"არასდროს დამავიწყდება გარდაცვლილი ადამიანები და სისხლით მოსვრილი ქუჩა. აფეთქებები და ადამიანთა სიკვდილი ცხოვრების ნორმად იქცა" - კვირის პალიტრა

"არასდროს დამავიწყდება გარდაცვლილი ადამიანები და სისხლით მოსვრილი ქუჩა. აფეთქებები და ადამიანთა სიკვდილი ცხოვრების ნორმად იქცა"

ექსტრემისტული ორგანიზაცია "თალიბანის" ქაბულში შეჭრისა და მმართველობაში მოსვლის შემდეგ, ავღანეთში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მოსახლეობა, რომელიც აქამდე მუშაობდა, სწავლობდა და ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, დღეს უამრავი შეზღუდვის წინაშე აღმოჩნდა.

ავღანელმა ჟურნალისტმა ბილალ სარვარიმ BBC-სთან საუბრისას 2001 წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და ქალაქში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ განდევნეს თალიბები 2001 წელს, თუმცა ახლა ამბობს, რომ ამერიკელებმა ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან. ბოლო პერიოდში შეცვლილმა ვითარებამ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

თალიბების პირველი მმართველობა

"2001 წელს პაკისტანში, სასტუმრო Pearl Continental-ში, მაღაზიაში ხალიჩების გამყიდველად ვმუშაობდი. 11 სექტემბრის დილა, როგორც ყველა სხვა დღე, ერთ ჩვეულებრივ, მოსაწყენ სამუშაო დღეს ჰგავდა, უეცრად სასტუმროს ფოიეში ტელევიზორს შევხედე, რომელსაც ყველა გაოცებული სახით უყურებდა. ვნახეთ, როგორ დაეჯახა ნიუ-იორკის ცენტრში სავაჭრო ცენტრს თვითმფრინავი და მივხვდით, რომ ეს ტრაგედია მალე შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას.

ტერაქტის შემდეგ მთელი მსოფლიოს ყურადღება ავღანეთისკენ იყო მომართული, თალიბებს, რომლებიც იმ დროს ქვეყანას მართავდნენ, ადანაშაულებდნენ ტერაქტში ეჭვმიტანილი ოსამა ბინ ლადენისა და "ალ ქაიდას" მფარველობაში.

ამ ამბიდან მეორე დღეს სასტუმრო გაივსო უცხოელი ჟურნალისტებით, ისინი ავღანეთში წასვლას გეგმავდნენ და ეძებდნენ ადამიანს, რომელიც მათთან ერთად წავიდოდა ავღანეთში და თარჯიმნობას შეითავსებდა. მე დავთანხმდი შემოთავაზებას და ასე შეიცვალა ჩემი ცხოვრება.

სამშობლოში ბავშობის შემდეგ არ ჩავსულვარ. მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში საბჭოთა ჯარმა დატოვა ავღანეთი, ჩემი ოჯახი განერიდა სიტუაციას და პაკისტანში გადმოვედით საცხოვრებლად.

ავღანეთში დაბრუნებისას, თავდაპირველად აბუ-დაბის ტელევიზიაში ვმუშაობდი და სასტუმრო Intercontinental-ში ტელევიზიის 5 ჟურნალისტთან ერთად ვცხოვრობდი. ყოველი დღის გათენების გვეშინოდა, რადგან ამ სასტუმროში დადიოდნენ დაჯგუფების ლიდერები, ყოველღამ აფეთქებების ხმა გვესმოდა, ქაბულში თითქმის ყველა შენობა დანგრეული და მიწასთან გასწორებული იყო.

არეულობისა და დაპირისპირების შემდეგ, დეკემბრის ერთ დღეს თალიბები ქუჩებიდან გაქრნენ... მოსახლეობა ჩემ თვალწინ უბრუნდებოდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მამაკაცებმა სალონებს მიაშურეს წვერისა და თმის მოსაწესრიგებლად, გაიღო მაღაზიები, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ამერიკელებმა შეძლეს და თალიბები განდევნეს ქალაქიდან, უკან დახეულმა მებრძოლებმა თავი მთიან სოფლებს შეაფარეს და იქ დაბანაკდნენ...

წარსულს რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ აშშ-ის მხარე ჯერ კიდევ მაშინ უნდა დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან მებრძოლებთან და უნდა შეთანხმებულიყვნენ. მაგრამ ამერიკელებს, როგორც ჩანს, ეს არ სურდათ.

ხალხი ფიქრობდა, რომ ისინი ავღანეთში არა მშვიდობის დასამყარებლად, არამედ - 11 სექტემბრის ტერაქტის გამო შურის საძიებლად შევიდნენ".

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ამერიკელებმა იმ პერიოდში უამრავი ადამიანი დააკავეს, მათ შორის კი იყვნენ უდანაშაულო მოქალაქეები.

"მახსოვს, ერთხელ გზატკეცილზე ტაქსის მძღოლი საიდ აბაზინი დააკავეს, ის Ariana Airlines-ის მაღალჩინოსნის შვილი აღმოჩნდა. შემდეგ ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ის უდანაშაულო იყო და ამერიკელებმა გაათავისუფლეს, თუმცა ყველა უდანაშაულოდ დაკავებულს არ ჰქონდა ასეთი კავშირები.

ამერიკელები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. მათი ჯარისკაცები რომ არ დაშავებულიყვნენ, ისინი საჰაერო დაბომბვებს იყენებდნენ და ამ შეტაკებებს უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ყველაფერს ჰქონდა დადებითი მხარეც, უამრავი სოფელი შემოვიარე და მოგზაურობა აღარ იყო საშიში. თალიბებმა დატოვეს ტერიტორია, თუმცა სიტუაცია შეიცვალა 2003 წელს, როცა მათ ძალები აღიდგინეს და საპასუხო დარტყმები განახორციელეს.

პირველი აფეთქება ქაბულის ცენტრში მოხდა, მაშინ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა. რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ჩამოიმსხვრა ფანჯრები, არასდროს დამავიწყდება გარდაცვლილი ადამიანები და სისხლით მოსვრილი ქუჩა. ამის შემდეგ სიტუაცია სულ უფრო გაუარესდა. აფეთქებები და ადამიანთა სიკვდილი ცხოვრების ნორმად იქცა. მალე ყველასთვის გასაგები იყო, რომ უცხოელ სამხედროებზე თავდასხმა, ტერაქტები და შეიარაღებული დაპირისპირება თალიბების ახალი სტრატეგია იყო. მათ საპასუხოდ ამერიკელებმა გააძლიერეს ავიაიერიშები და შედეგად ყველა საეჭვო შეკრება თუ შენობა მათი სამიზნე ხდებოდა, არ ერიდებოდნენ დაკრძალვებსა და ქორწილებზე შეკრებილი ხალხის აფეთქებას", - ამბობს ჟურნალისტი.

"უბრალო მოქალაქეები ცაში შიშით იხედებოდნენ. დღეები, როცა მშვიდად შეგეძლო მზის ჩასვლისა და ვარსკვლავებიანი ცის ნახვა, საბოლოოდ დასრულდა.

ერთ-ერთი მოგზაურობისას, მდინარე აგრანდარის სანაპიროზე უნდა წავსულიყავით, სადაც სახელგანთქმული ბროწეულები ხარობდა, იქ მისულებს, ბროწეულების ნაცვლად სისხლით მოსვრილი ბაღები დაგვხვდა. ეს იყო საშინელი სიმბოლო იმისა, თუ რად გადაიქცა ქვეყანა.

ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიუწოდებია სამხედროებისთვის და მათ ავიაიერიშები განუხორციელებიათ. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთს მეზობელ სოფელზე შურისძიება ან მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული კამათის მარტივად მოგვარება სურდა. უბრალო მოსახლეობის მიმართ ამერიკელების უნდობლობას იყენებდნენ თალიბები, ისინი მოსახლეობასა და მთავრობას შორის შუღლს თესავდნენ და ასე ემატებოდათ ახალი მებრძოლები.

ერთ-ერთ სოფელში ავღანელების ქორწილს ვესწრებოდი. ხალხი საღამოს შეიკრიბა, რათა დამსხდარიყვნენ და ევახშმათ, უეცრად სიწყნარეში ვერტმფრენებისა და დრონების ხმა გავიგეთ, ყველა მიხვდა, რომ სოფელში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. ხალხი დადუმდა, ხმას არავინ იღებდა, მაშინ პირისპირ დავრჩი იმ შიშთან, რასაც მოსახლეობა ყველა აფეთქებისას განიცდიდა.

ერთხელ გარდაცვლილი თალიბის მამასთან ერთად ვისადილე. როგორც მან მითხრა, 25 წლის ვაჟი ბრძოლისას დაეღუპა, დარჩა ქვრივი და ორი შვილი. გარდაცვლილის მამა, მიუხედავად მწუხარებისა, დიდი სიამაყით საუბრობდა ვაჟზე და თქვა, რომ ის კარგი მებრძოლი იყო და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეეწირა.

მაშინ გარდაცვლილი მებრძოლის მამას ვკითხე, რა უნდოდა ყველაზე მეტად:

"ყველაზე მეტად ომის დასრულება მინდა. უკვე საკმარისია, ვიცი რამხელა ტკივილია ვაჟის დაკარგვა. უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები", - მითხრა მან საუბრისას.

როცა დოჰაში ამერიკელებსა და თალიბებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, ყველას გაუჩნდა იმედი, რომ ქვეყანაში სიმშვიდე აღდგებოდა, სიმშვიდე, რომელიც მეც და სხვა მოქალაქეებს დაბადებიდან არ გვინახავს ჩვენს ქვეყანაში. მალე ყველას ოცნება დაიმსხვრა, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ორივე მხარე საკუთარი ინტერესებისთვის იბრძოდა".

ქაბულში შეჭრა

თალიბების ქაბულში შეჭრამდე, ერთი დღით ადრე, ერთ-ერთ ჩინოვნიკს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ჯარისკაცები შეძლებდნენ დედაქალაქის დაცვას და იმედი ჰქონდათ, რომ საჰაერო იერიშით ამერიკული მხარე დაეხმარებოდათ. ის კოალიციურ მთავრობასა და მმართველობის მშვიდობიანი გზით გადაცემაზე საუბრობდა. მეორე დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა დატოვა დედაქალაქი და თალიბებმა ქაბული აიღეს.

ყველას შეეშინდა, მათ შორის - მეც. ჩემს მეუღლესთან, შვილთან და მშობლებთან ერთად, ავიღეთ აუცილებელი ნივთები და დავიმალეთ. ცოტა ხნით ადრე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემი ქალაქი ჩემთვის საშიში გახდებოდა.

ჩემს გოგონას სოლა ჰქვია, რაც ჩვენს ენაზე "მშვიდობას" ნიშნავს. მეშინია იმაზე ფიქრი, თუ როგორი მომავალი ექნება. აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ვფიქრობდი, რომ ისტორია განმეორდა და ახლა მეორედ მიწევს იძულებით ჩემი ქვეყნის დატოვება. აეროპორტში მისულებს უამრავი ადამიანი დაგვხვდა, ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ამჯერად იქ არ ვიყავი, როგორც ჟურნალისტი, ახლა მეც ერთ-ერთი მათგანი გახლდით". (წყარო)