იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით გამჭვირვალედ და პროგნოზირებულად იმოქმედოს - კვირის პალიტრა

იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით გამჭვირვალედ და პროგნოზირებულად იმოქმედოს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნებთან "დასავლეთი 2021" დაკავშირებით გამჭვირვალედ და პროგნოზირებულად იმოქმედოს.

"რუსეთი უნდა მოიქცეს პროგნოზირებულად და გამჭვირვალედ. ადრე ვნახეთ, რომ წვრთნებში მონაწილე ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა გამოცხადებულ რიცხვებს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა და მოსკოვს მოუწოდა, შეასრულოს ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც ევროპაში სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი წვრთნებთან დაკავშირებით სიფხიზლეს გამოიჩენს.

"რეალობა ისაა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთს არასდროს დაუშვია, სავალდებულო ინსპექტირებისთვის წვრთნები ღია ყოფილიყო. ასე რომ, სიფხიზლეს გამოვიჩენთ,"- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნატო-ს წევრები აცხადებენ, რომ "დასავლეთი 2017" დროს რუსეთმა წვრთნების მასშტაბის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ონლაინ ჟურნალ NAთO ღევიეწ-ის თანახმად, "დასავლეთი 2017"-ის დროს რუსეთმა 60 000-დან 70 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება განახორციელა, თუმცა ოფიციალურად განაცხადა, რომ წვრთნებში 12 700-მდე სამხედრო მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები "დასავლეთი -2021" 10-16 სექტემბერს რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე გაიმართება და მასში ათასობით სამხედრო, ასევე ტანკები, არტილერია და საფრენი აპარატები იქნება ჩართული. წვრთნების ჩატარება ბელარუსის გროდნოს რეგიონში, რომელიც ნატო-ს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება, დასავლეთის შეშფოთებას იწვევს.