"სი ძინპინის ფიქრების" სწავლება სკოლებში, მდიდრების ქონების განაწილება და... - როგორია ჩინეთის ლიდერის "ქვეყნის საყოველთაო აყვავების" ახალი გეგმა - კვირის პალიტრა

"სი ძინპინის ფიქრების" სწავლება სკოლებში, მდიდრების ქონების განაწილება და... - როგორია ჩინეთის ლიდერის "ქვეყნის საყოველთაო აყვავების" ახალი გეგმა

ჩინეთში, როგორც ჩანს, არ ჩერდება ცვლილებათა ახალი ტალღა, რომელსაც სათავეში სი ძინპინი და კომუნისტური პარტია უდგას. ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილებით, "ქვეყნის საყოველთაო აყვავების" ახალი გეგმა მილიარდერებს, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებსა და ბავშვებს ეხება.

გეგმის მთავარი მიზანია: აიძულონ მდიდრები ქონება სხვებს გაუყონ, მიატოვონ დასავლური ღირებულებები, დაუბრუნონ ჩინეთს ძველი დიდება და დაუბრუნონ ქვეყანა სოციალიზმის გზას, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ბატონობამდე მიიყვანს.

ჩინეთში ძინპინის რეფორმები XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბურ რეფორმად შეფასდა. როგორც ამბობენ, სწორედ ეს რეფორმა გადაწყვეტს უდიდესი აზიური ეკონომიკისა და იმ მილიარდერთა ბედს, რომელთა რიცხვი აშშ-ის მილიარდერთა რიცხვს მცირედით ჩამორჩება. სწორედ ისინი არიან მსოფლიო ბაზარზე ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მოქალაქეთა ციფრული თვალთვალის ყველა საშუალებას ფლობენ და წყვეტენ, ჰქონდეს თუ არა მოსახლეობას წვდომა "ზიანის მომტან" "გამხრწნელ" ინფორმაციაზე.

როგორც ჩანს, ჩინეთში კომუნისტებმა გადაწყვიტეს, პატრიოტიზმის თემა გააძლიერონ და ლოზუნგის ირგვლივ, რომელიც სიღარიბის შემცირებასა და "საერთო აყვავებას" გულისხმობს, მჭიდროდ გააერთიანონ მილიარდერებიც. ისინი საკუთარ თავს დენ სიაოპინის მემკვიდრეებად თვლიან და ამბობენ, რომ სიაოპინის მსგავსად, რომელმაც საბაზრო რეფორმები განახორციელა, ქვეყანას დიდი სისწრაფით განავითარებენ.

კრიტიკოსთა აზრით, ძინპინის ახალი რეფორმა სიაოპინის ნაცვლად მაო ძედუნის კულტურულ რეფორმას უფრო ჰგავს, რომელიც ტერორითა და არეულობით დასრულდა. ექსპერტთა აზრით, ამ რეფორმით ხელისუფლება კერძო ბიზნესსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს კომპარტიის ხელში მოაქცევს.

მდიდრებს ქონების განაწილება შესთავაზეს

როცა ჩინეთის სათავეში სი ძინპინი მოვიდა, მაშინ ქვეყანა საყოველთაო სიღარიბეს დაემშვიდობა. ახალმა მმართველმა ქვეყანაში მმართველი რგოლის როლი არ დაასუსტა, თუმცა მთავარი აქცენტი ინოვაციებზე გააკეთა. როგორც ცნობილია, მაშინ ქვეყნის სათავეში ახალ მოსულ ძინპინს ეკონომისტები ურჩევდნენ, რომ "საშუალო შემოსავლის ხაფანგიდან" თავის დასაღწევად, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზება და, ასევე, მთავრობის გავლენისგან ეკონომიკის გათავისუფლება იყო.

რჩევის მიუხედავად, ძინპინმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობას 2035 წლისთვის "სოციალისტური მოდერნიზაციის" დასასრული, ხოლო 2050 წლისთვის - "დიადი, თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს" შექმნა დაუანონსა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე აშშ-ს ჩაანაცვლებს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, დაპირება დაპირებად დარჩა. ჩინელების შემოსავალი წლების განმავლობაში მცირე რაოდენობით იზრდება, ღარიბ და მდიდარ ფენას შორის ზღვარი კი აქამდე არ შემცირებულა. ქვეყანაში მოსახლეობის 20% არცთუ ისე ცუდად უზრუნველყოფილია და მათი შემოსავალი ბოლო 5 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაიზარდა, ვიდრე - ქვეყნის მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი 20%-ის შემოსავალი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყნის მთავრობა უსაქმურად არ მჯდარა, სი ძინპინის ხელისუფლება იღებდა სხვადასხვა რეფორმასა თუ კანონს, აწესებდა აკძალვებს, დააკავეს ბიზნესმენებიც.

2021 წლის აგვისტოში, დასვენების ნაცვლად, ქვეყნის მმართველმა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა ჩაატარა და მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის არათანაბარი პირობები განიხილა.

კომიტეტის მთავარი მიზანი ძინპინმა ასე განსაზღვრა: უნდა ჩატარდეს რეფორმები "სოციალური თანასწორობის ხელშეწყობისთვის, სამართლიანობისა და ადამიანის ყოველმხრივი განვითარებისთვის, რათა ყველამ შეძლოს საყოველთაო მიზნებისკენ სწრაფვა და განვითარება".

ეს ყველაფერი კი უნდა მოხდეს, "მაღალი შემოსავლის გონივრული რეგულირებით და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის შემოსავლის გაზრდით". ამ განცხადებამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, რამდენიმე დღეში კი კომპარტიის წარმომადგენელმა ვრცელი განმარტება გააკეთა:

"საყოველთაო აყვავება არ ნიშნავს, რომ მდიდრებს უნდა წავართვათ და ღარიბებს დავურიგოთ, როგორც ამას დასავლური მედია ამბობს. კერძო საკუთრების უფლება კონსტიტუციით დაცულია".

"უფრო მეტიც, საყოველთაო განვითარება არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ - კულტურულ მნიშვნელობას ატარებს, საყოველთაო განვითარება - არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი და საერთოდ არ არის სიმდიდრის ჩვეულებრივი გადანაწილება", - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სინჰუამ.

პირველი მსხვერპლი

ქვეყნის მთავარი კომუნისტის - ძინპინის გადაწყვეტილებებს ყველაზე პირველად მთავარი კაპიტალისტი, ინტერნეტგაყიდვების გიგანტის, Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა შეეჯახა. ჯეკ მა

როგორც ცნობილია, ბიზნესმენს სურდა Alibaba-ს ერთ-ერთი ნაწილის, მობილური გადახდების განყოფილება Ant Group-ის აქციები ბაზარზე რეკორდულ ფასად - 30 მილიარდ დოლარზე მეტად გაეყიდა, თუმცა აქციების პირველადი განთავსება ვეღარ მოხერხდა, ჯეკ მა რამდენიმე თვეა, საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა, ჩინეთში კი ინტერნეტბიზნესის ცუდი პერიოდი დაიწყო. ეს გასაჭირი შეეხო არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ - სხვა სფეროებსაც, მათ შორის - მასობრივ კულტურას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, აიკრძალა არასასკოლო სწავლებები, კერძო პედაგოგთან სწავლა და სასწავლებლების დაფინანსება დასავლური რესურსებით. სასკოლო პროგრამაში წიგნის - "სი ძინპინის ფიქრების" სწავლება შემოიღეს, აქამდე ბავშვებს კომპარტიის წესდებასა და ჩინეთის კონსტიტუციას ასწავლიდნენ.

კომპარტიის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან ბავშვებს კომპიუტერული თამაშების თამაში აეკრძალათ. მათ თამაში კვირაში მხოლოდ სამი საათით, პარასკევს და შაბათ-კვირას, მხოლოდ 8-დან 9 საათამდე შეუძლიათ.

ბავშვების შემდეგ კომპარტიის სამიზნე შოუ-ბიზნესი გახდა. ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ჟენ შუანი თითქმის 50 მილიონი დოლარით დააჯარიმეს, ფილმები და ტელეშოუები მისი მონაწილეობით ყველა პლატფორმიდან ერთი ხელის მოსმით გაქრა.

მედიის კონტროლის მიზნის, ტელევიზიებმა მიიღეს მარეგულირებლის ბრძანება, ეთერიდან მოხსნან "ქალური გარეგნობის მამაკაცები" და უარი თქვან "ვულგარულ ინფლუენსერებზე", ასევე, აიკრძალა პირდაპირ ეთერში ვარსკვლავების ნებისმიერი რეიტინგის გამოქვეყნება და ფასიანი ხმის მიცემა. მარეგულირებელმა მოითხოვა, მეგავარსკვლავებს ხელფასი ჩამოეჭრათ. სი ძინპინი დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოში

ეს ყველაფერი "ზიანის მომტანი კონტენტი" და "დასავლეთის გამხრწნელი ზემოქმედებაა" - ახსნეს მკაცრი გადაწყვეტილებები მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა. მათ ტელევიზიებს მასკულინური ხასიათის პერსონების, პატრიოტიზმისა და სოციალიზმის ტრანსლირებისკენ მოუწოდეს.

ვინც ფლობს ინფორმაციას, ის მართავს მსოფლიოს

ჩინეთში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მობილურ გადახდებს, ინტერნეტგამოწერებს, კერძებისა და ტანსაცმლის ონლაინშეკვეთასა და ინტერნეტთამაშებს იყენებს, ეს ყველაფერი კი ქვეყანაში ორი ინტერნეტგიგანტი კომპანიის - Alibaba-ს და Tencent-ის მობილური აპლიკაციებით მიმდინარეობს.

სწორედ ისინი ფლობენ ყველაზე დიდ ინფორმაციას ჩინელი მოსახლეობის ინტერესებს, შესყიდვებსა თუ მათ დაფარულ ანგარიშებზე. როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციის ხელში ჩაგდება მთავრობას სურს, მაგრამ ინტერნეტგიგანტები დაფარული ინფორმაციის კომპარტიისთვის გადაცემას არ აპირებენ.

როგორც ჩანს, თანამედროვე ჩინეთის იდეოლოგია და განვითარება დიდად არ მოსწონს მარქსიზმ-ლენინიზმის იდეით შეპყრობილ კომპარტიას და ყველანაირად ეცდება, დიდი დარტყმა მიაყენოს ინტერნეტბიზნესს. აპრილში ჩინეთში ანტიმონოპოლური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა, რომლის გადაწყვეტილებით, ბიზნესმენი ჯეკ მა 2,8 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს.

ქვეყანაში სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სამუშაო გრაფიკს და მუშათა კლასს ეხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მიუღებელი გახდა 6 დღის განმავლობაში, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე სამუშაო გრაფიკი, ეს კანონი ყველაზე მეტად იმ კომპანიებს შეეხო, რომლებიც თანამედროვე ტექნიკას აწარმოებს.

გარდა ამისა, ცენზურის მკაცრი ხელი მისწვდა სოციალურ ქსელებსაც. მათ წარმომადგენლებს მთავრობაში განუცხადეს, რომ შეიმუშაონ ალგორითმი, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელში შესულ მოსახლეობას "ტრადიციულ ღირებულებებზე და ორიენტაციაზე" დაფუძნებული ვიდეოები და ინტერნეტმასალა უნდა გამოუჩნდეს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებს მოუწოდეს, "კარგი ამბებისა და პოზიტიური ენერგიის აქტიური ტრანსლირება განახორციელონ".

ექსპერტთა აზრით, ძინპინის ახალი რეფორმები კომპარტიისა და მისი თანამდებობის გადარჩენას ემსახურება და ეს ყველაფერი საერთოდ არ არის მიმართული ჩინეთის ეკონომიკის გაძლიერებასა და ჩინელი ხალხის განვითარებაზე. (წყარო)