"ერდოღანი ფულს ეძებს" - რას წერს თურქული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ერდოღანი ფულს ეძებს" - რას წერს თურქული გამოცემა?

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების - რეჯეფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით (სოჭი, 29 სექტემბერი), უცხოურ პრესაში მომრავლდა ანალიტიკური მასალები, რომლებშიც განხილულ-გაანალიზებულია თურქეთის საგარეო პოლიტიკა, როგორც აშშ-სთან, ასევე - რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებთან ბოლო დროს მომხდარი გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე. გთავაზობთ პუბლიკაციების მიმოხილვას:

თურქეთის გაზეთ "ჯუმჰურიეთმა"(Cumhuriyet) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ერდოღანი ფულს ეძებს", რომელშიც თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობებია გაანალიზებული (ავტორი - მეჰმედ ალი გიულერი, პოლიტიკური მიმომხილველი)

"სანამ რეჯეფ ერდოღანი ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეის სესიაზე გაემგზავრებოდა, სულ იმეორებდა, რომ, პრობლემების მიუხედავად, ანკარა და ვაშინგტონი "სტრატეგიული მოკავშირეები არიან და ორივეს მსგავსი და ერთობლივი ინტერესები აქვს, როგორც რეგიონში, ასევე - გლობალურ საკითხებში. იმავეს იმეორებდა საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას - "ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს". პრეზიდენტისა და მისი მინისტრის ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობა გაუმჯობესებულა და ჩვენ არაფერი ვიცით. ან, იქნებ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ამერიკული დოლარები და ეკონომიკური მხარდაჭერა სურს სავარაუდო ვადამდელ არჩევნებში გასამარჯვებლად?

თურქეთ-ამერიკის ინტერესების დაპირისპირება ორი ქვეყანა რომ ერთმანეთის "სტრატეგიული პარტნიორი" გახდეს, მას საერთო ეროვნული ინტერესები უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქვთ აშშ-ისა და თურქეთს ასეთი ინტერესები? მოდი, გავარკვიოთ:

ა) სირიის საკითხი. აშშ-ის ინტერესები სირიაში ამ ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცებაში გამოიხატება. ვაშინგტონს სურს, სირიის ჩრდილოეთში და ჩრდილო-აღმოსავლეთში ანუ ნავთობით მდიდარ რაიონში, თავის კონტროლქვეშ არსებული "სახელმწიფო" შექმნას, რომელსაც ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი ექნება. თავის მხრივ, თურქეთი დაინტერესებულია სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში;

ბ) კვიპროსის საკითხი. აშშ-ის მიზანია ფედერაციის ჩამოყალიბება, რომელიც ბერძნების მიერ კონტროლირებადი იქნება, მაშინ როცა თურქეთის ინტერესში ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) დამოუკიდებლობის აღიარებაა. სუვერენიტეტთან დაკავშირებულ პრობლემებს ენერგოპოლიტიკური ბრძოლაც ემატება: კვიპროსთან ახლოს, ზღვის შელფზე ბუნებრივი გაზის საბადოს აღმოჩენის გამო, ვაშინგტონი მხარს უჭერს კვიპროსის ბერძნულ თემს, თურქეთი კი - თურქულ თემს;

გ) შავი ზღვის აკვატორია: აშშ-ის ინტერესები შავ ზღვაზე იმაში გამოიხატება, რომ ამერიკამ თავისი ხომალდები ზღვაში მონტრეს კონვენციის გვერდის ავლით, შეუზღუდავად შეიყვანოს და შავი ზღვა, ფაქტობრივად, ნატოს "ტბად" გადააქციოს და ამით რუსეთის როლი შეზღუდოს. თურქეთის ინტერესებშია, რომ შავი ზღვა მხოლოდ მის ნაპირებზე მდებარე სახელმწიფოებს მიეკუთვნებოდეს;

დ) ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობა: ვაშინგტონს სურს, რომ მისი ძირითადი სტრატეგია ნატოს წევრი ქვეყნებისათვის სავალდებულო იყოს. და რა არის აშშ-ის ძირითადი სტრატეგია? ეს გამოიხატება ჩინეთის ალყაში მოქცევაში დასავლეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, რუსეთის ალყაში მოქცევაში დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან. მაგრამ რუსეთის ალყაში მოქცევა თურქეთის ინტერესებში არ შედის, პირიქით - ანკარა ცდილობს, რაც შეიძლება ღრმა კავშირები ჰქონდეს რუსეთთან და ჩინეთთან;

ე) იარაღით ვაჭრობა: ვაშინგტონი დაინტერესებულია, რომ თურქეთის არმია ამერიკული იარაღით იყოს აღჭურვილი, თურქეთის ინტერესები კი იმაშია, რომ ანკარამ თავისი შეიარაღების არსენალის დივერსიფიცირება მოახდინოს. გარდა ამისა, თურქეთის ძირითად მიზანს ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება წარმოადგენს, ტექნოლოგიების გადაცემით;

"ბრწყინვალე თანამშრომლობა" "სტრატეგიული პარტნიორობით"

როგორც ვხედავთ, თურქეთისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესები სინამდვილეში ერთმანეთს ეჯახება, აქედან გამომდინარე კი, ვერაფერს ვიტყვით მათ რაიმე პარტნიორობაზე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებში. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვერანაირად ვილაპარაკებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ "სტრატეგიულ პარტნიორობაზეც".

სხვათა შორის, ამას ვაშინგტონიც კარგად ხედავს. სწორედ ამიტომ წამოსცდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს - "ჩვენი ეგრეთ წოდებული მოკავშირე თურქეთიო".

მაშინ რას ნიშნავს რეჯეფ ერდოღანისეული "სტრატეგიული თანამშრომლობა" და მევლუთ ჩავუშოღლუსეული "ბრწყინვალე თანამშრომლობა"? მათ ნათქვამს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: ერდოღანი ფულს ეძებს.

რეჯებ ერდოღანისთვის ერთადერთი მეთოდი იმისთვის, რომ ხელახლა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, ესაა ვადამდელი არჩევნები, რამეთუ, ქვეყნის კონსტიტუციის 101-ე მუხლის თანახმად, "დაუშვებელია ერთი და იგივე პიროვნება პრეზიდენტად ორჯერ მეტად იქნას არჩეული". ასე რომ, იურიდიულად, რეჯეფ ერდოღანი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას მესამედ ვეღარ დაასახელებს.

მოდი, იურიდიული უფლებაც რომ ჰქონდეს, ორიოდე სიტყვით მაინც ვთქვათ, რა შანსი ექნება რეჯეფ ერდოღანს შესაძლო ვადამდელ არჩევნებში. მისი პარტია ხმების სერიოზულ რაოდენობას კარგავს. ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ეკონომიკის სტაგნაცია და მოსახლეობის მიგრაცია, პრეზიდენტის პოზიციებს ძალიან ასუსტებს. რეჯეფ ერდოღანმა გამარჯვების შანსები რომ გაზარდოს, მას დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდება. პრეზიდენტის სასახლე ხშირად მიმართავს ლონდონელ და ნიუ-იორკელ ბანკირებს, რათა მათ საკრედიტო ონკანები გააღონ. თავის მხრივ, რეჯეფ ერდოღანი ამერიკულ კომპანიებს, თუ ისინი თურქეთში ინვესტიციებს შეიტანენ და კაპიტალს დააბანდებენ, პირდება იაფ მუშახელს, პრივილეგიებსა და შეღავათებს...

აშშ-ის დახმარება... თურქეთის დათმობების სანაცვლოდ ამრიგად, თურქეთის გადაქცევა "სტრატეგიულ პარტნიორად" აშშ-ისათვის იმაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მმართველი პარტია ისეთ პოზიციას, რომელიც აშშ-ის ინტერესების შესაბამისი იქნება, თუმცა, იმავდროულად, თურქეთის ინტერესების იგნორირება მოხდება. სხვათა შორის, სწორედ ასეთ პოზიციას გამოხატავს რეჯეფ ერდოღანი უკრაინის მიმართ ყირიმის საკითხში, რითაც, ერთი მხრივ, სოლიდარობას უცხადებს უკრაინას (რაც აშშ-ის ინტერესებშია) და, მეორე მხრივ, ზიანს აყენებს თავის თავს, რადგან უკრაინის მხარდაჭერით რუსეთს მტრად იჩენს.

გაატარებს თუ არა რეჯეფ ერდოღანი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას, წავა ახალ დათმობებზე მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს - აი, რა არის თურქეთისათვის საფრთხე...

თურქულმა საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ კანონებსა და დადგენილებებს, რომლებსაც ქვეყნის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია მიიღებს ეკონომიკურ სფეროში. ყველასათვისაა ცნობილი, რომ სრული "პოლიტიკური დამოუკიდებლობა" შესაძლებელია მხოლოდ ასევე სრული "ეკონომიკური დამოუკიდებლობის" პირობებში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ