"სი ძინპინი და მაო ძედუნი: 2:0? როგორ ცდილობს ჩინეთის გადაკეთებას სი ძინპინი" - რას წერს ბრიტანული პრესა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე - კვირის პალიტრა

"სი ძინპინი და მაო ძედუნი: 2:0? როგორ ცდილობს ჩინეთის გადაკეთებას სი ძინპინი" - რას წერს ბრიტანული პრესა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე

13 სექტემბრის ბრიტანულ პრესაში ყურადღება ეთმობა ჩინეთის თემატიკას, რომლის შესახებაც ორი პოპულარული და გავლენიანი გაზეთი წერს: "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "სი და მაო: 2:0? როგორ ცდილობს ჩინეთის გადაკეთებას სი ძინპინი", ხოლო "გარდიანი" (The Guardian) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას - "ჩვენი ხედვა სი ძინპინის ჩინეთზე: გამოსწორება და არა რევოლუცია".

გთავაზობთ "დეილი ტელეგრაფში" დაბეჭდილი პეკინელი კორესპონდენტის - სოფია იანის რეპორტაჟის შინაარსს, რომელშიც საუბარია ჩინეთის შიგნით ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწყებულ რეპრესიებზე - ბიზნესმენთა დევნაზე, ტექნოლოგიური კომპანიების აკრძალვაზე, არასრულწოვნების კონტროლზე...

"პეკინში, მდინარის გასწვრივ, შენობები დგას, რომლებსაც ჯარისკაცები იცავენ. მათგან ერთ-ერთს "ჩინეთის მართვის აკადემიის ცენტრალური პარტიული სკოლა" წარმოადგენს. სკოლაში ჩინეთის მმართველი ელიტის წარმომადგენლები მშობლიური პარტიის ისტორიას სწავლობენ, მის პოლიტიკურ დოქტრინას, რომლის საფუძველს ქვეყნის ლიდერის იდეები წარმოადგენს - სი ძინპინისა, რომელიც სულ უფრო უძლიერესი პიროვნება ხდება.

თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, სი ძინპინმა პარტია და მისი იდეოლოგია ჩინური საზოგადოების ყოველი წევრის გულამდე მიიტანა და, იმავდროულად, ულმობლად გაუსწორდა ყველას, ვინ წინააღმდეგობა გაუწია - ყველა საპყრობილეში ჩასვა.

ახლა კი მისი გეგმები სულ უფრო ფართოვდება.

უკანასკნელ ხანს ჩინეთში შეიმჩნევა ცენზურის გაძლიერება, ფართოვდება აკრძალვები, რომელიც პოპულარულ ადამიანებს ეხებათ, ცნობილ კომპანიებს და მილიარდერებს.

რეპრესიები სულ უფრო ფართოვდება და ჩინური საზოგადოების ფართო ფენებს მოიცავს ქვეყნის ყველა კუთხეში. გასულ კვირას ტელეშოუებში გამოსვლა იმ მამაკაცებს აუკრძალეს, რომლებიც ძალიან ქალურად გამოიყურებიან. ბავშვების ონლაინ-თამაშების დრო კვირაში მხოლოდ სამი საათით შემოიფარგლა. იხურება პოპულარული ადამიანების ფან-კლუბები, მათ წევრებს დევნიან. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ზის და წყვეტს, რა დაუშვას პოპ-კულტურაში და რა - არა, ან როგორ გაატაროს ხალხმა დასვენების დრო.

მსგავსი დრამატული და უეცარი პოლიტიკური ნაბიჯები იმ კულტურულ რევოლუციას ჰგავს, როცა "საზოგადოება კაპიტალისტური ელემენტებისაგან გაიწმინდა" და ჩინეთი დიდი მაო ძედუნის იდეოლოგიის მიხედვით გარდაიქმნა [1960-იანი წლების დასაწყისამდე].

დამკვირვებლები თვლიან, რომ სი ძინპინი ნიადაგს ამზადებს ჩინეთის კომპარტიის მე-20 ყრილობისათვის, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს. იგი ბოლო წლებში ყველანაირად ცდილობდა საკუთარი კულტის შექმნას - ისე, როგორც ამას მაო ძედუნი აკეთებდა. პარტიის მეოცე ყრილობაზე სი ძინპინს იმედი აქვს, რომ მმართველობის ვადები გაუქმდება და იგი ჩინეთის მარადიული ლიდერი გახდება. 2017 წელს მან თავისი დოქტრინა გაავრცელა - "სი ძინპინის აზრები", რომელიც გასული წლიდან სკოლებში ისწავლება შვიდი წლის ასაკის ბავშვებისათვის.

რაც შეეხება რეპრესიებს: გასულ წელს გაუჩინარდა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ტექნოლოგიური მაგნატი, მილიარდერი ჯეკ მა. მან მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის ეკონომიკის მარეგულირებელი ორგანოები და ისინი ინოვაციების დაბრკოლებლად შერაცხა. მილიარდერმა პირადად უსაყვედურა სი ძინპინს, რომ მან ქვეყნისთვის სასარგებლო გარიგება შეაჩერაო. ეს ნიშნავდა, რომ ჯეკ მამ - ჩინელმა პოპულარულმა და პატივცემულმა ბიზნესმენმა ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი არაკომპეტენტურობაში ამხილა.

ხმები დადიოდა, რომ ამ გამოსვლის შემდეგ ჯეკ მას "ზემოთ" გაესაუბრნენ. მოგვიანებით იგი საზოგადოებას მცირე ხნით დაენახვა და უკვე თითქმის ერთი წელია, ჩუმად არის, არაფერს აღარ ლაპარაკობს. გზავნილი ნათელი იყო: არავინ უნდა გაბედოს, ვინც უნდა იყოს იგი, მმართველი კომპარტიის ლიდერის გაკრიტიკება და მისი გამოწვევა.

ჩინელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა "ჭკუა ისწავლეს": მათ უკან დაიხიეს და მთავრობას ყველა ინიციატივაში მხარს უჭერენ, საკუთარი ქონების საზიანოდაც კი. იმავე ჯეკ მას კომპანიამ - "ალიბაბამ" განაცხადა, რომ მზადაა, 15 მილიარდი დოლარი დახარჯოს სოციალური თანასწორობის მისაღწევად და პეკინის "ასაყვავებლად".

ასევე, უნდა გავიხსენოთ ცნობილი მსახიობი ქალი ჯაო ვეი, ყველაზე პოპულარული ტელესერიალის ვარსკვლავი, რომელსაც სი ძინპინის რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ მსხვერპლად ასახელებენ. არავინ იცის, რა აწყენინა მან პარტიულ ხელისუფლებას, მაგრამ გასული წლიდან მის სახელს აღარსად ახსენებენ, იგი ამოიშალა ყველა სტატიიდან, აიკრძალა ყველა ფილმი მისი მონაწილეობით. მოკლედ, თითქოსდა ჯაო ვეი საერთოდ აღარ არსებობს", - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში, ასევე, განხილულია ჩინეთის სახალხო განათლების სისტემაში შეტანილი ცვლილებებიც, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ