"ზესახელმწიფოს მეთაურობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნაკლოა" - რას წერს თურქული გამოცემა აშშ-ის პრეზიდენტზე - კვირის პალიტრა

"ზესახელმწიფოს მეთაურობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნაკლოა" - რას წერს თურქული გამოცემა აშშ-ის პრეზიდენტზე

თურქულმა გაზეთმა "საბაჰმა" (Sabah) გამოაქვეყნა სტატია-პამფლეტი სათაურით - "აშშ ჯო ბაიდენის გარეშე, როგორც ჩანს, წარმოუდგენელია" (ავტორი - მეჰმედ ბარლასი), რომელშიც საკმაოდ მწარედ არის გაკრიტიკებული ამერიკის ლიდერი, მისი ბოლოდროინდელი ნაბიჯები და, საერთოდ, ჯო ბაიდენის საქმიანობა პრეზიდენტის პოსტზე. პუბლიკაციაში ნათქვამია:

"მსოფლიოში მათთვის, ვისაც პოლიტიკოსობა სურთ, ყველაზე ნათელი მაგალითს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმოადგენს.

ზესახელმწიფოს მართვა, მსოფლიოს მართვა მშვიდობიანი თუ სამხედრო მეთოდებით ანდა - გადაწყვეტილების მიღება, თუ სად და რაში შეიძლება დაიხარჯოს ტრილიონი დოლარი, ჯო ბაიდენის ამოცანებს შეადგენს. ეს ადამიანი ამჟამად ჩვენს პლანეტაზე ყველაზე უიღბლო და უგერგილო კაცად ითვლება, თანაც მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის ლიდერად.

ჯო ბაიდენის დაუფიქრებელმა მოქმედებამ - აუცილებლად შეესრულებინა წინამორბედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თალიბებთან დადებული შეთანხმება, თანაც ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული შეცვლილი სიტუაცია, ათობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა გამოიწვია. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ აშშ-ის ჯარების გასვლამ ავღანეთის მილიონობით მოსახლეს უიმედობა ჩაუნერგა.

დღეისათვის "თალიბანი" ამერიკული იარაღით არის აღჭურვილი - იმ იარაღით, რომელიც მათ ხელში ჩაუვარდათ სამთავრობო ჯარების კაპიტულაციის შედეგად. ეს იარაღი 85 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მთელი ცენტრალური აზიის სუბკონტინენტისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

ჯო ბაიდენი ავადმყოფს ჰგავს: გაუგებარია, რას ფიქრობს და რას გეგმავს.

ახლახან, როცა იგი ავღანეთში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა, როგორც ჩანს, მოეწყინა და ჩუმად მალ-მალე იხედებოდა საათზე. მანამდე კი, ორი დღით ადრე, პრესკონფერენციის დროს ჩაეძინა. ყველას ახსოვს ის ფაქტიც, თუ როგორ წაიქცა ჯო ბაიდენი თვითმფრინავის ტრაპზე...

"კოვიდ-19"-ის შედეგი?

გამოდის, რომ ზესახელმწიფოს მეთაურობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნაკლოა. ესე იგი, მისი მდგომარეობა შესაშური არ არის. როგორც ჩანს, ისეთი ნათელი ადამიანის ჩამოშორება სახელმწიფოს მართვიდან, პრეზიდენტის სავარძლიდან, როგორიც დონალდ ტრამპია, ეს პიროვნული უპირატესობების საკითხი არ არის. აშკარაა, დონალდ ტრამპის წასვლაზე დიდი როლი პანდემიამ შეასრულა". "კოვიდ-19"-მა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - არა მარტო მსოფლიო წესრიგი, არამედ - პოლიტიკაც.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ გაიმარჯვა არა ჯო ბაიდენმა, არამედ - "კოვიდ-19"-მა.

უცნობია, როდის დააღწევს თავს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას, ჯო ბაიდენს და აშშ-ის გავლენას. მაგრამ სანამ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ, არც ჩვენს ახლომახლო რეგიონში და არც მსოფლიოში სიმშვიდე არ დამყარდება", - ასეთი დასკვნაა გაკეთებული სტატიის ავტორის მიერ. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ