"53 წლის ასაკში "მიშამ" სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი საქართველოში ჩასვლა როკამბოლის სტილით მოხდა" - რას წერს ფრანგული მედია - კვირის პალიტრა

"53 წლის ასაკში "მიშამ" სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი საქართველოში ჩასვლა როკამბოლის სტილით მოხდა" - რას წერს ფრანგული მედია

"53 წლის ასაკში "მიშამ" სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი საქართველოში ჩასვლა როკამბოლის სტილით მოხდა" - რას წერს ფრანგული მედია

"საფრანგეთის რადიოს" (Radio France) პროგრამა France culture-ს ეთერში გადაიცა აუდიოსიუჟეტი საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტური ვერსია ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით - "მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დაბრუნება" (ავტორი - ბრუნო კადენი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ცხოვრების ყველა ავ-კარგი გამოსცადა - აღზევება და ტრიუმფი 2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, დაცემა და მარცხი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რასაც 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, მისი ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვა. 2021 წლის პირველ ოქტომბერს კი, როცა მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა, იგი დაიჭირეს და საპყრობილეში ჩასვეს.

კონტრასტები ექსპრეზიდენტის ცხოვრებაში ბევრია: 2003 წლის ბოლო - თბილისის ცენტრში მიხეილ სააკაშვილს, ვარდების რევოლუციის ლიდერს, მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები გარს ეხვევიან. ეს ახალგაზრდა, 36 წლის იურისტი ბრწყინვალედ ლაპარაკობს უცხო ენებზე და ყველა ქვეყნის ჟურნალისტს მისი ხალხის ენაზე ესაუბრება.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალგაზრდა კაცი გენიალურია. იგი უამრავ ენას ფლობს: ქართულს, ოსურს, აფხაზურს, რუსულს, უკრაინულს (მან იურისდიული განათლება კიევში მიიღო), ინგლისურს (მუშაობდა იურისტად ნიუ-იორკში), ფრანგულს (როცა იგი პრეზიდენტი იყო, акфтпш Огктфдшыеш რაფაელ გლუკსმანი მის თანამშრომლად მუშაობდა), ჰოლანდიურს (მისი ცოლი ჰოლანდიელია). მიხეილ სააკაშვილი თბილისელი ინტელიგენტური ოჯახიდანაა, მამამისი მედიცინის პროფესორია, დედამისი კი - ისტორიკოსი. იგი "ვარდების რევოლუციის" დროს პარლამენტში ვარდით ხელში შევიდა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა ექსმინისტრს, გადადგომა მოსთხოვა.

ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა (იმავე "მიშამ"), რომელიც აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა, იოსებ სტალინის სამშობლოში საბჭოური სიმბოლოები აკრძალა და ქართული სახელმწიფოს ახალი დროშა შექმნა, რომელიც ისტორიული, ჯვაროსნების ეპოქის დროინდელის მსგავსია.

ათი წლის განმავლობაში იგი ქვეყნის მოდერნიზაციით იყო დაკავებული - ხშირად რეფორმის გატარება პროტესტების მკაცრი ჩახშობის გზით ხორციელდებოდა. იგი, ასევე, ცდილობდა ქვეყნის საზღვრებისა [და ტერიტორიული მთლიანობის] აღდგენას "სამხრეთ ოსეთში" მომხდარი ომის ფასად. ამ ყველაფერმა მის მმართველობაზე დამღუპველად იმოქმედა და მისი სამშობლოდან ხანგრძლივი გაქცევა გამოიწვია. "ქართული ოცნების" მთავრობამ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

მაგრამ 53 წლის ასაკში "მიშამ" სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი საქართველოში ჩასვლა როკამბოლის (ფრანგული ავანტიურისტული რომანის პერსონაჟის) სტილით მოხდა - თანაც, ქართველის კი არა, უკრაინელის - უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსით. პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი ბათუმში გამოჩნდა - თარიღი შემთხვევითი არ იყო - მეორე დღეს ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდა. მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ მისი ერთი გამოჩენა საკმარისი იქნებოდა მოსახლეობის ასაზვირთებლად, "ქართული ოცნების" მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილო ამომრჩევლების მობილიზებისათვის, მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა (...)

მიშა ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მისი გავლენა საკმარისია ვარდების ახალი რევოლუციის მოსახდენად. მას მართლაც ჰყავს მხარდამჭერები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ - აშშ-ისა და უკრაინის მთავრობების სახით. ვაშინგტონმა თბილისს მოუწოდა, რომ პატიმარს კანონიერად და საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების შესაბამისად მოეპყარითო, კიევმა კი მისი გათავისუფლება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მტკიცედ აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა სასჯელი უნდა მოიხადოს: "მთელ დედამიწაზე ვერავინ ვერ დაგვარწმუნებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში. იგი უკრაინაში დაბრუნებას მხოლოდ სასჯელის მოხდის შემდეგ შეძლებს".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის უკან მოსკოვი იყურება - მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება თბილისი-მოსკოვის [ეკონომიკური] კავშირების გაწყვეტას მოასწავებს. ეს კარგად იცის ვლადიმერ პუტინმაც: მას შეუძლია დიალოგი აწარმოოს ბიძინა ივანიშვილის პროევროპულ პარტიასთან, მაგრამ ვერ მიაღწევს კომპრომისს ექსპრეზიდენტთან და მის პარტიასთან, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთში", რუსეთის ჩარევით, მარცხი განიცადეს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ