"ყალბი პარტიები და კლონირებული კანდიდატები: როგორ ატარებს კრემლი დემოკრატიულ არჩევნებს" - როგორ ეხმაურება ამერიკული პრესა რუსეთის არჩევნებს - კვირის პალიტრა

"ყალბი პარტიები და კლონირებული კანდიდატები: როგორ ატარებს კრემლი დემოკრატიულ არჩევნებს" - როგორ ეხმაურება ამერიკული პრესა რუსეთის არჩევნებს

საერთაშორისო პრესა საკმაოდ ფართოდ ეხმაურება რუსეთში გამართულ სახელმწიფო სათათბიროს სამდღიან არჩევნებს, რომელიც გუშინ, 19 სექტემბერს დასრულდა.

ამერიკული გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" (The New York Times) ორ სტატიას აქვეყნებს: პირველის სათაურია - "ყალბი პარტიები და კლონირებული კანდიდატები: როგორ ატარებს კრემლი დემოკრატიულ არჩევნებს" (ავტორი - ენდრიუ კრამერი, მოსკოველი კორესპონდენტი). მასში განხილულია სახელმწიფო სათათბიროს სამდღიანი არჩევნების მიმდინარეობა, რომელიც გუშინ დასრულდა და მეთოდურადაა ჩამოთვლილი კრემლის მიერ შემუშავებული პოლიტტექნოლოგიები, ასევე, საუბარია ადმინისტრაციულ რესურსზე, არასასურველი კანდიდატების განდევნის მეთოდებზე, ამომრჩევლებისათვის ფულის დარიგებაზე, ელექტრონულ ხმის მიცემაზე (ეს გარკვეული სიახლეა ამ არჩევნებში!) და "როსპოტრებნადზორის" მიერ "გონივრული არჩევნების" მომხრეების წინააღმდეგ ბრძოლაზე ("გონივრული არჩევნები" ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის იდეაა, საპროტესტო ელექტორატისათვის მიმართულების მისაცემად).

სხვათა შორის, "ნიუ-იორკ თაიმს"-ის სტატიაში ობიექტურად არის აღნიშნული, რომ კლონი-კანდიდატების იდეა (ანუ რამდენიმე იდენტური გვარის მქონე კანდიდატის არსებობა საარჩევნო ბიულეტენებში) რუსეთში არ მოუგონიათ, ამერიკაშიც ასე მოხდა 2020 წელს, როცა ფლორიდაში სენატის წევრს ირჩევდნენ. (წყარო)

-------------------

მეორე სტატიაში სათაურით - "რუსეთის არჩევნები პუტინის პარტიისადმი მხარდაჭერის შემცირებას აჩვენებს" (ავტორები - ანტონ ტროიანოვსკი და ივან ნეჩიპორენკო) ნათქვამია, რომ "ხმის მიცემა არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. ამასთან, მმართველი პარტია "ედინაია როსია" ხელისუფლებას შეინარჩუნებს, თუმცა მას სათათბიროში ნაკლები ადგილები ექნება".

სტატიაში საუბარია, რომ კრემლი ითვალისწინებს ბელარუსში შარშან მომხდარ საპროტესტო აქციებს და როგორც დამკვირვებლები თვლიან, ყველა ღონეს იხმარს, რომ რუსეთში უკმაყოფილო ამომრჩევლების ქუჩაში გამოსვლა არ მოხდეს. პოლიციელებით სავსე ავტობუსები მოსკოვსა და სხვა ქალაქებში არჩევნების დღეებშიც მზად იყო ყოველგვარი "საპროტესტო განწყობა" აღმოეფხვრა.

თუმცა, როგორც ავტორები წერენ, ფაქტია, რომ რუსეთის ბევრი მოქალაქე მხარს ისევ ვლადიმერ პუტინს უჭერს: "მე მადლობელი ვარ, რომ უფალმა ასეთი ლიდერი მოგვცა", - ციტირებულია სტატიაში მასწავლებელ ტატიანა კოლოსოვას ნათქვამი, რომელსაც ჟურნალისტები მოსკოვში, საარჩევნო უბანში გაესაუბრნენ. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ