მილიარდ ევროდ შეფასებული ძარცვა და კავშირი არაბულ მაფიოზურ კლანთან - სად მოხდა ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა, რომლისთვისაც 8 წუთი დასჭირდათ - კვირის პალიტრა

მილიარდ ევროდ შეფასებული ძარცვა და კავშირი არაბულ მაფიოზურ კლანთან - სად მოხდა ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა, რომლისთვისაც 8 წუთი დასჭირდათ

კრიმინალური დაჯგუფების წევრებს, რომელთაც ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა მოაწყვეს, საერთოდ არ დასჭირდათ წინასწარ მუზეუმის გეგმის შესწავლა, დაცვის სისტემის მოტყუება და სხვა ათასი საკითხის დაგეგმვა. როგორც აღმოჩნდა, მათ მუზეუმის გაძარცვა მხოლოდ 6-8 წუთში მოახერხეს, ამისთვის კი ასანთი, პატარა ნაჯახი და ჰიდრავლიკური ამწე დასჭირდათ. როგორც შემდეგ ამბობდნენ, ქურდებმა მუზეუმი იმ ნორმატივით გათვალიწინებულ დროში გაძარცვეს, რა დროც პოლიციელებს დანიშნულების ადგილზე მისვლისთვის სჭირდებათ. გახმაურებული ძარცვა 2019 წელს, 24 ნოემბერს დრეზდენში მოხდა, სადაც ქურდებმა სამეფო მუზეუმი გაძარცვეს.

როგორ გაძარცვეს მუზეუმი?

გამოძიების ცნობით, მძარცველებმა თავდაპირველად, ღამის 4 საათზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ფარი დაწვეს, რომელიც მუზეუმთან ახლოს მდებარეობდა. ელექტროენერგიასთან ერთად გაითიშა სიგნალიზაცია და ქუჩის განათებაც.

ორმა მძარცველმა სიბნელეში პირველი სართულის ფანჯრის ჟალუზი დააზიანა და ასე შეაღწია მუზეუმში, ყველასათვის დრეზდენის "მწვანე საცავში", სადაც ევროპაში უდიდესი საგანძურის კოლექცია ინახება. მუზეუმი 1723 წელს პოლონეთის მეფემ და საქსონიის კურფიურსტმა, ავგუსტუს ძლიერმა დააარსა.

მუზეუმში შესულმა მძარცველებმა, როგორც ჩანს, იცოდნენ, რომ იქედან ყველაფერს ვერ წაიღებდნენ მათ ჩაამსხვრიეს ვიტრინები და ბრილიანტებთან ერთად უამრავი ექსპონატი მოიპარეს, რომლებიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული.

ძარცვისას მუზეუმში, როგორც ყოველთვის, დაცვის ორი წევრი მორიგეობდა. ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, სათვალთვალო კამერები არ გათიშულა, მათ მალევე შეამჩნიეს შეიარაღებული ქურდები და პოლიციაც გამოიძახეს. შეტყობინების შესვლიდან 5-6 წუთში სამართალდამცავები დანაშაულის ადგილზე მივიდნენ, თუმცა მათ მძარცველები ცხელ კვალზე მაინც ვერ დააკავეს.

მძარცველებს ქუჩაში "აუდის" ფირმის ავტომობილი ელოდა, ისინი მალევე განერიდნენ დანაშაულის ადგილს, მანქანა მიწისქვეშა ავტოსადგომზე გააჩერეს, დაწვეს, თავად კი სხვა ავტომობილით წავიდნენ.

მილიარდ ევროდ შეფასებული ძარცვა

გამოძიების ცნობით, ჩამსხვრეული ვიტრინებიდან 21 ექსპონატი დაიკარგა, რომლებიც 4 ათასზე მეტი ბრილიანტის ქვითა და სხვა ძვირფასი ქვებით იყო მორთული. დაკარგულ ძვირფასეულობას შორის აღმოჩნდა საქსონიის დედოფლის - ამალია ავგუსტა ბავარიელის ბროში, რომელიც 660 ძვირფასი ქვით იყო მორთული და ფრიდრიც ავგუსტ I-ის, საქსონიის მეფის სარტყლის შესაკრავი, რომელიც ბრილიანტის 15 დიდი ქვითა და სხვა პატარა ქვით იყო მორთული. ძარცვისას დაიკარგა 19-კარატიანი საქსონიის თეთრი ბრილიანტი.

"ჩვენ ზუსტად არ შეგვიძლია დავასახელოთ, რა ღირებულების იყო ექსპონატები, რადგან მათი გაყიდვა შეუძლებელია", - განაცხადა დრეზდენის სახელმწიფო ხელოვნების სფეროს წარმომადგენელმა.

საქსონიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, უამრავი ექსპონატი, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო, შეუფასებელია და არ ჰქონდათ დაზღვეული. რადგან ასეთ შემთხვევებში, სადაზღვევო გადასახადი გაცილებით მაღალია, ვიდრე მიღებული ზარალი.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, დაკარგული განძი შესაძლოა მილიარდი ევროს ღირებულების იყოს. ასეთი ზარალი ისტორიაში არცერთ მუზეუმს არ მიუღია. სასამართლოში წარდგენილ საბუთებში ზარალის თანხაზე 113,8 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა უცნობია, ამ თანხაში შევიდა თუ არა ის ნივთები, რომლებიც დაზღვეული არ იყო.

როგორც ამბობენ, გერმანული გამოცემის ვარაუდი სიმართლე რომც იყოს, მძარცველებს მილიარდ ევროს არავინ გადაუხდის. ისინი ღიად ვერ შეძლებენ ექსპონატების გაყიდვას. ხოლო თუ ნივთებს დააზიანებენ, ბრილიანტებსა და ძვირფას ქვებს ამოიღებენ, ლითონს გადაადნობენ და ქვებს დაამუშავებენ, მათი ფასი განახევრდება.

ექსპერტთა აზრით, ქვების შესწავლისას მარტივად მისახვედრია, რომ ის ძველი ტექნოლოგიით, XVIII საუკუნეშია დამზადებული. ამიტომ, თუ მძარცველებს ქვების გაყიდვა ცალკე სურთ, მაშინ მათ თანამედროვე სტილით დამუშავება და მცირე ზომის ქვებად გადაკეთება მოუწევთ.

ვინ არიან მძარცველები?

დრეზდენის პოლიციას რამდენიმე ხელჩასაჭიდი ჰქონდა. როგორც ცნობილია, მძარცველთა კვალი აღმოაჩინეს საგანძურში და გადამწვარ მანქანაშიც.

მძარცველები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ამოღებულ ჩანაწერებში კი ნახეს, რომ ძარცვამდე ერთი დღით ადრე მუზეუმში ექსპონატების დასათვალიერებლად საეჭვო ოთხეული მივიდა. ახალგაზრდებს ჯინსები, სავარჯიშო შარვლები და ბოტასები ეცვათ. ისინი ათვალიერებდნენ მუზეუმის ტერიტორიას და გაჩერდნენ იმ ფანჯარასთან, საიდანაც შემდეგ მუზეუმის დარბაზში შეაღწიეს.

სამართალდამცავებმა დიდი ხნის დაკვირვების შედეგად განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ვიზიტორი გერმანიაში არსებული არაბული მაფიოზური კლანის, "რემოს" წევრია.

ისაა რემო

კლანი "რემო" ლიბანური დაჯგუფებაა. ის არაბული მაფიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. დაჯგუფება ქურთმა მჰამალმა ისაა რემომ დააარსა, რომელიც 1980-იან წლებში ლიბანში სამოქალაქო ომს გაექცა და გერმანიაში მოხვდა. ლიბანელებს გერმანიაში სამსახურს არ აწყენინებდნენ, ლტოლვილები იძულებულნი იყვნენ, თავი კრიმინალური საქმიანობით ერჩინათ.

როგორც უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, კლანი თავიდან გამოძალვით, ნარკოვაჭრობით და სხვა მსგავსი არაკანონიერი საქმით იყო დაკავებული, თუმცა დღეს მათ მფლობელობაში ლეგალური კაფეები, მაღაზიები და ფიტნეს-დარბაზებია, სადაც კრიმინალური გზით ნაშოვნი ფული ტრიალებს.

კლანის შესახებ სამართალდამცავებმა 1992 წელს გაიგეს, როცა დაჯგუფების წევრმა მამაკაცი ჩაცხრილა, რომელმაც ბერლინში რესტორანი გახსნა.

2018 წელს Berliner Zeitung-ის კორესპონდენტთან საუბრისას თავად რემომ განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგია:

"ვწყევლი ყველას, ვინც ნარკოტიკით ვაჭრობს, მე წინააღმდეგი ვარ იმ ხალხის, რომელიც იპარავს".

როგორც ამბობენ, კლანში 500-დან 1000-მდე ადამიანია გაერთიანებული და ყველა რემოს ნათესავია.

"მათთვის ოჯახი ყველაფერია, ოჯახის ღირსებას ისინი ნებისმიერ ფასად დაიცავენ", - განაცხადა 2020 წელს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ორგანიზებულ დანაშაულებათა ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელმა თომას იუნგბუტმა.

რაც შეეხება თავად მძარცველებს, გამოძიების ცნობით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მუზეუმის ფანჯარაზე და დამწვარ ავტომობილში, ახალგაზრდა მამაკაცის, ვისამ რემოს კვალი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, გერმანელი სამართალდამცავებისთვის ეს პიროვნება უკვე ცნობილი იყო. მან კრიმინალური კარიერა 15 წლის ასაკში სიმ-ბარათების ქურდობით დაიწყო, მოგვიანებით კი ბოდეს მუზეუმიდან 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტები მოიპარა.

რაც შეეხება დრეზდენის მუზეუმის ძარცვის საქმეს, 2020 წლის მარტში სამართალდამცავებმა დამწვარი "აუდის" ყოფილი მეპატრონე იპოვეს, რომელმაც გაიხსენა, ვის მიჰყიდა მანქანა და პოლიციამ ფოტორობოტი შეადგინა. ფოტორობოტის მიხედვით მძარცველი 25 წლამდე წვერებიანი მამაკაცი იყო.

2020 წლის ნოემბერში ბერლინის ერთ-ერთ უბანში სამართალდამცავებმა დიდი სპეცოპერაცია ჩაატარეს. ერთდროულად გაჩხრიკეს 10 სახლი, ინტერნეტ-კაფე და ავტოფარეხი, შედეგად დააკავეს სამი ადამიანი, მათ შორის - ვისამ რემო. მოგვიანებით, 2021 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავებმა კლანის კიდევ რამდენიმე წევრი დააკავეს - მუჰამედ რემო და აბდულ მაჯედ რემო, ხოლო 2021 წლის აგვისტოში, ძარცვაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.

6 პირის დაკავების მიუხედავად, სამართალდამცავებმა მოპარული განძის კვალს მაინც ვერ მიაგნეს. (წყარო)