"რატომ შეიძლება გამოიწვიოს სააკაშვილის დაპატიმრებამ კიდევ ერთი კრიზისი საქართველოში" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"რატომ შეიძლება გამოიწვიოს სააკაშვილის დაპატიმრებამ კიდევ ერთი კრიზისი საქართველოში" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა

აშშ-ის გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" (The Washington Post), რუბრიკით "თვალსაზრისი", გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რატომ შეიძლება გამოიწვიოს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებამ კიდევ ერთი კრიზისი საქართველოში", რომლის ავტორია შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან, ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულუფლებიანი წევრობისათვის მიისწრაფვოდა. 2 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები კრიტიკულ მომენტში ჩატარდა: დემოკრატიული სტრუქტურები სერიოზულ სტრესში იმყოფებიან. ესეც საკმარისია, მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთი კრიზისი ახლოვდება - მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი თანამემამულეებში მძაფრ ემოციებს იწვევს. იგი ხელისუფლებაში 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოვიდა, რომელმაც მისი წინამორბედის კორუფციული რეჟიმი დაამხო. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, რეფორმების გატარების იდეის ერთგულნი, ქვეყნის ისეთ სწრაფ მოდერნიზებას შეუდგნენ, რომ მთელ მსოფლიოში ცვლილებების მომხრეთა შორის შურს იწვევდნენ. ამასთან, აშშ-ში განათლება მიღებული მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად პოლარიზებული, წინააღმდეგობრივი ფიგურა აღმოჩნდა, რომელიც ოპოზიციისაგან კრიტიკას ვერ ითმენდა.

ქვეყნის პროგრესი შეჩერდა 2008 წელს რუსეთის შეჭრით, რომელიც, თავის მხრივ, სეპარატისტულ რეგიონში - "სამხრეთ ოსეთში" მიმდინარე კონფლიქტით იყო პროვოცირებული. ომიდან ცამეტი წლის შემდეგ რუსეთს კვლავ აქვს დაკავებული საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ნაწილი, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველომ დემოკრატია შეინარჩუნა. არჩევნების შედეგად მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, პარლამენტში უმრავლესობა მიიღო და მთავრობა ჩამოაყალიბა, ანუ ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანად განხორციელდა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის მანდატის ვადის გასვლის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

ივანიშვილის რეჟიმი მალე გადაიქცა ანტისააკაშვილის რეჟიმად: ახალმა ლიდერებმა ყოფილ რეფორმატორებს დევნა დაუწყეს. თვითონ მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, უკრაინაში წასულიყო, სადაც მას მოქალაქეობა მისცეს იმის სანაცვლოდ, რომ იგი რეფორმებს განახორციელებდა, საქართველოს მსგავსად. მაგრამ მიხეილ სააკაშვილს დასახული ამოცანის შესრულების უნარი არ აღმოაჩნდა, რის გამოც მას უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა.

ამასობაში კი საქართველოში პოლიტიკური უთანხმოება ღრმავდებოდა. პოლარიზებამ საფრთხე შეუქმნა არა მარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ - ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებასაც. რუსეთთან დამოკიდებულება კვლავ მწვავე რჩებოდა.

2021 წლის გაზაფხულზე ევროსაბჭოს კავშირის თავმჯდომარემ შარლ მიშელმა საშუამავლო მისია განახორციელა იმ კრიზისის მოსაგვარებლად, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარებულმა პარლამენტის არჩევნებმა გამოიწვია. [ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის] მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც სამომავლო იმედებს იძლეოდა.

და მაინც, წარმატება მიუღწეველი დარჩა: მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" უარი განაცხადა შეთანხმების შესრულებაზე, ოპოზიციურმა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი (მიხეილ სააკაშვილის პარტიამ) მიშელის დოკუმენტის მიმართ მხოლოდ შეზღუდული ენთუზიაზმი გამოხატა. შეთანხმების მიხედვით, თუ "ქართულ ოცნებას" ხმას [43%-ზე] ნაკლები ამომრჩეველი მისცემდა, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

შაბათის არჩევნები, რომელსაც თან ახლდა ჩვეულებრივი ბრალდებები დარღვევების თაობაზე, ერთი მხრივ, შეიძლება ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარების ახალი სტარტი აღმოჩნდეს, მეორე მხრივ კი, უარეს შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ დამანგრეველი პოლარიზების დაწყების ახალი ფაზად გადაიქცეს.

მიხეილ სააკაშვილის ბედი, სავარუდოდ, გადამწყვეტ როლს შეასრულებს იმაში, თუ რა მოხდება შემდეგ და როგორ განვითარდება მოვლენები. ქართულმა სასამართლომ 2018 წელს იგი დამნაშავედ აღიარა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობაში... თუმცა აშკარად ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებები მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკურად მოტივირებული იმ შემთხვევაშიც კი, მათ თუნდაც რაღაც საფუძველი ჰქონდეთ. ახლა საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ ის კანონის უზენაესობის ერთგულია და სააკაშვილს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა უნდა მისცეს, სასამართლო პროცესზე საერთაშორისო დაკვირვებით.

ევროკავშირმა, აშშ-ისთან კოორდინაციით, არა მარტო უნდა განაგრძოს თავისი საშუამავლო ძალისხმევა, არამედ - მკაფიოდ უნდა გამოხატოს თავისი გზავნილი თბილისის მიმართ. საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, თუ მას სურს დასავლეთთან - ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირების პროცესი გააგრძელოს. ბრიუსელმა და ვაშინგტონმა თბილისს მკაფიოდ უნდა მიანიშნონ, რომ მისი მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დაცვით, აგრეთვე, პოლიტიკურ შურისძიებაზე და მართლმსაჯულების პოლარიზებაზე უარით.

არჩევანი ახლა თბილისზეა. ქვეყნის მომავლის ბედი ბეწვზე ჰკიდია". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ