სასამართლომ ალექსეი ნავალნის ექიმს თავისუფლება შეუზღუდა - კვირის პალიტრა

სასამართლომ ალექსეი ნავალნის ექიმს თავისუფლება შეუზღუდა

რუსეთის სასამართლომ კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მკურნალ და მხარდამჭერ ექიმს, ანასტასია ვასილევას ერთწლიანი შეზღუდვები დაუწესა.

მედიის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვასილევამ, რომელიც, "ექიმთა ალიანსის" პროფკავშირის ხელმძღვანელია, კოვიდ 19-ის რეგულაციები დაარღვია, როდესაც მან მიმდინარე წლის დასაწყისში მოქალაქეებს მოუწოდა, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა.

სასამართლომ ვასილევას მოსკოვის დატოვება, ღამის საათებში სახლიდან გასვლა და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება აუკრძალა.

ანასტასია ვასილევა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ვასილიევამ ნავალნის მკურნალობა 2017 წელს ჩაუტარა, როდესაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კრემლის მომხრეების მხრიდან თავდასხმის შედეგად თვალის ქიმიური დამწვრობა მიიღო. ამასთან, ექიმმა ნავალნის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა, როცა ის მიმდინარე წლის დასაწყისში დააკავეს. მარტში რუსეთის ხელისუფლებამ ვასილიევას "ექიმთა ალიანსი" "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოაცხადა.