"ჩვენთან ფულით დაბრუნდით, იარაღის გარეშე" - რას ჰყვება თალიბთა გუბერნატორი ბრიტანულ გამოცემასთან - კვირის პალიტრა

"ჩვენთან ფულით დაბრუნდით, იარაღის გარეშე" - რას ჰყვება თალიბთა გუბერნატორი ბრიტანულ გამოცემასთან

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანის" (The Guardian) კორესპონდენტი ემა გრემ-ჰარისონი ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე გილმენდის პროვინციის ახალ თალიბ გუბერნატორს შეხვდა და ესაუბრა. მათი შეხვედრა პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში - ქალაქ ლაშკარგახში გაიმართა. ინტერვიუ "გარდიანში" გამოქვეყნებულია სათაურით - "თალიბთა გუბერნატორი დასავლეთს მიმართავს: "ჩვენთან ფულით დაბრუნდით, იარაღის გარეშე". გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ინტერვიუში მალავი (ასე ჰქვია თალიბ გუბერნატორს) დიდ ბრიტანეთს და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს: აღიარეთ "თალიბანის" მთავრობა ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობად და ქვეყნის კარი თქვენთვის ღია იქნება. ოღონდ დაბრუნდით არა იარაღით, არამედ - ფულით".

მალავი მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა საერთაშორისო კოალიციის ძალებს: "ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი მხოლოდ ბრძოლის დროს გვქონდა, მშვიდობიან პერიოდში შეხვედრები და საუბარი გამორიცხული იყო", - ამბობს გუბერნატორი, - "ახლა კი შეგიძლიათ, ჩვენი გულები სიკეთით დაიპყროთ და გაგვაბედნიეროთ, თუ ქვეყნის თალიბურ ხელისუფლებას აღიარებთ".

როგორც "გარდიანის" კორესპონდენტი აღნიშნავს, ისევე, როგორც ავღანეთის ბევრი პროვინცია, გილმენდიც ეკონომიკური კატასტროფის პირას იმყოფება. გუბერნატორი დასავლეთს მოუწოდებს, რომ იმ დანაკარგების კომპენსაცია მოახდინოს, რომელიც ქვეყანამ ომის პერიოდში განიცადა:

"უცხოეთის ქვეყნები ავღანეთში შემოიჭრნენ... მათ ჩვენი ქალები, ბავშვები და მოხუცები დახოცეს, ყველაფერი გაგვინადგურეს, - ამბობს მალავი, - "ახლა კი დადგა დროს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ჰუმანიტარული ეკონომიკური და ფინანსური დახმარება გაგვიწიოს, რათა ჩვენ მეტი ყურადღება გადავიტანოთ განათლების, ჯანდაცვის, ბიზნნესისა და ვაჭრობის განვითარებაზე".

ავღანეთში ჩინოვნიკებს და საბიუჯეტო მოსამსახურეებს ხელფასები უკვე რამდენიმე თვეა, არ მიუღიათ. ცხადია, მათგან ბევრი წინა ხელისუფლების სამსახურში იყო და ამიტომ უკვე ქვეყნიდანაა გაქცეული. მათ თან გაჰყვნენ მრავალრიცხოვანი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილი დახმარების ბევრი პროგრამა შეჩერებულია.

თალიბები დასავლეთს პრეტენზიებს უყენებენ, მაგრამ, თავის მხრივ, დასავლეთის ქვეყნებსაც ბევრი კითხვა აქვთ თალიბებთან, კერძოდ, შეძლებენ თუ არა ქალები განათლების მიღებას ახალი რეჟიმის პირობებში? სამი დღის წინ დროებითი მთავრობის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ქალებს უფლება ექნებათ უმაღლეს სასწავლებლებში იარონ, მაგრამ მათ ჰიჯაბი უნდა ატარონ და სტუდენტი-მამაკაცებისგან განცალკევებულად უნდა ისწავლონ. ქალაქ ლაშკარგახში ნამყოფი "გარდიანის" კორესპონდენტი წერს, რომ მან დაწყებითი სკოლის კლასში, მერხებზე მჯდომი მცირეწლოვანი გოგონები დაინახა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიღება საშუალო საგანმანათლებლო სკოლები უფროსი ასაკის გოგონებისათვის.

"ერთ ჭეშმარიტებას გეტყვით: ჩვენ ნატოს ძალიან დავეხმარეთ. ისინი ჩვენი მადლობლები უნდა იყვნენ, რომ ავღანეთიდან იოლად, მშვიდობიანად წასვლის უფლება მივეცით. ჩვენ შეგვეძლო, მათთვის ბრძოლები გაგვემართა და მსხვერპლის გარეშე არ გაგვეშვა. შესაბამისად, ჩვენი კეთილი ნაბიჯის გამო მათ ავღანეთის მთავრობა უნდა აღიარონ", - ასე ამთავრებს ინტერვიუს გილმენდის პროვინციის გუბერნატორი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ