"რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ თავდაცვა გავაძლიერეთ" - კვირის პალიტრა

"რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ თავდაცვა გავაძლიერეთ"

"რუსეთის გადაწყვეტილება ბრიუსელსა და მოსკოვში დიპლომატიური მისიების მუშაობის შეჩერების შესახებ დასანანია, მაგრამ ალიანსი ღიაა დიალოგისთვის, მათ შორის რუსეთ-ნატოს საბჭოს მეშვეობით", - სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ შეაჩეროს ნატო -ში დიპლომატიური მისიის და მოსკოვში ნატო-ს სამხედრო სამეკავშირეო მისიის მუშაობა და დახუროს მოსკოვში ნატო-ს საინფორმაციო მისია. ვწუხვართ ამ ნაბიჯების გამო. ნატო რუსეთის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს. ჩვენ გავაძლიერეთ შეკავება და თავდაცვა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ამავე დროს ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით", - აღნიშნა ოანა ლუნგესკუმ.

მისი თქმით, ნატო-მ მოსკოვს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარება 18 თვეზე მეტი ხნის წინ შეთავაზა და ეს წინადადება ძალაში რჩება.

"ბურთი რუსეთის მოედანზეა,"- აღნიშნა ნატო-ს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნოემბრიდან ნატო-ში საკუთარი მისიის მუშაობას აჩერებს.