"სტალინის მშობლიურ ქალაქში ვიზიტი გვახსენებს, თუ რა რთულია მსოფლიო: პოსტსაბჭოთა საქართველო უკვე პროდასავლური ქვეყანაა, სტალინის სახლი კი ისევ იქ დგას" - კვირის პალიტრა

"სტალინის მშობლიურ ქალაქში ვიზიტი გვახსენებს, თუ რა რთულია მსოფლიო: პოსტსაბჭოთა საქართველო უკვე პროდასავლური ქვეყანაა, სტალინის სახლი კი ისევ იქ დგას"

ამერიკულ გაზეთ Chicago Sun-Times-ში (ჩიკაგო, ილინოისის შტატი) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "სტალინის მშობლიურ ქალაქში ვიზიტი გვახსენებს, თუ რა რთულია მსოფლიო: დიქტატორი 68 წლის წინ გარდაიცვალა, სსრკ 30 წლის წინ დაიშალა, პოსტსაბჭოთა საქართველო უკვე პროდასავლური ქვეყანაა, იოსებ სტალინის სახლი კი ისევ იქ დგას" (ავტორი - მარკ ბრაუნი, გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ავტორის შთაბეჭდილებები და კომენტარები გორში, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ. გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

"ჩვენ რთულ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ამაში ყველაზე აშკარად მაშინ დავრწმუნდი, როცა საქართველოში მდებარე ქალაქი გორი მოვინახულე, სადაც საბჭოთა დიქტატორს - იოსებ სტალინს კვლავ პატივს სცემენ, გმირად თვლიან და მოწიწებით მოიხსენიებენ.

საბჭოთა კავშირი 30 წლის წინ დაიშალა. იოსებ სტალინი 68 წლის წინ გარდაიცვალა. საქართველო, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, დღეს დასავლეთისკენ ორიენტირებულ ქვეყნად ითვლება, რომელსაც, აშშ-სთან ერთად, თავისი სამხედრო ქვედანაყოფები ერაყში და ავღანეთში ჰყავდა გაგზავნილი საბრძოლველად. საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს", - აღნიშნულია სტატიაში.

"მაგრამ იოსებ სტალინი, მისივე სახლ-მუზეუმში, რომელსაც სახელმწიფო სტატუსი აქვს, კვლავ წმინდა ადამიანად რჩება. იგი პოპულარულია, მის გამოსახულებებს ყველგან დაინახავთ - მაისურებით დაწყებული, ღვინის ბოთლებით დამთავრებული. არადა, დიქტატორმა თითქმის მილიონზე მეტი ქართველი თანამემამულე იმსხვერპლა, საბჭოთა იმპერია კი პოლიციურ სახელმწიფოდ გადააქცია", - წერს ავტორი და განმარტავს, რომ სიტყვა "სტალინი" იოსებ ჯუღაშვილის ფსევდონიმია, რაც [რუსული ენიდან] შეიძლება ასე ითარგმნოს: "ფოლადივით მტკიცე ადამიანი". "ჩვენი მძღოლი გვიხსნის, რომ ასაკოვანი ქართველები იოსებს სტალინს გმირად თვლიან, რომელმაც 1941-45 წლების ომის დროს გერმანიის ლიდერი - ადოლფ ჰიტლერი დაამარცხა და საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ გადააქცია. მუზეუმის გიდი ცოტას ლაპარაკობს "დიდ ტერორზე", როცა იოსებ სტალინის ბრძანებით, საბჭოთა კავშირში თითქმის 800 ათასზე მეტი სიკვდილით დასაჯეს. გიდის თქმით, ისინი, ძირითადად, ინტელიგენციის წრიდან იყვნენო. ესე იგი, გამოდის, რომ ინტელიგენციის წარმომადგენლები მსხვერპლად არ ითვლებიან?", - აღნიშნავს ავტორი. იგი წერს, რომ ბოლო დროს მუზეუმის მიერ შეძენილი იქნა ციმბირის საპყრობილის საკნისა და დაკითხვის ოთახების მაკეტები. "მუზეუმში ყოფნისას დავათვალიერე, აგრეთვე, იოსებ სტალინის სარკინიგზო სალონი-ვაგონი კონდიციონერით. როგორც ცნობილია, საბჭოთა ლიდერი თვითმფრინავში იშვიათად ჯდებოდა - ფრენის ეშინოდა და გადაადგილებისათვის იგი უპირატესობას რკინიგზას ანიჭებდა", - განმარტავს მარკ ბრაუნი.

"მე საქართველოში ტურისტად ვარ, სადაც ქართულმა სამზარეულომ და ღვინომ მიმიზიდა, კავკასიის მთების სილამაზემ, შავი ზღვის სანაპიროს პეიზაჟმა და უძველესი ცივილიზაციის ნაშთებმა, რომლებსაც აქ ჩამოსვლამდე არ ვიცნობდი. საქართველო მშვენიერი ადგილია, სადაც სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი ცხოვრობს. უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ როგორც კი ჩიკაგოში დავბრუნდები, შევალ ბუფალო-გროუვში მდებარე ქართულ საცხობში და ქართულ რესტორან "არაგვში", რათა აშშ-ში და საქართველოში მომზადებული საფირმო საჭმელები - ხაჭაპური და ხინკალი ერთმანეთს შევუდარო. ჩემთვის რომ ექვსი თვის წინ ეკითხათ, თუ რა გააკეთა საქართველომ ჩიკაგოელებისათვის, მე მხოლოდ ილინოისის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მოთამაშე გიორგი ბეჟანიშვილი გამახსენდებოდა", - აღნიშნავს ავტორი.

"საქართველოში ყოფნისას გაგიკვირდება, ისეთ ისტორიებს მოისმენ. ქართულ მიწებს ხელში ჩასაგდებად უამრავი დამპყრობელი ემუქრებოდა - ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ხანი... ამ ქვეყანას თავს ესხმოდნენ რომაელები, მონღოლები, ოსმანები, სპარსელები და რუსები - ჯერ მეფის რუსეთი, შემდეგ კი - კომუნისტური რუსეთი. ყოველი დამპყრობელი ცდილობდა თავის წილად რაღაც გაენადგურებინა. საკვირველია, მაგრამ ფაქტია: ამდენი მტრის შემოსევების მიუხედავად, ქართველებმა თავიანთი ეროვნული იდენტობა და ეროვნული სული მაინც შეინარჩუნეს - დანგრეულს ისევ აშენებდნენ. დღესაც იგივე გრძელდება - იმ პირობებშიც კი, როცა მათ საფრთხე კვლავ რუსეთიდან ემუქრებათ, ვლადიმერ პუტინის მოქმედებით.

საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი ხანმოკლე ომის დროს, 2008 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის არმიას გორი და სხვა ქალაქები დააბომბინა, მაგრამ ამ ფაქტებისათვის ამერიკელებს ყურადღება არ მიუქცევიათ, მათ უმრავლესობას არაფერი გაუგია. არადა, თბილისში არის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, რომელიც 2005 წლიდან აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელს ატარებს. ქართველებმა ამერიკის იმდროინდელი ლიდერის მიმართ დიდი პატივისცემა გამოიჩინეს, მაგრამ მოგვიანებით, მათი დამოკიდებულება ჯორჯ ბუშისადმი მნიშვნელოვნად შეიცვალა, როცა აშშ-მა არაფერი გააკეთა დაბომბვის თავიდან ასაცილებლად და ხელი არ შეუშლია რუსეთისათვის, როცა მან საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია განახორციელა, ადგილობრივი მოსახლეობის "დაცვის" მიზნით", - ნათქვამია სტატიაში.

"ბათუმში ყოფნისას, როგორც მივხვდი, ერთ-ერთი ტაქსისტი ჰყვებოდა, რომ ქართულ არმიაში სამსახურის დროს, იგი ამერიკელებთან ერთად ავღანეთში იმყოფებოდა. მინდოდა მეკითხა მისთვის, თუ რას ფიქრობდა ავღანეთიდან ამერიკელების წამოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ კარგად ვერ გავაგებინე, ენის უცოდინარობის ბარიერმა ხელი შეგვიშალა. ისე კი, როგორც საქართველოს ინგლისურენოვან გაზეთში წავიკითხე, აქაური საზოგადოება თვლის, რომ ავღანეთში განცდილი წარუმატებლობის გამო, არაა გამორიცხული, აშშ ისეთ მოკავშირეებს, როგორიც საქართველოა, აუცილებლობის შემთხვევაში, ნაკლებად დაეხმაროს.

საქართველოში მოგზაურობის დროს ყველაზე საინტერესო მაინც სამხედრო გზაზე მგზავრობა იყო - თბილისიდან ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრამდე, კავკასიონის მთების გარემოცვაში.

გზაზე ორმხრივი მოძრაობაა, ვიწროა, შეკეთებას საჭიროებს. უკვე ასეთი მდგომარეობა იმას ნიშნავს, რომ მასზე მგზავრობა ყველა სიტუაციაში პრობლემურია, მაგრამ ორმაგად რთულია, როცა გზის პირას უამრავი სატვირთო ავტომანქანაა ჩამწკრივებული, რომლებიც თავიანთ რიგს ელოდებიან რუსეთის საზღვარზე გადასასვლელად. არაფერს ვამბობ, რომ საქართველოში მსგავს გზებზე (თითქმის ყველგან) შინაური ცხოველები თავისუფლად დადიან. არ არის გამორიცხული, რომ საქონელი ავტობანებზეც კი ვნახოთ, რადგან ისინი ბალახს ოთხზოლიანი ავტომაგისტრალების ახლოს ძოვენ.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ, ალბათ, საქართველო თავის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას - სამხედრო გზას შეაკეთებს და უკეთეს სახეს მისცემს, მაგრამ შემდეგ ისიც გაგვახსენდება, ეს გზა რუსეთისაკენ მიდის... რთულია მსოფლიო საქართველოსთვის", - ასე ამთავრებს სტატიას ავტორი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ