სამხედრო ოპერაცია "ცუნამი" - ვაქცინაციის თვალსაზრისით წარმატებული ქვეყნების გამოცდილება: შეზღუდვები არავაქცინირებულებს და პრიზები აცრილებს - კვირის პალიტრა

სამხედრო ოპერაცია "ცუნამი" - ვაქცინაციის თვალსაზრისით წარმატებული ქვეყნების გამოცდილება: შეზღუდვები არავაქცინირებულებს და პრიზები აცრილებს

სამხედრო ოპერაცია "ცუნამი", ძროხა და ბრინჯი აცრის სანაცვლოდ - ვაქცინაციის თვალსაზრისით წარმატებული ქვეყნების გამოცდილება: შეზღუდვები არავაქცინირებულებს და პრიზები აცრილებს

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. მას შემდეგ არაერთი ტალღა გამოვიარეთ - ზოგი ნაკლებად ძლიერი, ზოგიც ძალიან მძლავრი, ისეთი, ასობით ადამიანის სიცოცხლე რომ წაგვართვა, ხან ციცაბოებზე ვიარეთ, ხანაც დამრეცებზე, პლატოსკენ დავეშვით, გავივაკეთ...

ვირუსის ტალღებს, ერთ წრეზე სიარულს ბოლო არ უჩანს. კარანტინი, PCR ტესტი, სწრაფი ტესტი, იზოლაცია, სოციალური დისტანცია ყოველდღიურობად იქცა.

პანდემიის დასრულება, ძველებური ცხოვრების დაბრუნება ისაა, რაზეც მსოფლიოს მილიონობით ადამიანი ოცნებობს. მისი დასრულების ერთადერთი გზა, როგორც მედიკოსები გვეუბნებიან, ვაქცინაციაა, რადგანაც ამ დროისთვის არ არსებობს ვაქცინაზე უკეთესი საშუალება ვირუსის საწინააღმდეგოდ. ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში არცთუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს. 23 სექტემბრის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 25,9%.

ვნახოთ 10 ქვეყანა, სადაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (შენიშვნა: სრული მოსახლეობის)

პორტუგალია - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 84%

გაერთიანებული არაბთა საემიროები - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 83%

მალტა - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 83%

სინგაპური - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 80%

ყატარი - ვაქცინირებულია მოსახლეობის 78%

ესპანეთი - ვაქცინირებულია მოსახლეობის 77%

ისლანდია - ვაქცინირებულია მოსახლეობის 76%

დანია - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 75%

ჩილე - სრულად ვაქცინირებულია 74%

ჩინეთი - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 73%

საინტერესოა, რომ თავდაპირველად ვაქცინაციის პროცესი ყველაზე მასშტაბურად ისრაელში დაიწყო და სხვებისთვის სამაგალითო იყო, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 62%.

აშშ-ში მოსახლეობის 54%-ს აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა მიღებული, კანადაში - 70%-ს, რუსეთში მხოლოდ - 28%-ს, დიდ ბრიტანეთში 65%-ს, საფრანგეთში - 64%-ს, იტალიაში აცრილია მოსახლეობის 66%%.

პორტუგალიის წარმატების გასაღები - გამართულ ლოჯისტიკას + მოსახლეობის მაღალი თვითშეგნება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე რთულ პერიოდში, პორტუგალიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებინა არა რომელიმე პოლიტიკოსისთვის ან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის, არამედ იმ სამხედრო პირისთვის, რომელიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდა და პოლიტიკურად ნეიტრალური იყო. პასუხისმგებლობა თებერვლიდან შეიარაღებული ძალების სამი დანაყოფის გუნდთან ერთად, საზღვაო ოფიცერმა, ენრიკე ჟუვენია მელომ აიღო და რა თქმა უნდა, ის მედიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობით იღებდა გადაწყვეტილებებს.

60 წლის ენრიკე მელო დღეს პორტუგალიელთა გმირია. მისი ცნობა პირბადეშიც მარტივია - ცისფერთვალებიანი, ჭაღარა თმით, 193 სმ სიმაღლის მამაკაცი ხშირად არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მას ქუჩაში გამვლელები აჩერებენ და წარმატებული ვაქცინაციისთვის მადლობას უხდიან.

"ადამიანები საოცრად კეთილგანწყობილნი არიან, მაგრამ მე მხოლოდ პატარა ნაწილი ვარ ამ საქმის. სამხედროები მიჩვეულნი არიან სტრესულ გარემოში მუშაობას, ისინი ორგანიზებულნი არიან და აქვთ ლოჯისტიკის კარგად განვითარებული უნარი. როგორც წესი, ორიენტირებულნი არიან მისიაზე", - განაცხადა მელომ და განმარტა, რომ ვაქცინაციის პროგრამას ისინი უყურებდნენ, როგორც საბრძოლო მისიას.

მელოს მიდგომა დაფუძნებული იყო დისციპლინაზე. მისი პირდაპირობა კი საზოგადოებას კეთილგანწყობითა და ნდობით ავსებდა. გააგრძელეთ კითხვა