"რა დაუჯდა იოსებ სტალინის სიხარბე თურქეთს" - რას წერს თურქული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რა დაუჯდა იოსებ სტალინის სიხარბე თურქეთს" - რას წერს თურქული გამოცემა?

თურქულ გაზეთ "სთარში" გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რა დაუჯდა იოსებ სტალინის სიხარბე თურქეთს", რომელშიც თურქეთის უახლეს ისტორიაში მომხდარი მოვლენები - საბჭოთა კავშირის მიერ წაყენებული ტერიტორიული პრეტენზიები, კორეის ომში მონაწილეობა, ნატოს წევრად მიღება და სხვა ფაქტებია შეფასებული (ავტორი - აზიზ უსტელი, პოლიტიკური მიმომხილველი). როგორც ჩანს, პუბლიკაცია 1921 წლის 13 ოქტომბერს, თურქეთსა და ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებს შორის დადებული ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავის იუბილის მოახლოებას ეხმაურება. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

"მიხეილ გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის კომპარტიის უკანასკნელი გენმდივანი, თავის მემუარებში დაწვრილებით წერს, რომ 1945 წელს იოსებ სტალინის მიერ თურქეთისადმი წაყენებული ტერიტორიული პრეტენზიები ყარსის, ართვინისა და არტაანის პროვინციების "დაბრუნების" და ბოსფორ-დარდანელის სრუტეების გაკონტროლების თაობაზე დიდ ისტორიულ შეცდომას წარმოადგენდა. შეცდომა იმიტომ, რომ სწორედ ამ პრეტენზიების გამო თურქეთი აშშ-ის მიერ გაწვდილ ხელს ჩაეჭიდა...

დიახ, სტალინის ამ მოთხოვნების შედეგად, თურქეთი აშშ-ის ჟანდარმად იქცა ახლო აღმოსავლეთში. და განა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ - ჩვენგან უკიდურესად შორეულ კორეაშიც. ეს ფაქტი დღეს ბევრს აღარ ახსოვს და რომ გაიგებენ, კითხვა ებადებათ - რას აკეთებდნენ კორეაში თურქი სამხედრო მოსამსახურეები - ქვეითთა ბრიგადა "ჩრდილოეთის ვარსკვლავი"? თურქეთმა კორეის ომში 21 ათასი თავისი შვილი გაგზავნა, რომლთაგანაც 724 დაიღუპა, 2100 კი დასახიჩრდა... და ამის შემდეგ თურქეთს ნატოს წევრად იღებენ!!!

ჩვენ გარდა კორეის ომში აშშ-ის მხარეს იყო დიდი ბრიტანეთიც. მაგრამ საბერძნეთი, რომელიც ჩვენთან ერთად გახდა ნატოს წევრი, კორეის ომში რატომღაც არ ჩანდა.

მოკლედ, ამერიკის ჟანდარმის თურქეთის არმია ოკეანის იქიდან მიღებულ ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა:

"აბა, იქით წადი!"

"გისმენ და გემორჩილები!"

"აბა, ახლა გადატრიალების დროა და მოხდინე!"

"არის, სერ!"

ამერიკის ჟანდარმის სამარცხვინო როლის შესრულება "ფეტოს" ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე გრძელდებოდა, ანუ მანამ, სანამ პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა არ დაიძახა - "შეჩერდით, ქოფაკებო!" და ხალხს ქუჩაში გამოსვლისაკენ არ მოუწოდა! იმხანად მომხდარი ამბების დროს ყველაზე მეტად ბარაკ ობამა (ყველაზე ცუდი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში!) და მისი მოადგილე ჯო ბაიდენი ნერვიულობდნენ. ახსოვს თუ არა ჯოს ის პერიოდი, როცა თურქულ ოპოზიციას ხელისუფლების დამხობისაკენ მოუწოდებდა? დღეს იგი აშშ-ის მახინჯი დემოკრატიის სახეს წარმოადგენს...

პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა [სამხედრო გადატრიალების მცდელობის] შემდეგ მეგობრებისა და მტრების გასაგონად ასე განაცხადა: "თურქეთი არავის მოსამსახურე არ იქნება, ვინც უნდა იყოს!".

დასკვნა: იოსებ სტალინს რომ თავისი პრეტენზიები არ წაეყენებინა თურქეთის წინააღმდეგ, ანკარა ვაშინგტონს მხარდაჭერას არ სთხოვდა და იმ მოვლენების უმეტესობა, რაც 1945 წლის შემდეგ მოხდა, არ მოხდებოდა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ