თურქულ გაზეთ "სთარში" გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რა დაუჯდა იოსებ სტალინის სიხარბე თურქეთს", რომელშიც თურქეთის უახლეს ისტორიაში მომხდარი მოვლენები - საბჭოთა კავშირის მიერ წაყენებული ტერიტორიული პრეტენზიები, კორეის ომში მონაწილეობა, ნატოს წევრად მიღება და სხვა ფაქტებია შეფასებული (ავტორი - აზიზ უსტელი, პოლიტიკური მიმომხილველი). როგორც ჩანს, პუბლიკაცია 1921 წლის 13 ოქტომბერს, თურქეთსა და ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებს შორის დადებული ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავის იუბილის მოახლოებას ეხმაურება. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:"მიხეილ გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის კომპარტიის უკანასკნელი გენმდივანი, თავის მემუარებში დაწვრილებით წერს, რომ 1945 წელს იოსებ სტალინის მიერ თურქეთისადმი წაყენებული ტერიტორიული პრეტენზიები ყარსის, ართვინისა და არტაანის პროვინციების "დაბრუნების" და ბოსფორ-დარდანელის სრუტეების გაკონტროლების თაობაზე დიდ ისტორიულ შეცდომას წარმოადგენდა. შეცდომა იმიტომ, რომ სწორედ ამ პრეტენზიების გამო თურქეთი აშშ-ის მიერ გაწვდილ ხელს ჩაეჭიდა...დიახ, სტალინის ამ მოთხოვნების შედეგად, თურქეთი აშშ-ის ჟანდარმად იქცა ახლო აღმოსავლეთში. და განა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ - ჩვენგან უკიდურესად შორეულ კორეაშიც. ეს ფაქტი დღეს ბევრს აღარ ახსოვს და რომ გაიგებენ, კითხვა ებადებათ - რას აკეთებდნენ კორეაში თურქი სამხედრო მოსამსახურეები - ქვეითთა ბრიგადა "ჩრდილოეთის ვარსკვლავი"? თურქეთმა კორეის ომში 21 ათასი თავისი შვილი გაგზავნა, რომლთაგანაც 724 დაიღუპა, 2100 კი დასახიჩრდა... და ამის შემდეგ თურქეთს ნატოს წევრად იღებენ!!!ჩვენ გარდა კორეის ომში აშშ-ის მხარეს იყო დიდი ბრიტანეთიც. მაგრამ საბერძნეთი, რომელიც ჩვენთან ერთად გახდა ნატოს წევრი, კორეის ომში რატომღაც არ ჩანდა.მოკლედ, ამერიკის ჟანდარმის თურქეთის არმია ოკეანის იქიდან მიღებულ ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა:"აბა, იქით წადი!""გისმენ და გემორჩილები!""აბა, ახლა გადატრიალების დროა და მოხდინე!""არის, სერ!"ამერიკის ჟანდარმის სამარცხვინო როლის შესრულება "ფეტოს" ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე გრძელდებოდა, ანუ მანამ, სანამ პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა არ დაიძახა - "შეჩერდით, ქოფაკებო!" და ხალხს ქუჩაში გამოსვლისაკენ არ მოუწოდა! იმხანად მომხდარი ამბების დროს ყველაზე მეტად ბარაკ ობამა (ყველაზე ცუდი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში!) და მისი მოადგილე ჯო ბაიდენი ნერვიულობდნენ. ახსოვს თუ არა ჯოს ის პერიოდი, როცა თურქულ ოპოზიციას ხელისუფლების დამხობისაკენ მოუწოდებდა? დღეს იგი აშშ-ის მახინჯი დემოკრატიის სახეს წარმოადგენს...პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა [სამხედრო გადატრიალების მცდელობის] შემდეგ მეგობრებისა და მტრების გასაგონად ასე განაცხადა: "თურქეთი არავის მოსამსახურე არ იქნება, ვინც უნდა იყოს!".დასკვნა: იოსებ სტალინს რომ თავისი პრეტენზიები არ წაეყენებინა თურქეთის წინააღმდეგ, ანკარა ვაშინგტონს მხარდაჭერას არ სთხოვდა და იმ მოვლენების უმეტესობა, რაც 1945 წლის შემდეგ მოხდა, არ მოხდებოდა. (წყარო)მოამზადა სიმონ კილაძემ