"რატომ "ჩაუშვა" ერდოღანმა ასე საქვეყნოდ სომეხი კოლეგა?" - როგორ ეხმაურება რუსული და სომხური პრესა ერდოღან-ფაშინიანის სავარაუდო შეხვედრას - კვირის პალიტრა

"რატომ "ჩაუშვა" ერდოღანმა ასე საქვეყნოდ სომეხი კოლეგა?" - როგორ ეხმაურება რუსული და სომხური პრესა ერდოღან-ფაშინიანის სავარაუდო შეხვედრას

რუსული და სომხური პრესა აქტიურად ეხმაურება სომხეთ-თურქეთის ლიდერების სავარაუდო შეხვედრის შესაძლებლობას, საქართველოს შუამავლობით, და ამ მხრივ გარკვეულ კომენტარებს აქვეყნებს. გთავაზობთ პრესის მასალების მიმოხილვას:

რუსულ "კომერსანტში" (КоммерсантЪ) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "თურქეთის პრეზიდენტამდე მიღწევა რთული საქმეა: რეჯეფ ერდოღანმა საჯაროდ უპასუხა სომხეთის პრემიერის საიდუმლო შეთავაზებას შეხვედრის თაობაზე" (ავტორები - კირილ კრივოშეევი და არშალუის მღდესიანი), რომელშიც ვკითხულობთ:

"სომხეთის პრემიერ-მინისტრი ახალი სკანდალის ცენტრში მოექცა, რომელიც მის ისედაც არცთუ მაღალ რეიტინგს შერყევითა და დაცემით ემუქრება. სომხურმა ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანი ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულა: როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, ნიკოლ ფაშინიანს იგი საიდუმლო შეხვედრაზე მიუწვევია, ხოლო შუამავალი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილა. ამ ეტაპზე ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შესაძლებლობა რეჯეფ ერდოღანმა კატეგორიულად უარყო. "კომერსანტთან" მოსაუბრეებმა ერევნიდან და ბაქოდან აღნიშნეს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეაქციაზე გავლენა, როგორც ჩანს, იმან მოახდინა, რომ სომხეთმა შუამავალ მხარედ საქართველო აირჩია. თხოვნა რომ მოსკოვის შუამავლობით გადაცემულიყო, თურქეთის ლიდერის პასუხი ასეთი კატეგორიული არ იქნებოდა.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, როცა კვირას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა რეჯეფ ერდოღანს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა სომხეთის პრემიერის ნათქვამზე - ზანგეზურის დერეფანს არ გავხსნიო (რომელმაც აზერბაიჯანი თავის ავტონომიურ ოლქთან - ნახჩივანთან და თურქეთთან უნდა დააკავშიროს, სომხეთის სიუნიკის ოლქის გავლით). კითხვის პასუხად თურქეთის პრეზიდენტმა ისეთი რამ თქვა, რომლის ცოდნა, წესით, ადამიანთა ვიწრო წრეში უნდა დარჩენილიყო: "საკმაოდ უცნაურია, რომ ისინი [სომხები], ერთი მხრივ, ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ხოლო მეორე მხრივ, შეხვედრას ცდილობენ. თუ ნიკოლ ფაშინიანს რეჯეფ ერდოღანთან შეხვედრა უნდა, მან ამისათვის გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. რაკი [სომხებმა] ასეთი სურვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის [ირაკლი ღარიბაშვილის] შუამავლობით შეგვატყობინეს, ჩვენ არ ვართ შეხვედრის წინააღმდეგი, ჩვენ მზად ვართ შეხვედრის გასამართავად. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ასეთი შეხვედრისათვის ჩვენ მათგან ისეთ ნაბიჯებს ველოდებით, რომელიც მათ კეთილ ნებას დაადასტურებს". თურქი ლიდერის აზრით, ასეთი ნაბიჯის მაგალითი შეიძლება იყოს ნახჩივანისაკენ მიმართული დერეფნის გახსნა, რასაც ერევანში არასასურველად თვლიან მანამ, სანამ რეგიონის სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვა არ მოხდება.

რეჯეფ ერდოღანის სენსაციური განცხადება ერევანში არც დაადასტურეს და არც უარყვეს; როგორც პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა მანე გევორქიანმა თქვა, დღეისათვის თურქეთსა და სომხეთს შორის არავითარი კონტაქტი არ არსებობს, თუმცა, თუ შეხვედრა საჭირო გახდება, "სომხეთი მზად იქნება მის ეფექტიანად ჩასატარებლად, უმაღლეს დონეზე".

რეაგირება მოუწია რუსულ მხარესაც: ორშაბათს ერევანში ჩავიდა რუსეთის ვიცეპრემიერი ალექსი ოვერჩუკი, რომელიც სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში შედის სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად. სომეხი ჟურნალისტებმა მას იმავე წუთს ჰკითხეს ზანგეზურის დერეფნის გახსნა-არგახსნის თაობაზე, მაგრამ რუსმა ჩინოვნიკმა უპასუხა, რომ "ასეთი საკითხი არ განიხილება, სამაგიეროდ, ვიხილავთ ამიერკავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების დებლოკირების საკითხებსო". არადა, კაცმა რომ თქვას, ზანგეზურის დერეფანიც ამ პროცესის ნაწილია და გასარკვევია, რა სტატუსი ექნება ამ დერეფანში არსებულ გზას - ექსტერიტორიულის სტატუსი (რასაც სომხეთი უფრთხის) თუ - არა.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა რუს ვიცეპრემიერთან მოლაპარაკების დროს აღნიშნა, რომ ერევანი მაღალ დონეზე აფასებს იმ დახმარებას და თანადგომას, რასაც სომხეთი კრემლისგან იღებს და გრძნობს.

როგორც ცნობილია, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ვიზიტით 8-9 სექტემბერს იმყოფებოდა. თბილისის შემდეგ იგი ბათუმს ეწვია და თავის ქართველ კოლეგას - ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა. ამის თაობაზე ჟურნალისტებისათვის წინასწარ არავის არაფერი უცნობებია. ვიზიტის მეორე დღე პრემიერ-მინისტრებმა ერთად გაატარეს, მომდევნო დღეს კი პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები გავაცანითო". თუმცა ზოგიერთმა სომხურმა მედიასაშუალებამ, გარკვეულ წყაროებზე მინიშნებით, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იმ დღეს ბათუმში ნიკოლ ფაშინიანი რომელიღაც თურქ მაღალჩინოსან ემისარს შეხვედრია.

გავიხსენოთ, რომ ნიკოლ ფაშინიანი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ თურქეთთან მტრობა "მართვადი უნდა გავხადოთ და მასთან კონტაქტებიც უნდა დავამყაროთო", ამას წინათ კი, 27 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ხაზი გაუსვა: "თურქეთის მხრიდან საჯარო დადებით იმპულსებს ვხედავთ და ჩვენ ამას ასეთივე დადებითი იმპულსებით ვუპასუხებთ". ამიტომაც სომხური ოპოზიციისათვის რეჯეფ ერდოღანის სიტყვები იმის დამამადასტურებლად იქცა, თუ როგორ ღალატობს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ეროვნულ ინტერესებს.

ოპოზიციური ბლოკის - "სომხეთის" დეპუტატმა გეგამ მანუკიანმა "კომერსანტის" - ერევნელ კორესპონდენტთან საუბრისას იმ რამდენიმე მიზეზზე ისაუბრა, რომელთა გამოც უმაღლესი დონის სომხურ-თურქული დიალოგი მიუღებელია. პირველ რიგში, იგი იმან აღაშფოთა, რომ ნიკოლ ფაშიანი, სანამ თურქ ლიდერთან შეხვედრის სურვილს გაამჟღავნებდა, მანამ წინასწარ არავის მოთათბირებია: "სომხეთში თურქეთთან დიალოგის საკითხი ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური განხილვის საგანი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ კონსოლიდირებული მიდგომა არ არის. რატომ კეთდება ეს ფარულად? როგორც რეჯეფ ერდოღანის ნათქვამიდან ჩანს, ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს, გვერდი აუაროს ისეთ მოთამაშეს, როგორიც რუსეთია, რაც მოსკოვში ერევნის მიმართ უნდობლობას ბადებს. ჩვენ უკვე დავინახეთ ასეთი პოლიტიკის ნაყოფი შარშან, 44-დღიანი ომის შედეგის სახით".

გარდა ამისა, გეგამ მანუკიანის თქმით, დღეს არსებულ სიტუაციაში ყველანაირი დიალოგი მხოლოდ თურქეთის მხარისთვის იქნება სასარგებლო და დივიდენდებს მხოლოდ ანკარას მოუტანს: "გაუგებარია, რომელი ურთიერთობების ნორმალიზებაზე ლაპარაკობს სომხური მხარე, როცა დღემდე უცნობია, თუ რა შედეგამდე მიგვიყვანს კომუნიკაციების დებლოკირება აზერბაიჯანთან. ამ საკითხში სრული გაურკვეველობაა", - ამბობს სომხეთის პარლამენტის წევრი.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ილგარ ველიზადეც ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობები განუყოფელია აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, ჯერ კიდევ ბოლომდე ნორმალიზებული არ არის: "ამისთვის აუცილებელია პოლიტიკურ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც ჯერ არ არსებობს, - ამბობს იგი "კომერსანტთან" საუბარში, - ანკარა ითხოვს, რომ სომხეთმა უარი განაცხადოს ტერიტორიულ პრეტენზიებზე, ერევანი კი ჯერ ამისთვის მზად არ არის. შესაბამისად, "მოლაპარაკება მხოლოდ მოლაპარაკებისათვის" ანკარას არ ჭირდება".

ამასთან, ილგარ ველიზადე ვარაუდობს: ნიკოლ ფაშინიანს შუამავლად თბილისი კი არა, მოსკოვი რომ აერჩია, შედეგი შეიძლებოდა სხვანაირი ყოფილიყო. "მოსკოვი ამ მხრივ კარგად წაიმუშავებდა, დღის წესრიგს შეათანხმებდა და შედეგიც იქნებოდა. რუსული დიპლომატია განსხვავებულად მოქმედებს, - აღნიშნავს პოლიტოლოგი, - აქედან გამომდინარე, თურქული მხარე, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, მოსკოვს რაღაცას დაუთმობდა, ვთქვათ, რეგიონული კომუნიკაციების დებლოკირების გარანტიას მისცემდა. მაგრამ ხომ იცით, - ისტორია კავშირებით კილოს (სასურველ მოქმედებას) ვერ იტანს". (წყარო)

--------------

სომხეთის ოპოზიციურ გაზეთ "გოლოს არმენიიში" (Голос Армении) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "ხტუნიას ნახტომმა უმტყუნა" (ავტორი - რუბენ მარგარიანი), რომელშიც ნიკოლ ფაშინიანის "პროთურქული გადახრებია" გაკრიტიკებული:

"ნიკოლ ფაშინიანი კიდევ ერთხელ გამოიჭირეს. მისი ფარული მიზნები კიდევ ერთხელ გამჟღავნდა: ამჯერად აღზრდის ეს სასიამოვნო მისია - საჯაროდ გაროზგვა - თავისთავზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა აიღო... ძნელია იმის კომენტირება, რაც თურქმა ლიდერმა საზოგადოებას აცნობა: ისე გამოვიდა, რომ რეჯეფ ერდოღანმა არა მხოლოდ უარი უთხრა სომხეთის პრემიერს კონსპირაციულ შეხვედრაზე, არამედ - "ბიჭს თავისი ადგილი უჩვენა": "შენ ჯერ პატარა ხარ და სანამ მე შემხვდებოდე, მანამ რაღაცები უნდა გააკეთო. თუ ჩვენს პირობებს შეასრულებ, მაშინ შეიძლება შეხვედრაზე ვიფიქროო".

აი, თურმე, რატომ იყო წასული თბილისში ნიკოლ ფაშინიანი. სომეხი ლიბერალების ჩვევა ამაშიც გამოვლინდა: ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ სწორედ საქართველო იყო ის ძირითადი ადგილი, სადაც სომხური "ენჯეოშნიკები" და ოპოზიციონერები თურქეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. თვითონ ფაშინიანიც, გაპრემიერებამდე, არაერთხელ იყო თბილისში და როგორ არ გაგვახსენდება გარნიკ ისაგულიანის (ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მრჩეველი - ს.კ.) ნათქვამი - ნიკოლ ფაშინიანის გუნდმა სწორედ საქართველოს მეშვეობით მიიღო 50 მილიონი დოლარი აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეცსამსახურებიდან, სომხეთში სიყვარულისა და თანხმობის რევოლუციის" მოსახდენადო...

ამრიგად, ნიკოლ ფაშინიანი თბილისს გაემგზავრა, თავისი თხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა და შემდეგ ბათუმში წავიდა. სომეხ ექსპერტებს თავსატეხი გაუჩნდათ: რატომ? ზოგიერთები ვარაუდობდნენ - კაცი შრომისაგან დაიღალა და ორიოდე საათი დასვენება მასაც ჭირდებაო... ახლა კი, რეჯეფ ერდოღანის გულახდილად ნათქვამის ფონზე, ერთ-ერთი ვერსია რეალურ სახეს იძენს: იქნებ ნიკოლ ფაშინიანი ბათუმში "ფიქრთ გასართველად" კი არ წავიდა, არამედ - ქართველი კოლეგის რჩევით, რათა აჭარაში, სადაც თურქული კაპიტალი ელვარე ფერებით არის აყვავებული, ისეთ ადამიანებს შეხვედროდა, რომლებსაც პირადად შეეძლოთ ნიკოლ ფაშინიანის უმდაბლესი თხოვნის თურქეთის სულთნამდე მიტანა... როგორც ჩანს, სომეხი პრემიერ-მინისტრის კონტაქტი მის ძველ თურქ კურატორებთან შედგა.

საინტერესოა, რატომ "ჩაუშვა" რეჯეფ ერდოღანმა ასე საქვეყნოდ ნიკოლ ფაშინიანი? ალბათ, იმიტომ, რომ მის გამო თურქ პრეზიდენტს რუსების გაბრაზება არ უნდა... ვინმემ შეიძლება იკითხოს - რა შუაში არიან რუსები? არიან და თანაც - უშუალოდ.

ვისგან სურდა ფაშინიანს თავისი გეგმების დამალვა? რასაკვირველია, სომხეთის მოსახლეობისაგან, ეს გასაგებია, მაგრამ, უპირველესად, მაინც რუსებისაგან. იმიტომ, რომ ფაშინიანს მართლაც რომ ჰქონოდა მოლაპარაკების სურვილი, მას შეეძლო ასეთი თხოვნა ერდოღანისთვის სხვა ოფიციალური გზებითაც გადაეცა - მაგალითად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მეშვეობით, რომლის სტამბოლის ოფისში სომხეთს თავისი წარმომადგენელი ჰყავს. ყველამ იცის, რომ ამ ორგანიზაციის მეშვეობით ერევანსა და ანკარას საკმაოდ ხშირი კონტაქტები აქვთ.

და თუ ავტორიტეტული შუამავლის საჭიროება არსებობდა, განა ძნელი იყო ფაშინიანს საშუამავლოდ მოსკოვისათვის მიემართნა? გამოდის, ნიკოლ ფაშინიანი იმდენად სულელია, რომ თვლის - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა (მის მიმართ პატივისცემის გათვალისწინებით) უფრო ავტორიტეტულია რეჯეფ ერდოღანისთვის, ვიდრე - ვლადიმერ პუტინის? სერიოზულად ფიქრობს ასე ფაშინიანი? (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ