რუსი ბიზნესმენი 27 წლის წინ მომხდარ ორმაგ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს - ვინ არის "ჩელენტანოდ" წოდებული ანატოლი ბიკოვი
რუსი ბიზნესმენი 27 წლის წინ მომხდარ ორმაგ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს - ვინ არის "ჩელენტანოდ" წოდებული ანატოლი ბიკოვი
გასულ კვირას ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ რუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ანატოლი ბიკოვი 27 წლის წინ მომხდარ ორმაგ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. 1990-იან წლებში კრასნოიარსკის მხარეში ბიზნესმენი ბიკოვი თავისი გავლენით, შავი საქმეებითა და კრიმინალურ სამყაროსთან ახლო კავშირით იყო ცნობილი.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სვერდლოვში ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ ბიზნესმენი დამნაშავეა, 2 ნაფიცი მსაჯული კი ამტკიცებდა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებაა.

გამოძიების ცნობით, 1994 წელს ბიზნესმენ ბიკოვს უთანხმოება ჰქონდა მის პარტნიორ, 23 წლის ალექსანდრე ნაუმოვთან, რომელიც
ამტკიცებდა, რომ მათ მოგება სწორად ვერ გაინაწილეს. ამ ამბის შემდეგ, ბიკოვის მანქანა ააფეთქეს. როგორც ცნობილია, ბიზნესმენმა ბიკოვმა გადაწყვიტა, რომ თავდასხმა ნაუმოვისა და საქმის კიდევ ერთი მონაწილის, კირილ ვოიტენკოს ორგანიზებული იყო, ამიტომ მათი მკვლელობა ვლადიმერ ტატარენკოს შეუკვეთა. 1994 წლის 24 ივლისს კილერმა ნაუმოვი და ვოიტენკო მანქანაში
ჩაცხრილა.

მოგვიანებით მკვლელობის შემსრულებელი დააკავეს, სამართალდამცავებთან საუბრისას დაკავებულმა ბიკოვის სახელი დაასახელა, თუმცა ბიზნესმენმა მაშინ ყველაფერი უარყო.

სამართალდამცავთა ცნობით, ბიზნესმენ ბიკოვს ამ საქმესთან ერთად დიდი ოდენობით გადასახადის გადაუხდელობასა და კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.

გზა მასწავლებლობიდან დეპუტატობამდე

ანატოლი ბიკოვი 1969 წელს ირკუტსკის ოლქში ხელოსნისა და დამლაგებლის ოჯახში დაიბადა. ის ქალაქ ნაზაროვოში, სამშენებლო ტექნიკუმში სწავლობდა, მოგვიანებით კრასნოიარსკის პედაგოგიური ინსტიტუტიც დაასრულა და რამდენიმე წელი სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლადაც იმუშავა.

1990-იან წლებში ქალაქ ნაზაროვოდან ის კრასნოიარსკში გადავიდა საცხოვრებლად, სამშენებლო ფირმა დააარსა და ბიზნესიც წამოიწყო. 1992 წელს ის კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. როგორც ცნობილია, ეს, ალუმინის მწარმოებელი ქარხანა სიდიდით მსოფლიოში მეორე იყო. რამდენიმე წელში ბიკოვის წილი 28%-მდე გაიზარდა.

მეტალურგიულ ბიზნესში პოზიციების გამყარების შემდეგ, ის 1996 წელს პოლიტიკაში წავიდა და ქალაქ ნაზაროვოს დეპუტატად აირჩიეს, შემდეგ კი კრასნოიარსკის დეპუტატიც გახდა. ამ პერიოდის შემდეგ ბიზნესმენი ბიკოვი ყველა ადგილობრივ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ბიზნესის გარდა, ის საკმაოდ აქტიური მოქალაქე იყო და ოლქში დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. ის ფლობდა საქველმოქმედო ფონდს, აწყობდა კონცერტებსა და სპორტულ ღონისძიებებს, ეხმარებოდა ვეტერანებსა და ობოლ ბავშვებს, ააშენა საავადმყოფოები და ტაძრები.

1998 წელს, კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის არჩევისას, მან მხარი დაუჭირა ალექსანდრე ლებედს, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ არჩევანში შეცდა. როგორც ცნობილია, სწორედ ლებედის დროს აღიძრა მის წინააღმდეგ პირველი სისხლის სამართლის საქმე.

2015 წელს ბიკოვის პოლიტიკური კარიერა დასრულდა. ქვეყანაში კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ შემოღებული კანონების გამო, მას აღარ შეეძლო საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება.

კონფლიქტი 1990-იანებში

როგორც ცნობილია, 1990-იან წლებში კრასნოიარსკის ოლქში კრიმინალური საქმეები მომრავლდა. დაფიქსირდა უამრავი შემთხვევა, როცა ბიზნესმენებს აშანტაჟებდნენ, მათ ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. გამოძიებისას დაადგინეს, რომ ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების სათავეში თავად ბიზნესმენი ბიკოვი იდგა. მას სხვადასხვა მეტსახელიც შეარქვეს, მათ შორის - "ჩელენტანო". იმ პერიოდში კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა სასტიკად სცემეს ალუმინის ქარხნის გენერალური დირექტორი ივან ტურუშევი, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს ყველაზე დიდი სააქციო პაკეტის მფლობელი და ტურუშევის თანამებრძოლი ვიქტორ ციმიკი.

წლების შემდეგ ბიკოვის პარტნიორი ვილორ სტრუგინი, მეტსახელად "პაშა ცვეტომუსიკა" გახდა, რომელმაც ერთხელ იეჭვა, რომ ბიკოვი მის მოკვლას აპირებდა და გადაწყვიტა სამართალდამცავებთან ეთანამშრომლა. სტრუგინმა ბიკოვის დასაკავებლად საკუთარი სიკვდილიც კი გაითამაშა.

2002 წელს, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სტრუგინზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით ბიკოვს 6 წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა, მოგვიანებით კი ოლეგ გუბინის მკვლელობის კვალის დამალვისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდა, თუმცა, საბოლოოდ, ის ციხეში მაინც არ მოხვდა. ამ პერიოდში ბიკოვმა დაკარგა გავლენაც და ქარხანაში საკონტროლო პაკეტიც, მისი წილი 28%-დან 4%-მდე შემცირდა.

მოგვიანებით ბიკოვმა შეძლო და ევროსასამართლოში სტრუგინის "მკვლელობის" საქმე გაასაჩივრა. მან კომპენსაციის სახით 26 ათასი ევრო მიიღო, შემდეგ კი კრასნოიარსკის მხარის სასამარლომ მას ნასამართლეობაც მოუხსნა.

რაში სდებენ ბრალს ბიზნესმენს?

2020 წელს ანატოლი ბიკოვმა განაცხადა, რომ მას კიდევ სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა ამ პერიოდში ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი ბრალდებით იყო მოთავსებული.

2020 წლის მაისში ბიკოვი სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებისას გაჩხრიკეს მისი სახლები. სამართალდამცავთა ცნობით, მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე, რომელიც ორმაგ მკვლელობას უკავშირდება. ბიკოვის წინააღმდეგ ჩვენება მისმა ყოფილმა პარტნიორმა - ვლადიმირ ტატარენკოვმა მისცა. თავად ტატარენკოვი აქამდე, 13 წლის განმავლობაში, ციხეში სასჯელს იხდიდა.

2020 წლის სექტემბერში, გამოძიებისას აღმოაჩინეს კიდევ სხვა მასალები, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიკოვი კრასნოიარსკის მხარის კრივის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის - ანდრეი გრაბოვსკის მკვლელობის საქმეში იყო გარეული. ამის გარდა, გამოძების თანახმად, 2004 წელს ბიკოვმა კრასნოიარსკის ერთ-ერთი მაცხოვრებლის მოსაკლავად კილერი დაიქირავა, რომელსაც 50 ათასი დოლარი გადაუხადა. თავად ბიკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს და ის რუსეთის მთავრობის კრიტიკის გამო გაწირეს.

"ეს არ არის პირველი საქმე ჩემ წინააღმდეგ, რომლის ფაბრიკაციაც მოახდიეს. ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ უამრავ საქმეს აღძრავდნენ, რათა სახელმწიფო დუმის არჩევნებში ვერ მიმეღო მონაწილეობა, ამის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე მაფრთხილებდნენ", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ბიზნესმენმა ბიკოვმა. (წყარო)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები