"როგორ ასუსტებს მოსკოვ-პეკინის ახალი ღერძი ჯო ბაიდენს: ნატოს მთლიანობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა, მტრული რეჟიმები დასავლეთს სუსტ ადგილებში კბენენ" - კვირის პალიტრა

"როგორ ასუსტებს მოსკოვ-პეკინის ახალი ღერძი ჯო ბაიდენს: ნატოს მთლიანობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა, მტრული რეჟიმები დასავლეთს სუსტ ადგილებში კბენენ"

დიდი ბრიტანეთის გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "როგორ ასუსტებს მოსკოვ-პეკინის ახალი ღერძი ჯო ბაიდენს: ნატოს მთლიანობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა, მტრული რეჟიმები დასავლეთს სუსტ ადგილებში კბენს" (ავტორი - ფრეიზერ ნელსონი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის დღევანდელი და სამომავლო პოლიტიკა რუსეთ-ჩინეთის ერთმანეთთან დაახლოების ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: "თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში დონალდ ტრამპმა ავღანეთში "ყველა ბომბის დედა" ჩამოაგდო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, თალიბების წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოლიტიკის პრელუდია კი არ გახდა, არამედ - მათთან გარიგების გაფორმების დასაწყისი. საერთოდ, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის უწესრიგო და იმპულსური იყო, რასაც თავისი ღირსებაც ჰქონდა - აშშ-ის მტრებს არასდროს შეეძლოთ ზუსტად სცოდნოდათ ის, თუ როგორ რეაქციას გამოავლენდა პრეზიდენტი ამა თუ იმ გამოწვევის მიმართ.

ჯო ბაიდენი უფრო პროგნოზულია. მას სურს, თავის სახლში აღადგინოს ისეთი სიტუაცია, როცა ვაშინგტონი შედარებით ნაკლები რაოდენობის საერთაშორისო ავანტიურებში მიიღებს მონაწილეობას. მისი საგარეო პოლიტიკა შეიძლება სამიოდე სიტყვით გამოიხატოს: "ნაკლები აქტიურობა ამერიკისგან".

ქაბულის აეროპორტში მომხდარი საშინელება იმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ გამოიყურება "ამერიკის ნაკლები აქტიურობა" - და ეს მხოლოდ დასაწყისია. რამდენიმე დღის წინ "დიდი შვიდეულის" წევრებმა ვირტუალური შეხვედრა გამართეს - არა იმიტომ, რომ რაიმე გეგმა შეეთანხმებინათ, არამედ იმისთვის, რომ ჯო ბაიდენისთვის ეთხოვათ,  იქნებ კიდევ რამდენიმე დღით გააკონტროლო ქაბულის აეროპორტიო. ჯო ბაიდენმა უარი განაცხადა. აშშ-ის გარეშე "დიდი შვიდეულის" დანარჩენ წევრებს არაფრის თქმა და გაკეთება არ შეუძლიათ. იგივეა ნატოსთან მიმართებითაც. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამიერიდან იგი ყურადღებას, ძირითადად, ჩინეთს დაუთმობს. ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვები: ნუთუ აშშ-ისთვის მოკავშირეებთან ურთიერთობა პრიორიტეტული აღარაა? რომელია ის მომდევნო ადგილი, სადაც ამერიკა "ჩავარდება"?

იმ დროს, როცა დასავლეთში ლაპარაკი მიდის ერთმანეთისადმი უნდობლობაზე, მოსკოვსა და პეკინს შორის ოპტიმისტური დისკუსიები აქტიურად დაიწყო. რუსი დიპლომატები მიესალმნენ თალიბებს და "ნორმალურ ბიჭებად" ჩათვალეს, რომლებთანაც "უფრო იოლია შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ავღანეთის ყოფილ მარიონეტულ მთავრობასთან, რომელიც მუდმივად ამერიკისკენ იყურებოდა". ჩინეთს წინ უფრო ფართო სურათი ეხატება: მსოფლიოში ამერიკული გავლენის განუხრელი დაქვეითება და, შესაბამისად, ბევრი შესაძლებლობის გაჩენა პეკინისათვის.

ამის ნათელი მაგალითია მასალა, გამოქვეყნებული ჩინურ ინგლისურენოვან გაზეთ Global Times-ში, რომლის რედაქცია ყოველთვის ეთანხმება ჩინეთის კომპარტიის ოფიციალურ კურსს. ამ პროსახელისუფლებო გამოცემის აზრით, "ავღანური სინდრომის" შედეგად ამერიკის ყოფილი მოკავშირეები ვაშინგტონისგან თავს ცოტა შორს დაიკავებენ და "დაშორდებიან" - სინგაპურიც კი, როგორც Global Times წერს, უკვე აღარ იმყოფება აშშ-ის გავლენის ორბიტაზე და ამიერიდან ნეიტრალიტეტს დაიცავს ისეთ პრობლემურ საკითხში, როგორიც -  ტაივანია. ქვეყნები, რომელთა მოტყუება ამერიკას ჯერ კიდევ შეუძლია (ჩინეთის საკითხში მხარდაჭერის მიზნით), მხოლოდ ნამცეცა ქვეყნებია - ისეთი ლიმიტროფები, როგორსაც, მაგალითად, ლიეტუვა წარმოადგენს" (ლიეტუვამ ამას წინათ თავისთან ტაივანის წარმომადგენლობა გახსნა, რითაც პეკინის რისხვა გამოიწვია).

"ჩინეთმა და რუსეთმა სხვადასხვა ძალა უნდა გააერთიანონ, რათა ტაივანის კონტექსტში ლიეტუვას მხარდამჭერი ამერიკა დაამცირონ და შექმნან "ავღანური სინდრომის" მსგავსი უფრო ფართო სიტუაციები სხვადასხვა ფორმატებში", - ნათქვამია Global Times-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

"პეკინმა და მოსკოვმა ვაშინგტონს გრძელი ხელები უნდა დაუმოკლონ იქ, სადაც აშშ თავის ქედმაღლობას ამჟღავნებს და თავისი შესაძლებლობებით ტრაბახობს. სხვა სიტყვებით ეს შეიძლება ასე ითქვას: თუ ჯო ბაიდენს თავისი მოკავშირეების დაცვა ნაკლებად ადარდებს, მაშინ სად შეიძლება თეთრმა სახლმა მორიგი მარცხი განიცადოს?

ადრე რუსეთი და ჩინეთი ასე დემონსტრაციულად, ასე ერთობლივად მაინცდამაინც არ მოქმედებდნენ. ბოლო დროს გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის რაღაც კავშირი იქმნება. ორივე სახელმწიფო თალიბებთან ახლო ურთიერთობებს ამყარებს და დღეს მათ ქაბულის ახალ ხელისუფლებაზე გარკვეული გავლენაც აქვთ. ორივე - ჩინეთიც და რუსეთიც ერთნაირად დაზარალდა ამერიკულ-ევროპული სანქციებით და დღეს ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, როგორც ამ სანქციების ნეგატიური შედეგების განეიტრალების, ასევე, მათი გვერდის ავლის მიზნით.

2021 წლის მარტში რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი დასრულდა იმ შეთანხმებით, რომლის მიხედვით, ორივე მხარე ერთმანეთს მხარს დაუჭერს ეროვნული სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვისაკენ მიმართულ ძალისხმევაში", - ანუ ისეთ სინქრონულ პოლიტიკაში, რომელიც, მოგვიანებით, რუსეთმა და ჩინეთმა ავღანეთის საკითხში გამოავლინეს.

რუსმა და ჩინელმა მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს დასავლურ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც, მათი მტკიცებით, "მსოფლიო საზოგადოების ნებას არ ასახავს" და წამოაყენეს წინადადება მის ალტერნატივაზე. მოსკოვი და პეკინი აქტიურად არიან ჩაბმულნი "ვაქცინურ დიპლომატიაში" იმისთვის, რომ მეგობრების საკუთარი ორბიტა შექმნან - ანუ იმ ღარიბი ქვეყნების გაერთიანება, რომლებსაც ევროპამ და აშშ-მა უარი უთხრეს ვაქცინის მიწოდებაზე.

მინისტრების მარტის სამიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ორივე ქვეყანა აქტიურად შეუდგა მუშაობას თავიანთი მტრების წინააღმდეგ. რუსეთმა თავისი სამხედრო ძალების თავმოყრა უკრაინის საზღვრებთან განახორციელა, ჩინეთმა კი ტაივანთან საჰაერო სივრცის გაკონტროლება რეკორდული რაოდენობის სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო. მომდევნო თვეში რუსეთმა და ბელარუსმა უკრაინის საზღვრებთან ერთობლივი სამხედრო წრთვნები ჩაატარეს.

არ არის საჭირო სტრატეგიული გენიის ქონა ან შეთქმულების თეორიით სარგებლობა, რომ ვერ დავინახოთ ის, რაც ახლა მოხდება: როცა გლობალური სახელმწიფო უკან იხევს, მისი მტრები ყურადღებით სწავლობენ მის თავდაცვას და უყურებენ, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია.

როცა ამერიკამ 1930-იან წლებში იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარება დაიწყო, იტალიის ფაშისტი პრემიერ-მინისტრი ბენიტო მუსოლინი თვალს ადევნებდა და ცდილობდა გაეგო, რას იზამდა ერთა ლიგა, თუ იტალია ეთიოპიაში შეიჭრებოდა. მან ჟენევიდან პასუხი მიიღო: - არაფერს. ამ ფაქტმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ამ უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციას არავითარი ძალა არ გააჩნდა. 1970-იანი წლების სხვადასხვა უბედურებებმა - სანავთობო კრიზისმა, ირანში ამერიკელების მძევლად აყვანამ და, განსაკუთრებით, დიდი ბრიტანეთის თითქმის სრულმა გაკოტრებამ დასავლეთის როლი და გავლენა ძირს დასცა. შექმნილმა სიტუაციამ არგენტინა იმ აზრამდე მიიყვანა, რომ ბუენოს-აირესი შეძლებდა ფოლკლენდის კუნძულების დაკავებას და მის შენარჩუნებას.

აშკარაა, რომ დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა, არც მეტი, არც ნაკლები, ნატოს მთლიანობა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ავღანური მისია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმატებული მისია იქნებოდა, გამარჯვებულის გვირგვინით, მაგრამ ავღანური ეპოპეა ვაშინგტონმა თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მოკავშირეებთან შეუთანხმებლად, ნახევარ გზაზე დაასრულა. იოლია იმის დანახვა, რომ ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, თითქმის არსად და არასდროს არ ახსენებს ნატოს იმას, რომ ვაშინგტონი ამ ორგანიზაციისათვის ორჯერ მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ალიანსის დანარჩენი წევრები, ერთად აღებული. ცნობილია ტრამპის გამონათქვამი - ნატო თავდაცვის ორგანიზაცია კი აღარ არის, არამედ - ფულის დაზოგვის ორგანიზაცია ევროპელებისათვის, რომლებიც ამერიკული ბირთვული ქოლგის ქვეშ თავს აფარებენო. ამგვარად, თუ ჯო ბაიდენის ყურადღება დღეს მთლიანად არის ჩინეთზე გადართული, რამდენად შეუძლია მას საქართველოზე იზრუნოს? ან ბალტიისპირეთზე? ლიეტუვა, რა თქმა უნდა, რუსეთისა და ჩინეთისათვის აშკარა სამიზნეს წარმოადგენს. პატარა სახელმწიფო, რომელიც რუსეთის (სსრკ-ის) წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში გამოდიოდა და საბჭოთა პერიოდშიც არ იყო დადებითად განწყობილი მოსკოვისადმი, დღეს დაშინების ობიექტი ხდება არა მარტო რუსეთის, არამედ - ჩინეთის მხრიდანაც. ლიეტუვას წინააღმდეგ ახალ იარაღად იქცნენ ლტოლვილებიც - ბელარუსმა თავის ტერიტორიაზე შესული ყველა ირანელი და სირიელი ლტოლვილი ლიეტუვასკენ მიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად 2,5 მილიონი ავღანელი მსოფლიოს სივრცეში ლტოლვილის სახით იმყოფება, ძნელი არაა იმის წარმოდგენა, რომ ევროპაში შეიძლება ახალი სამიგრანტო კრიზისი დაიწყოს.

შემდეგი სამიზნე შეიძლება ისევ უკრაინა აღმოჩნდეს: მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გერმანიის ვალდებულების მიუხედავად, რომ ბერლინი კიევის ინტერესებს გაითვალისწინებს და რუსეთს მოსთხოვს საექსპორტო გაზის ნაწილი უკრაინის მილსადენებით გაატაროს ევროპისაკენ, რუსეთი მაინც შეეცდება კიევის ინტერესების იგნორირებას და დონბასში კონფლიქტის ესკალაციას. რის გაკეთება შეუძლია ასეთ შემთხვევაში ჯო ბაიდენს? ამერიკის გარეშე რა წინააღმდეგობის გაწევაა მოსალოდნელი ევროპის მხრიდან?

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ "რუსეთი ისწრაფვის ჭეშმარიტად მრავალპოლარული და დემოკრატიული მსოფლიოს შესაქმნელად". თავისი პეკინური ვიზიტის დროს, მან აღნიშნა, რომ "რუსეთის ამგვარ ხედვას ხელს უშლიან დასავლური ქვეყნები, განსაკუთრებით - შეერთებული შტატები". იმდენად, რამდენადაც აშშ-ის გავლენა მსოფლიოში შესამჩნევად სუსტდება, ამ ორ ახალ მოკავშირეს - ჩინეთს და რუსეთს - მშვენიერი შანსები აქვთ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ