"თალიბების" ვიცე-პრემიერი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "ხელისუფლების წარმომადგენელს" შეხვდა - კვირის პალიტრა

"თალიბების" ვიცე-პრემიერი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "ხელისუფლების წარმომადგენელს" შეხვდა

"თალიბანის" მთავრობის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "ხელისუფლების წარმომადგენელს" ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ "თალიბანის" პოლიტიკური ოფისის ოფიციალური წარმომადგენელი მუჰამედ ნაიმი "ტვიტერზე" წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე "ორივე ქვეყანასთან" დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და ავღანეთში არსებული სიტუაცია განიხილეს.

რაც შეეხება ალექსეი მაქსიმოვს, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ცხინვალში მოსკოვიდან მიიწვიეს და რუსეთში "სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად" დანიშნეს.

ცნობისათვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "დეპუტატმა" დავით სანაკოევმა აგვისტოში განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების" მხრიდან "თალიბანის" აღიარებას არ გამორიცხავს.