"როგორ მოტყუვდნენ თალიბები: ბრიტანელმა სამხედროებმა ქალის ფარანჯები გადაიცვეს და ქაბულში ისე ჩავიდნენ" - კვირის პალიტრა

"როგორ მოტყუვდნენ თალიბები: ბრიტანელმა სამხედროებმა ქალის ფარანჯები გადაიცვეს და ქაბულში ისე ჩავიდნენ"

ბრიტანული გაზეთის "დეილი ექსპრესის" (Daily Express) სტატიაში სათაურით - "როგორ მოტყუვდნენ თალიბები: ბრიტანელმა სამხედროებმა ქალის ფარანჯები გადაიცვეს და ქაბულში ისე ჩავიდნენ" (ავტორი - იზაბელა მარსანზი), მოთხრობილია ინგლისელი სამხედრო მოსამსახურეების თავგადასავალი ავღანეთში.

"ბრიტანული სპეცდანიშნულების ავიაქვედანაყოფის (SAS - Special Air Service) დაახლოებით 20 მებრძოლი, რომელიც საიდუმლო-სადაზვერვო ამოცანას ასრულებდა, იძულებული იყო, თალიბების მიერ კონტროლირებულ ქვეყანაში ასობით კილომეტრი (მილი) ქალის ფარანჯებში გადაცმულს გაევლო, ქვეყნიდან შეუმჩნევლად გასასვლელად. ისინი თავიანთ მისიას ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ასრულებდნენ, როცა ცენტრალური მეთაურობისაგან გაფრთხილება მიიღეს - შვეულმფრენები თქვენი ევაკუაციისათვის აღარ დარჩაო. "სპეცმებრძოლმა" სამხედრო მოსამსახურეებმა მიატოვეს მთელი თავიანთი ტექნიკა და თან მხოლოდ პირადი იარაღი წაიღეს, ქალის ფარანჯა გადაიცვეს და სახიფათო გზას გაუდგნენ: ამ მიზნით მათ ხუთი ტაქსი დაიქირავეს (ავღანელი კოლეგის თანხლებით) და ქაბულისაკენ გაემართნენ.

ყოველთვის, როცა ისინი გზებზე არსებულ ბლოკპოსტებს აწყდებოდნენ, ავღანელი გამყოლი თალიბებს განუმარტავდა, რომ ავტომანქანებში მსხდომი ქალები ღრმად რელიგიურები არიან და ქაბულში იმისთვის მიდიან, რომ თალიბების ხელისუფლებაში დაბრუნებას მიესალმონო.. საბედნიეროდ, ასეთი ახსნა-განმარტება ჭრიდა და მათ გზას უხსნიდნენ. რასაკვირველია, იყო რამდენიმე სახიფათო მომენტი, როცა ზოგიერთმა "პატრულმა" ფარანჯის მოხსნა მოითხოვა, მგზავრების ვინაობის შემოწმების მიზნით, მაგრამ მათ სხვა თალიბმა თანამებრძოლებმა გადაათქმევინეს. როგორც იქნა, ინგლისელმა "სპეცმებრძოლებმა" ქაბულამდე ჩააღწიეს...

ოფიციალურად, ავღანეთიდან უკანასკნელი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იქნა ევაკუირებული ქაბულის აეროპორტიდან, სულ 15 ათასამდე, რაც ბრიტანეთის სამხედრო ისტორიაში ერთ-ერთ, მსხვილმასშტაბიან საჰაერო გადაყვანის ფაქტად არის შეფასებული. დაუნინგ-სთრითის მონაცემებით, ევაკუირებულებს შორის არის ბრიტანეთის 5 ათასი მოქალაქე და 8 ათასი ავღანელი, მათ შორის - 2000 ათასი ბავშვიც, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ერთი წლისაა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ