"ყველამ დავინახეთ, რომ ეს სრული კატასტროფაა" - როგორ ეხმაურება ამერიკული მედია ბაიდენის გადაწყვეტილებას - კვირის პალიტრა

"ყველამ დავინახეთ, რომ ეს სრული კატასტროფაა" - როგორ ეხმაურება ამერიკული მედია ბაიდენის გადაწყვეტილებას

უცხოური მასმედია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს აშშ-ის პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის 31 აგვისტოს მიმართვას ამერიკელი ერისადმი, რომელშიც მან განაცხადა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ახალი ერა იწყება: ამერიკა ამიერიდან დემოკრატიას სხვა ქვეყნებში სამხედრო გზით აღარ დანერგავს. პრეზიდენტმა ქაბულიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ევაკუაციას, რომელსაც პოლიტიკოსები და ექსპერტები მკაცრად აკრიტიკებენ, "წარმატებული" უწოდა და აღნიშნა, რომ "ავღანეთში ომი დასრულებულია".

ჯო ბაიდენი დაჰპირდა ქაბულში დარჩენილ ამერიკელებს, რომ მათ, თავიანთი სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყვანს და დაემუქრა "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებს", რომ "თქვენთან საქმის გარჩევა ჯერ არ დაგვისრულებიაო". ამერიკა მომავალში ტერორიზმთან ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა ამისთვის აუცილებელი არ არის ჯარების სადმე შეყვანა, - თქვა პრეზიდენტმა.

როგორც ვაშინგტონიდან ბრიტანული "ბი-ბი-სის" კორესპონდენტი ჰარი დონაჰიუ იტყობინება, ჯო ბაიდენი დიდი ხნის განმავლობაში გამოხატავს ერთგულებას იმ იდეისადმი, რომ შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნებში ომები არ უნდა აწარმოოს (ავღანეთის მსგავსად) და არ უნდა ეცადოს სხვა ქვეყნების პოლიტიკური ინსტიტუტების გადაკეთებას თავისი მანერით. "ასეთ პოლიტიკას შეიძლება ახალი ბაიდენიზმი ვუწოდოთ, - ამბობს ჰარი დონაჰიუ, - ჩვენ ახლა ვხედავთ, თუ როგორ ახორციელებს პრეზიდენტი თავის ახალ მიდგომას - ახალ დოქტრინას".

გთავაზობთ ამერიკული მასმედიის კომენტარებს ამერიკელი ერისადმი ჯო ბაიდენის მიმართვასთან დაკავშირებით:

The Washington Post: "სამგლოვიარო სიტყვას ჰგავდა"

"ჯო ბაიდენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ომი ავღანეთში დასრულებულიაო, მაგრამ მისი გამოსვლა წარმატებული მისიის აღნიშვნას კი არ ჰგავდა, არამედ - სამგლოვიარო სიტყვას", - წერს გავლენიანი გაზეთი, - "პრეზიდენტმა თავი გაიმართლა - დონალდ ტრამპმა, რომელმაც თალიბებთან ხელი მოაწერა ჯარების გაყვანის შეთანხმებას, მას მოქმედების მხოლოდ ორი ვარიანტი დაუტოვა: ან დათანხმებულიყო დოკუმენტის პირობებს, ან მასზე უარი ეთქვა და ავღანეთში დამატებით ათასობით ამერიკელი სამხედრო გაეგზავნა. ჯო ბაიდენმა პირველი ვერსია აირჩია".

Fox News: "ეს სრული კატასტროფა იყო" "სამშაბათს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი პრეზიდენტობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვიდა", - ნათქვამია ტელეკომპანიის კომენტარში. "ამერიკელები და მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდნენ იმას, თუ როგორ ვერ გამოიყენა პრეზიდენტმა თავისი ერთადერთი შანსი, ნორმალურად აეხსნა ავღანეთიდან ტრაგიკული გამოსვლა და გაეერთიანებინა ყველა ამერიკელი 20-წლიანი სისხლისმღვრელი ომის შემდეგ. იმის ნაცვლად, რომ ერისადმი მიმართვაში პრეზიდენტს იმ ტკივილზე ეთქვა, რასაც ამერიკელები განიცდიან დანაკარგების გამო, ჯო ბაიდენი მხოლოდ საკუთარ დამსახურებაზე ლაპარაკობდა. მას პასუხი არ გაუცია კრიტიკულ განცხადებებზე და ცრუობდა, ყველაფერს სხვებს აბრალებდა და ისიც კი განაცხადა, რომ ჩვენი წამოსვლა ავღანეთიდან წარმოუდგენლად წარმატებული იყოო. არადა, ყველამ დავინახეთ, რომ ეს სრული კატასტროფაა".

Politico "ჯო ბაიდენი სხვებზე გადაბრალებას შეეცადა" პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ სრულ პასუხისმგებლობას კისრულობს ავღანეთთან დაკავშირებით მიღებულ საკუთარ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ როგორც კი საქმე დაშვებულ შეცდომებზე მიდგა, იგი თავისი თავის გამართლებას შეეცადა", - წერს გაზეთი.

ავღანეთში ასზე მეტი ამერიკელია ჩარჩენილი. რატომ მოხდა ასე? "ჩვენ ისინი 19-ჯერ გავაფრთხილეთ, მაგრამ არ წამოვიდნენ. მათგან ბევრს ორმაგი მოქალაქეობა აქვს", - თქვა ჯო ბაიდენმა, ანუ ეს პრეზიდენტის შეცდომა არ არის.

ქაბული უფრო ადრე დაეცა, ვიდრე ამას მრჩევლები და სადაზვერვო სამსახურები პროგნოზირებდნენ. რატომ? ჯო ბაიდენმა მარცხი ავღანეთის არმიას დააბრალა.

საბოლოოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერი დონალდ ტრამპმა დაიწყო და მას, დღევანდელ პრეზიდენტს, სხვა გზა აღარ რჩებოდა.

Stars and Stripes "ევაკუაცია სრული ჩავარდნა იყო"

"აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი ავღანეთიდან ევაკუაციის ჩაშლაში დაადანაშაულეს და მათი გადადგომა მოითხოვეს", - წერს პენტაგონის გაზეთი.

მოთხოვნას ხელი მოაწერა 87-მა გადამდგარმა გენერალმა და მაღალი წოდების მქონე სხვა ოფიცერმა. ხელმომწერთა შორისაა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის ვიცეადმირალი ჯონ პოინდექსტერი, რომელიც რონალდ რეიგანის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აგრეთვე, ოთხვარსკვლავიანი ადმირალი ჯერომ ჯონსონი.

(წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ