ერთი რამ ავიწყდება: რამდენიც უნდა მოისურვოს აზერბაიჯანმა და ილაპარაკოს, მათ შორის - თურქული სამშვიდობო ძალების განლაგებაზე, მოსკოვის თანხმობის გარეშე მისი გეგმები ვერ განხორციელდება. ბაქოს უნდა ახსოვდეს, რომ მოსკოვი ერევნის ინტერესებსაც ითვალისწინებს. თურქი მშვიდობისმყოფლების განლაგება ყარაბაღში იმ შეთანხმების დარღვევა იქნება, რომელსაც ხელი სამმა მხარემ მოაწერა", - აცხადებს ექსპერტი ვლადიმერ ევსეევი.

და განა მართალი არ არის აზერბაიჯანი თავის პრეტენზიებში მოსკოვის მიმართ? სამმხრივი შეთანხმების რომელი პუნქტი სრულდება? - არცერთი. მაშ რატომ დათანხმდა აზერბაიჯანი სომხური ოკუპაციიდან საკუთარი ტერიტორიის ტრიუმფალური გათავისუფლების შემდეგ რუსული სამშვიდობო ძალების განთავსებას? იმიტომ, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის და, როგორც სომხეთის, ასევე - ყარაბაღელი სეპარატისტების სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანის გარანტიას იძლეოდა. რუსეთმა კი თავისი ჯარების შეყვანის შემდეგ ყარაბაღში აქტიურად დაიწყო პროსომხური მოქმედება, არღვევდა შეთანხმებას და იმის ნაცვლად, რომ სომეხი "ბოევიკები" განეიარაღებინა, მათ წრთვნასა და აღჭურვას ახორციელებს. მოსკოვი, ასევე, მოურიდებლად აცხადებს, რომ სომხეთის არმიას ახალი იარაღით უზრუნველყოფს და აზერბაიჯანს ბრალს სდებს შეთანხმების დარღვევაში.

და როცა აზერბაიჯანი მოსკოვს უთითებს, რომ ის ვერ ასრულებს თავის სამშვიდობო მისიას, მოსკოვიდან ბრაზიანი შეძახილები და მუქარა ისმის. ანუ თუ აზერბაიჯანის არმია გაბედავს და თავის ტერიტორიაზე რუსეთის მფარველობით მყოფ სომეხ ბოევიკებს ლაგამს ამოსდებს, და თუ ამ დროს ერთი ტყვია რუს ივანს მოხვდება, ეს რუსეთისადმი ომის გამოცხადებას ნიშნავს? ანუ კრემლი ჩვენც იმას გაგვიკეთებს, რაც საქართველოს გაუკეთა? შეიძლება უფრო უარეს დღეშიც ჩაგვაგდოს, რადგან თავის დროზე საქართველოს ზურგს უკან მთელი ევროპა და აშშ იყო, ჩვენს ზურგს უკან კი - მხოლოდ თურქეთი დგას.

"შეიძლება განმეორდეს ის, რაც საქართველოს მიმართ მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მოსკოვის მოთმინება უსაზღვრო არ არის და ბაქომ ეს უნდა გაითვალისწინოს. ყოველი მცდელობა, არსებული სიტუაციის შეცვლის მიზნით, რეგიონის დესტაბილიზების მცდელობად იქნება განხილული", - ასეთ გაფრთხილებას გვიგზავნის ვლადიმერ ევსეევი.

ასეთი გამოსვლები გასაგები იქნებოდა, რუსები რომ ოფიციალურად ინტერვენტები ყოფილიყვნენ (თუმცა, კაცმა რომ თქვას, რუსების მოქმედება თავისი არსით ნამდვილად ინტერვენციაა!). სამწუხაროდ, ისინი ჩვენვე მოვიწვიეთ საკუთარ ტერიტორიაზე და ახლა საკუთარ სახლში გვემუქრებიან. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. აბა, ვინმე თუ გაიხსენებს, რომ ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთი რომელიმე ქვეყნის ტერიტორიიდან საკუთარი ნებით გადიოდა? ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. ვლადიმერ პუტინი ხომ არც "გულკეთილი" ლეონიდ ბრეჟნევი არის, არც სუსტნებისყოფიანი მიხეილ გორბაჩოვი და არც სიტყვის პატრონი ბორის ელცინი. იგი ვლადიმერ ევსეევის სიტყვებით გვაფრთხილებს, რომ "ყარაბაღიდან გასვლას არ ვაპირებთ, მოვედით დიდი ხნით და, თუ უკმაყოფილების გამოხატვას გააგრძელებთ, ბაქომდე მოვალთ და ვერანაირი ერდოღანი ვერ გიშველით... მით უმეტეს, რომ თქვენი მარადიული მფარველი არ იქნება".

"რუსი მშვიდობისმყოფლები ყარაბაღში მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იქნებიან. შემდგომში კი ყველაფერი თურქეთსა და აზერბაიჯანში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციით იქნება განსაზღვრული. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, დარჩებიან თუ არა რეჯეფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი ხელისუფლებაში ან მათ ვინმე თუ შეცვლით... თუმცა, ყველა შემთხვევაში, ერთი რამ აშკარაა: რუსი მშვიდობისმყოფლები ყარაბაღიდან გასვლას არ აპირებენ", - ასეთი გზავნილები მოდის მოსკოვიდან ბაქოს ყურამდე.

გამოდის, რომ ჩვენ იმის გაფიქრების უფლებაც კი არ გვაქვს, თურქეთი სამშვიდობო მისიით მოვიწვიოთ. კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ვლადიმერ ევსეევის ნათქვამის ციტირება: "რამდენიც უნდა მოისურვოს აზერბაიჯანმა და ილაპარაკოს, მათ შორის - თურქული სამშვიდობო ძალების განლაგებაზე, მოსკოვის თანხმობის გარეშე მისი გეგმები ვერ განხორციელდება". ასე ხომ მანამდე ვერ გველაპარაკებოდნენ, სანამ სამმხრივი შეთანხმება არ გაფორმდა. შარშან, ნოემბრის შემდეგ, ჩვენ ველოდებოდით, რომ ყარაბაღში თურქული სამშვიდობო ძალები რუსების პარალელურად შემოვიდოდნენ, მაგრამ შემდეგ თურქეთის სამონიტორინგო ჯგუფის შემოყვანაც კი გაძნელდა, არათუ - სამშვიდობოს ძალებისა... არაფერს ვამბობთ მათ მიზერულ უფლებებზე.

კაცმა რომ თქვას, ახლა "ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევით" ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენ მაშინ შევცდით, როცა რუსული დროშების ფრიალით "თხა ბოსტანში შემოვუშვით".

დიახ, მიუხედავად ჩვენი რევერანსებისა მოსკოვის მიმართ, მათთვის ჩვენ კვლავ თურქებად ვრჩებით, სომხები კი, რუსეთის ამდენი დემარშების შემდეგაც, კვლავ აგრძელებენ რუსების გაძევებას ქვეყნიდან, რუსული სკოლების დახურვას, გამოხატავენ პროტესტებს პირადად ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ... რუსები ამ ყველაფერს ითმენენ. გავიხსენოთ აშშ-ის პრეზიდენტის - ფრანკლინ რუზველტის გამონათქვამი ნიკარაგუელ დიქტატორ ანასტასიო სომოსაზე - "სომოსა ნაძირალაა, მაგრამ ის მაინც ჩვენი ნაძირალაა". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ