"როგორ და რით დასჯის მოსკოვი ანკარას ყირიმის გამო" - რას წერს რუსული გამოცემა პუტინ-ერდოღანს შორის გასამართ შეხვედრაზე
23-09-2021
"როგორ და რით დასჯის მოსკოვი ანკარას ყირიმის გამო" - რას წერს რუსული გამოცემა პუტინ-ერდოღანს შორის გასამართ შეხვედრაზე
სოჭში 29 სექტემბერს დაგეგმილი ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ერდოღანის შეხვედრის მოახლოების კვალობაზე, რუსულ პრესაში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების განხილვა-ანალიზს და პროგნოზებს, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, რომლებიც ორივე მხარის განცხადებებშია გამოხატული.

ექსპერტები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ყირიმის საკითხის მიმართ, რომელიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გააქტიურდა და გამოიკვეთა როგორც ორმხრივ, ასევე - საერთაშორისო ფორუმებზე: ჯერ იყო და ანკარამ მონაწილეობა მიიღო უკრაინის მიერ ინიცირებულ და კიევში გამართულ "ყირიმის პლატფორმის" ანტირუსულ
ფორუმში (23 აგვისტოს), შემდეგ თურქეთის მთავრობამ არ აღიარა რუსეთის სათათბიროს არჩევნები ყირიმში, რომელსაც ანკარა უკრაინის ნაწილად და რუსეთის მიერ ოკუპირებულად თვლის (20 სექტემბერი) და ბოლოს, თურქმა პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს ყირიმის ანექსიას
რუსეთის მიერ (22 სექტემბერს).

რასაკვირველია, ასეთი განცხადებები რუსული მხარისათვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და არც დარჩენილა: კრემლმა ნეგატიური რეაქცია მოახდინა და, ასევე, უარყოფითი კომენტარები გააკეთა თურქეთის ოფიციალურ განცხადებებზე: პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვისთვის ანკარის ანტირუსული განცხადებები მიუღებელია და ამას რეჯეფ ერდოღანს ვლადიმერ პუტინი პირდაპირ ეტყვის სოჭში შეხვედრაზეო. უფრო მწვავედ გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც აღნიშნა, ასეთ განცხადებებს ჩვენ უყურადღებოდ და უპასუხოდ არ დავტოვებთ და ზოგიერთებს პასუხს ვაგებინებთო.

როგორც რუსული გამოცემა - "Свободная пресса" აღნიშნავს სტატიაში სათაურით - "როგორ და რით დასჯის მოსკოვი ანკარას ყირიმის გამო", რა იგულისხმა მარია ზახაროვამ, როცა თურქეთს დაემუქრა? გადაკეტავს ვენტილს გაზსადენ "თურქულ ნაკადზე"? გაყინავს "აქუიუს" ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას? აუკრძალავს რუსებს ალანიასა და ანტალიაში დასვენებას თუ თურქეთს არ მიჰყიდის მე-5 თაობის "სუ-75"-ებს, რომლებიც ჯერ კიდევ ნახაზების სახით არსებობს? ან იქნებ მარია ზახაროვამ მიანიშნა იმ, სხვა ბერკეტებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის უცნობია?
რუსეთისა და თურქეთის ინტერესების ბალანსის პოლიტიკურ ანალიზს თურქეთში ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ. თურქები ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გაუარესდება, ამით უფრო მეტად რუსეთი დაზარალდება, ვიდრე - თურქეთი. შესაბამისად, ის რუსები, რომელთა "ცხელ თავებში" რაღაც ანტითურქული გეგმები მზადდება, იძულებულნი გახდებიან, უფრო რეალურად იაზროვნონ და თურქეთის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას მოერიდნონ.

ზოგიერთი რუსი ექსპერტი თვლის, რომ თურქეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს რუსულ ტურიზმს, რომელსაც თურქული ხაზინისათვის წელიწადში 3-4 მილიარდი დოლარი მოაქვს", მაგრამ დასავლელი ექსპერტები ამის საწინააღმდეგოს აცხადებენ: "თურქეთის ძირითადი სავაჭრო, საინვესტიციო და საფინანსო პარტნიორი რუსეთი კი არა, დასავლეთია".

სხვათა შორის, თურქულმა კომპანიებმაც ბევრი რამ ააშენეს რუსეთში - მაგალითად, მოსკოვში ცათამბჯენი "მოსკოვი-სითი" და თუ თურქები არ იმუშავებდნენ რუსეთში, ქვეყნის ხელისუფლებას მშენებლობის სფეროში მუშახელის დიდი დეფიციტი შეექმნებოდა.

სხვათა შორის, შესამჩნევი ტენდენციაა, რომ მოსკოველი "მეორე ხარისხის" პოლიტიკოსების "მაგარ-მაგარ" ანტითურქულ განცხადებებს უმაღლეს დონეზე რაიმე მწვავე გაგრძელება არ აქვს ხოლმე. საინტერესოა, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინი თურქეთზე "კრიტიკულად" საუბრისას უფრო ზოგადად ლაპარაკობს - ისე, რომ თავის კოლეგას - რეჯეფ ერდოღანს არ აწყენონოს. მაგალითად, ამას წინათ კრემლში სირიის ლიდერ ბაშარ ასადთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინს არ უთქვამს ისეთი ფრაზა, რომელშიც სირიის სრული მხარდაჭერა იქნებოდა გამოხატული.
თავის მხრივ, თურქეთში აცნობიერებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები სწრაფად გროვდება. ამიტომაც რეჯეფ ერდოღანის წინაშე რთული კითხვა ჩნდება: "როდემდე გაგრძელდება ეს თამაში მყიფე ბალანსით?".
"პარტნიორის" ჩანაფიქრი რომ გაიგო, ზოგჯერ სასარგებლოა მისი ინტერესები მისივე გეგმების მიხედვით გააანალიზო და მოვლენებს მისი თვალებით შეხედო, ანუ დროებით მის ტყავში უნდა "ჩაეტიო". ესე იგი, რა ინტერესები აქვს და რა აღელვებს ანკარას? თურქეთი არ მალავს, რომ მას ყველაზე მეტად ეშინია მსოფლიოს რუკაზე დიდი ქურთისტანის გამოჩენისა - ერაყიდან ხმელთაშუა ზღვამდე. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში ბევრი ქურთი ცხოვრობს, ეს ოსმანთა შთამომავლებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით თურქეთის შეჭრა სირიის იდლიბში, როგორც რეჯეფ ერდოღანი თვლის, საფრთხის შემცირებას ემსახურება. მაგრამ ბოლო დროს იდლიბში თურქი ჯარისკაცების მსხვერპლი მატულობს.

როგორც თურქული პროსამთავრობო ანალიტიკური გამოცემა Dunya-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ყირიმში არჩევნების არაღიარებით თურქებს ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა სურთ: ამერიკელებსაც ასიამოვნონ და უკრაინის საავიაციო ტექნოლოგიებითაც ისარგებლონ. რაც შეეხება რუსეთის რეაგირებას, თურქებს ნაკლებად აინტერესებთ, თუ რას იტყვის კრემლი. რატომ? იმიტომ, რომ თურქებმა იციან - რუსეთი ბევრ რამეს მოითმენს, რადგან კრემლს ნატოს "ჯიუტი" წევრის - თურქეთის კეთილგანწყობა ჭირდება..

სავარაუდოდ, სოჭში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსი "წვრილფეხობის" ანტითურქული განცხადება მაინცდამაინც უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს სირიის საკითხში დათმობებს მოსთხოვს, მაგალითად, იდლიბის ზონის გაფართოებას ანკარის კონტროლით, არის კიდევ სხვა საკომპრომისო საკითხებიც.
ისეთი პერსპექტივა ჩანს, რომ კითხვაზე - "რით დასჯის მოსკოვი ანკარას ყირიმში არჩევნების არაღიარების გამო" - დიდი ალბათობით შეიძლება ასეთი პასუხი გავცეთ: არაფრით. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?