ინდოეთში ამოუცნობი დაავადებისგან 50 ადამიანი დაიღუპა, უმრავლესობა ბავშვია - ასობით ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი - კვირის პალიტრა

ინდოეთში ამოუცნობი დაავადებისგან 50 ადამიანი დაიღუპა, უმრავლესობა ბავშვია - ასობით ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი

ინდოეთის უტარ პრადეშის შტატში ამოუცნობი ცხელებისგან მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვია, - ინფორმაციას BBჩ-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასობით ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

დაავადებულების უმრავლესობას აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, სახსრებისა და თავის ტკივილი, გაუწყლოება და გულისრევა. ზოგიერთს ფეხებსა და მკლავებზე გამონაყარი უჩნდება.

აღსანიშნავია, რომ არცერთ დაღუპულს კოვიდ 19 არ დადასტურებია.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ დენგეა, ვირუსული ინფექცია, რომლის ძირითად გადამტანს კოღო წარმოადგენს. მედიკოსები განმარტავენ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობას თრომბოციტები შემცირებული აქვს, რაც დენგეს მძიმე ფორმისთვისაა დამახასიათებელი.

მსოფლიოში დაფიქსირებული დენგეს შემთხვევების დაახლოებით 70% აზიის ქვეყნებზე მოდის. დაინფიცირებულ ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოზრდილებთან შედარებით 5-ჯერ მეტია.