"ნატოსთან "გაყრის" შემდეგ პუტინი დაძაბულობის გრადუსს სწევს" - რას წერს გერმანული მედია რუსეთის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

"ნატოსთან "გაყრის" შემდეგ პუტინი დაძაბულობის გრადუსს სწევს" - რას წერს გერმანული მედია რუსეთის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე

გერმანული რადიოს "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ნატოსთან "გაყრის" შემდეგ პუტინი დაძაბულობის გრადუსს სწევს", რომელშიც კომენტირებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ მოსკოვში ნატოს მისიისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

"როცა ერთი ქვეყანა მეორესთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს, ვთქვათ, სამხედრო კონფლიქტის გამო, ასეთ შემთხვევებში ის მესამე სახელმწიფოს თხოვს თავისი ინტერესების დაცვას. მაგალითად, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ საქართველოს ინტერესებს რუსეთში შვეიცარია იცავს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ქართველი და რუსი დიპლომატები თავიანთ ოფისებში მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ ოფისის აბრაზე "საელჩო" კი არ აწერია, არამედ "საქართველოს (რუსეთის) ინტერესების სექცია შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან". შენობაზე კი შვეიცარიის დროშა ფრიალებს.

"ცივი ომის" ახალი ეტაპი?

ის, რაც ბრიუსელში ნატოსთან არსებულ რუსეთის მისიას მოუვიდა, უარესია. მისი საქმიანობა "გაყინულია, თანამშრომლები რუსეთში ბრუნდებიან. თავის მხრივ, კრემლმაც სამაგიერო ნაბიჯი გადადგა, თანაც სერგეი ლავროვმა დამცინავი ტონით განუცხადა ალიანსის ხელმძღვანელობას - "თუ რაიმე სასწრაფო საქმე გექნებათ, ბელგიაში ჩვენს საელჩოს მიმართეთო". არადა, "ექსტრენული საქმეები" შეიძლება მართლაც ბევრი გაჩნდეს - ავღანეთთან, აზია-წყნარ ოკეანესთან, გლობალური მიგრაციის გამოწვევებთან დაკავშირებით.

გამოდის, რომ მოსკოვსა და ბრიუსელს (ნატოს ოფისს) შორის არანაირი პირდაპირი კონტაქტები აღარ იარსებებს, თუ არ ჩავთვლით მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყების ზღურბლს. 1997 წელს ხელმოწერილი ნატო-რუსეთის ფუძემდებლური აქტი ფორმალურად არსებობას აგრძელებს, მაგრამ 2014 წლიდან, რუსულ-უკრაინული კონფლიქტის დაწყების გამო, ისიც "ღრმად არის გაყინული" - ახლა უკვე ოფიციალურად...

ვლადიმერ პუტინისათვის ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტა ლოგიკურ ნაბიჯს წარმოადგენს. საქმე მხოლოდ ის კი არაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ სურს, თავი სუსტად წარმოაჩინოს, 2020 წელს მისი მმართველობის ვადების "განულებამ" პუტინი, პრაქტიკულად, ქვეყნის სამუდამო მმართველად გადააქცია. შესაბამისად, მას დასავლეთთან დაპირისპირების ფართო არეალი მიეცა, იგი "ცივი ომი-2"-ის ახალ ეტაპზე გადადის. ვლადიმერ პუტინი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიანობის დარღვევაში ხედავს როგორც საკუთარ სამომავლო ისტორიულ მემკვიდრეობას, ასევე - თავისი რეჟიმის პოლიტიკურ დღეგრძელობას.

ნატოს მიერ ბრიუსელში რუსეთის მისიის დახურვა კრემლს იმის საბაბს აძლევს (თუნდაც ფორმალურს), რომ მეზობლებთან დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს - პოლონეთთან, ბალტიისპირა ქვეყნებთან, უპირველესად კი - უკრაინასთან. მომხდარი ფაქტი ვლადიმერ პუტინისთვის დასავლეთის ერთიანობაში განხეთქილების შეტანის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით - ნატოს ევროპელ მოკავშირეებს შორის. კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ კიევთან ანუ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მინი-კრიზისის შექმნა ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში უთანხმოების სტიმულირებას.

რა შეიძლება მოიმოქმედოს კრემლმა? ეს შეიძლება იყოს სამხედრო აქციები - იმის მსგავსი, რაც ქერჩის სრუტის გადაკეტვის დროს მოხდა ან, გარკვეული პირობების შექმნის დროს, უკრაინის ნავსადგურების ბლოკირება, ასევე - "ექსპერიმენტები" მოაწყოს ბელარუსიის ლიდერთან ერთად არალეგალური მიგრაციის საკითხებში ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებთან (რაც უკვე "მოსინჯა" ალექსანდრე ლუკაშენკომ), შეიძლება მოსკოვმა Запад-2021-ის მსგავსი სამხედრო მანევრები მოაწყოს... და რაღაც კიდევ უფრო სარისკო და რადიკალური ნაბიჯი გადადგას. ამის შემდეგ კი კრემლი იტყვის: "ჩვენი ხალხი ხომ გამოაძევეთ? - გამოაძევეთ. ამით იძულებული გაგვხადეთ, საპასუხო ნაბიჯი გადაგვედგა - თავმოყვარეობა ჩვენც გვაქვს და საკუთარ თავს პატივს ვცემთ. ახლა კი რასაც გავაკეთებთ, თქვენს თავს დააბრალეთ".

პუტინის გაზის იარაღი

კრემლში დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი პოლიტიკა ერთმანეთთან დააპირისპირებს ნატოს "კარგ" წევრებს (ფრანგებს, გერმანელებს, იტალიელებს და ბელგიელებს) ალიანსის "ცუდ" წევრებთან (პოლონელებთან, ჩეხებთან, ლიეტუველებთან, ლატვიელებთან და რუმინელებთან). სხვათა შორის, ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულად მუშაობს რუსეთის საელჩო ბელგიის სამეფოში - სწორედ ის, რომელზეც სერგეი ლავროვმა ნატოელებს უთხრა - თუ ძალიან გაგიჭირდებათ და დაგჭირდებით, ბრიუსელში ჩვენს საელჩოს მიმართეთო.

ორიოდე კვირის წინ რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ტოკოვიკინმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან ინტერვიუში სწორედ ასე გააკეთა (ნატოში უთანხმოების ჩამოსაგდებად) - ბელგია შეაქო, რომ ის რუსეთთან პრობლემებს არ პროვოცირებს. "ბელგია გონიერი ქვეყანაა", - რეზიუმე გააკეთა ელჩმა და შემდეგ საუბარი ევროპაში "გაზპრომის" სასარგებლო საქმიანობაზე გააგრძელა.

ეს ძალიან სიმპტომატურია. ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ წარმატებებს - ჟენევაში ჯო ბაიდენთან სამიტს, გერმანიაში სოციალ-დემოკრატების გამარჯვებას (ისინი ხომ ყოველთვის რუსეთთან დიალოგისკენ იხრებიან!), მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის - ვიქტორია ნულანდის ვიზიტს ახლა გაზის კრიზისიც დაემატა, რომელშიც კრემლი ოსტატურად თამაშობს თავის სასარგებლოდ. ამ კრიზისით რუსეთისათვის საუკეთესო პერიოდი დგება "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის რეკლამირებისათვის - ისეთი პერიოდი, რაზედაც ადრე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო ("გაზი გინდათ? - აგერ, გვაქვს თქვენს საძულველ მილსადენში..."). მოსკოვის მთავარი იარაღი - ნახშირწყალბადები არათუ არ ჟანგდება, არამედ - სულ უფრო ეფექტიანი ხდება. ნატოსთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ კრემლი ამ იარაღს სულ უფრო აქტიურად გამოიყენებს. და - არა მარტო მას. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ