"პოლიციელები ვერასდროს დამაკავებენ, რადგან..." - ვინ აღმოჩნდა ამერიკელი სერიული მკვლელი, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდნენ - კვირის პალიტრა

"პოლიციელები ვერასდროს დამაკავებენ, რადგან..." - ვინ აღმოჩნდა ამერიკელი სერიული მკვლელი, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდნენ

აშშ-ის სამართალდამცავმა უწყებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ამცნო, რომ მათ სერიული მკვლელი, ფსევდონიმით - "ზოდიაკი" დააკავეს. ეს დამნაშავე ამერიკაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მის შესახებ ფილმიც კი გადაიღეს. ყოველ წელს პოლიცია მოქალაქეებისგან უამრავ შეტყობინებას იღებს, რომ ამჯერად ნამდვილად იციან, თუ ვინ არის "ზოდიაკი".

1960-იანი წლების დასასრულს, როცა ამერიკაში ახალგაზრდა თაობა მეამბოხე ცხოვრების სტილს ირჩევდა, კალიფორნიაში ორი სერიული მკვლელი გამოჩნდა. მათ შესახებ წლების განმავლობაში უამრავს წერდნენ. ერთ-ერთი სერიული მკვლელი საზოგადოებისთვის ცნობილი ჩარლზ მენსონი იყო. სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს, თუმცა მეორე სერიული მკვლელის, "ზოდიაკის" დაკავება ვერ შეძლეს.

"ზოდიაკი", სხვა სერიული მკვლელებისგან განსხვავებით, ძალიან გაბედული იყო და პრესასა და პოლიციას თავად უკავშირდებოდა. მუდამ ცდილობდა, მისი პერსონა საზოგადოებისთვის საშიში და თან საინტერესო ყოფილიყო.

"პოლიციელები ვერასდროს დამაკავებენ, რადგან მათთვის ძალიან ჭკვიანი ვარ", - ამბობს სერიული მკვლელი.

"ზოდიაკის" მრავალი სახე

"ზოდიაკის" ჩადენილი მკვლელობები უამრავმა ადამიანმა მიიწერა. დამნაშავეები პოლიციასთან აცხადებდნენ, რომ სერიული მკვლელი "ზოდიაკი" თავად იყვნენ.

2009 წელს History Channel-ის სატელევიზიო გადაცემა MysteryQuest-ის ერთ-ერთ ეპიზოდში განაცხადეს, რომ "ზოდიაკი" სან-ფრანცისკოს გაზეთის - Good Times-ის რედაქტორი რიჩარდ გაიკოვსკი იყო. ამბობდნენ, რომ გაიკოვსკის ვიზუალი ძალიან ჰგავდა "ზოდიაკის" ვიზუალს და რედაქტორის ხმა იმ პოლიციელმა ამოიცნო, რომელიც მეორე თავდასხმისას "ზოდიაკს" ესაუბრა. კადრი ფილმიდან

2001 წელს კი ლუი ჯოზეფ მაიერსი მეგობარს გამოუტყდა, რომ მკვლელობები მან ჩაიდინა და სერიული მკვლელი "ზოდიაკი" თავად იყო. მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, კვდებოდა და გადაწყვიტა მეგობრისთვის საიდუმლო გაემხილა. როგორც აღმოჩნდა, მის ბიოგრაფიაში სერიული მკვლელის ისტორიასთან ძალიან ბევრი დამთხვევაა. ასეთი აღიარება ძალიან ბევრი არსებობს, თუმცა რეალური ხელჩასაჭიდი სამართალდამცავებს არ ჰქონიათ.

მკვლელობების სერია

1968 წლის 20 დეკემბერს უცნობმა პირმა შეყვარებული წყვილი დევიდ ფარადეი და ბეტი ლუ ჯენსენი მანქანაში საღამოს ჩაცხრილა. სამართალდამცავებმა ვერც სამხილი ნახეს და ვერც მოწმე.

1969 წლის 4 ივლისის ღამეს კიდევ ერთ წყვილი - მაიკლ მაჯო და დარლინ ფერინი ჩაცხრილეს. შემთხვევიდან 40 წუთში პოლიციის განყოფილებაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ მკვლელი თავად იყო და წინა წელს სწორედ მან მოკლა ფარადეი და ჯენსენი. პოლიციელმა ქალმა საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უცნობი პირი თითქოს ფურცელზე დაწერილ ტექსტს კითხულობდა. პოლიციამ დაადგინა, რომ უცნობი ფერინის სახლთან ახლოს მდებარე ტელეფონიდან რეკავდა. მძიმე ჭრილობის მიუხედავად, მაიკლ მაჯო სასწაულებრივად გადარჩა.

1969 წლის 31 ივლისს კალიფორნიის სამმა გამოცემამ წერილი მიიღო. წერილის ავტორი ამტკიცებდა, რომ მან ჩაცხრილა ის ორი წყვილი. სამივე წერილი დაშიფრულ ტექსტს შეიცავდა. ბეტი ლუ ჯენსენი და დევიდ ფარადეი

1969 წლის 7 აგვისტოს გამოცემა San Francisco Examiner-მა კიდევ ერთი წერილი მიიღო და სწორედ აქედან დაიწყო "ზოდიაკის" ისტორიაც. ეს წერილი იყო პოლიციის ხელმძღვანელის მოთხოვნებზე პასუხი. ანონიმურმა პირმა წერილში მკვლელობის ის დეტალები დაწერა, რომელიც მხოლოდ პოლიციისთვის იყო ცნობილი. წერილის მისვლიდან მომდევნო დღეს მასწავლებელმა დონალდ გარდენმა და მისმა მეუღლემ დაშიფრული ტექსტის წაკითხვა შეძლეს, სადაც სერიული მკვლელი წერდა, რომ მკვლელობა მისთვის გართობის საშუალება იყო.

1969 წლის 29 სექტემბერს "ზოდიაკმა" დანაშაულის ადგილზე შოუ მოაწყო, მან მორიგი წყვილი დაჭრა. თავად კი შავ სამოსში იყო გამოწყობილი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან შერიფთან დარეკა და მკვლელობის შესახებ განაცხადა. პოლიციამ შეძლო ტელეფონის ავტომატიდან თითის ანაბეჭდების აღება, თუმცა მკვლელი მაინც ვერ იპოვეს.

შემდეგ უცნობმა პირმა ტაქსის მძღოლი მოკლა, მოიპარა საფულე და პერანგს სისხლიანი ნაწილი მოაჭრა. ფიქრობდნენ, რომ ეს მკვლელობა სხვამ ჩაიდინა, თუმცა შემდეგ რედაქციაში ანონიმური წერილი მივიდა. წერილში მკვლელი წერდა, რომ ტაქსისტი მოკლა და მტკიცებულების სახით მისი სისხლიანი პერანგი გაგზავნა. გამოცემაში გარკვეული პერიოდის შემდეგ კიდევ მივიდა წერილი, სადაც სერიული მკვლელი ამბობდა, რომ 37 მკვლელობა ჩაიდინა.

გამოძიებისა და უამრავი პირის დაკავების შემდეგ პოლიციელები თვლიდნენ, რომ "ზოდიაკი" არტურ ლი ალენი იყო. ის არასრულწლოვნებზე ძალადობის გამო რამდენჯერმე დააკავეს და, რაც ასევე მნშვნელოვანია, ფარადეისა და ჯენსენის მკვლელობის ადგილთან ახლოს ცხოვრობდა.

პოლიციამ ალენის სახლში სამალავი და "ზოდიაკის" ფირმის საათიც აღმოაჩინა. სიკვდილს გადარჩენილმა მაიკლ მაჯომ კი თავდამსხმელი ამოიცნო და განაცხადა, რომ ის ალენი იყო. ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ ალენს, როგორც "ზოდიაკს" ისე გაასამართლებდნენ, თუმცა ის 1992 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დნმ-ის ანალიზი გააკეთა და დაადგინა, რომ ალენის დნმ არცერთ კვალს არ ემთხვეოდა, რომელიც აქამდე პოლიციამ აღმოაჩინა.

ვინ არის "ზოდიაკი"?

"ზოდიაკის" საქმე პოლიციელთათვის XX-ე საუკუნის ყველაზე ამოუცნობ საქმედ აღიარეს. სამართალდამცავები გამოძიების შესახებ ბევრ ინფორმაციას დღესაც არ ასაჯაროვებენ, თუმცა 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში საზოგადოების წინაშე წარდგა გამომძიებლების ჯგუფი The Case Breakers. ჯგუფი ძველი აგენტების, ჟურნალისტების, სამხედროებისა და პოლიციელებისგან შეიქმნა. ისინი იმ საქმეებს იძიებენ, რომელიც საიდუმლოებითაა მოცული, მათ შორის - ჯიმი ჰოფას გაუჩინარების საქმეს.

ისინი ამტკიცებენ, რომ ამდენი წლის შემდეგ, საბოლოოდ დაადგინეს "ზოდიაკის" ვინაობა და ის გერი ფრენსის პოსტია, რომელიც 2018 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. გერი ფრენსის პოსტი

გამომძიებლთა მთავარი მტკიცებულება საქმის მოწმეების დახმარებით შედგენილი ფოტორობოტისა და გარდაცვლილის ფოტოს მსგავსებაა. მათი მტკიცებით, პოსტის არქივში აღმოაჩინეს ფოტო, რომელიც ძალიან ჰგავს მოწმეთა აღწერილ ადამიანს. გარდა ამისა, გამომძიებლებმა დაადგინეს კავშირი ქალაქ რივერსაიდში 1966 წლის 30 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობასა და გერი პოსტს შორის. იმ პერიოდში 18 წლის გოგონა ჩერი ჯო ბეიტსი უცნობმა მამაკაცმა მოკლა, 29 ნოემბერს კი გამოცემა Riverside Press-Enterprise-მა ანონიმური წერილი მიიღო, რომლის ავტორიც აღიარებდა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა და "ეს მკვლელობა არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი".

სამართალდამცავთა ცნობით, გერი პოსტი იმ დროისთვის რივერსაიდის კოლეჯიდან, იმ ადგილიდან, სადაც გოგონა მოკლეს, 15 წუთის სავალ გზაზე ცხოვრობდა. 1966 წელს სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილას საათი იპოვეს, რომელიც საღებავით იყო დასვრილი, ამ დროს კი გერი პოსტი მღებავად მუშაობდა. ბეიტსის მკვლელობის ადგილზე პოლიციამ სამხედრო ფეხსაცმლის კვალი იპოვა, პოსტი კი სამხედრო საჰაერო ძალების ვეტერანი იყო. ასეთ კვალს ნახულობდნენ სხვა ადგილებზეც, სადაც მკვლელობა "ზოდიაკმა" ჩაიდინა.

The Case Breakers-ის ჯგუფის წევრები ამტკიცებენ, რომ დაშიფრული ტექსტი, რომელსაც "ზოდიაკი" ამდენი წლის განმავლობაში ავრცელებდა, ნათელი ხდება, თუ მასში გერი ფრენსის პოსტის სრულ სახელს ჩავსვამთ.

ჟურნალისტები ქალს დაუკავშრდნენ, რომელიც პოსტის ოჯახის გვერდით 1970-80-იან წლებში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, გვენს, რომელიც ჟურნალისტებს ესაუბრა, ხშირად ტოვებდნენ პოსტთან და მის მეუღლესთან. ქალი იხსენებს, რომ გერი პოსტი ძალიან მკაცრი ქმარი იყო, მას კი იარაღის სროლას ასწავლიდა.

"ის ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. ბავშვობისას ამას ვერ ვხვდებოდი, ფაქტებს ვერ ვაკავშირებდი, თუმცა რომ გავიზარდე, დავრწმუნდი, რომ გერი "ზოდიაკია", - ამბობს გერი პოსტის მეზობელი.

ყოფილი სამხედრო მფრინავის - ჰანს სმიტის განცხადებით, ის 10 წლის განმავლობაში მალავდა ინფორმატორს, რომელიც ადრე გერი პოსტის დაჯგუფების წევრი იყო. მისი ცნობით, ეს დაჯგუფება კალიფორნიის ტერიტორიაზე საქმიანობდა. დაჯგუფება "სიკვდილის მანქანას ჰგავდა", - ამბობს სამხედრო მფრინავი.

მოგვიანებით კი ქალი, რომელიც ჟურნალისტებს მიშელის სახელით გაეცნო და პოსტის შვილთან სამოქალაქო ქორწინებაშია, ამტკიცებს, რომ გერი პოსტი მის სამკაციან დაჯგუფებასთან ერთად უთვალთვალებდა. ქალმა უარი განაცხადა გვარის დასახელებაზე, რადგან ფიქრობს, რომ პოსტს მიმდევრები ჯერ კიდევ ჰყავს და ისინი აუცილებლად მოკლავენ.

სამართალდამცავები ამ დრომდე იკავებენ თავს კომენტარისგან, რადგან ფიქრობენ, რომ "ზოდიაკის" პიროვნების დადგენა აქამდეც ბევრჯერ სცადეს და საქმე ჯერ კიდევ არ დახურულა.